ინგლისი. ლიგის თასი. ფინალის წინ: "უემბლიზე" 5 წლის შემდეგ

AutoSharing Option
ინგლისის ლიგის თასის ფინალის წინ, ბუნებრივია, არავინ კამათობს, თუ ვინ არის მომავალი დაპირისპირების უმთავრესი ფავორიტი. ეს “კარდიფ სიტის” დამრიგებელ მალკი მაკაისაც ესმის, თუმცა 40 წლის სპეციალისტი მაინც საბრძოლველად არის განწყობილი.

მან ხუთშაბათ საღამოს “ლივერპულის” საკლუბო არხს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა:

“ლივერპული” ჩემთვის ბევრს ნიშნავს. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს კენი დალგლიშის მიმართ, ვისაც მისი ვაჟის პოლის წყალობით ვიცნობ. მე და პოლი ერთად ჯერ “სელტიკში” ვთამაშობდით, შემდეგ “ნორვიჩში”. მაშინ, როცა კარიერას ვიწყებდი, დალგლიში ჩემი კერპი იყო როგორც ფეხბურთელი.

ნამდვილად არ მრცხვენია ამის თქმის.
ვფიქრობ, ჩემი ასაკის ხალხს ბევრს აქვს მსგავსი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. 40 წლის ვარ, შესაბამისად, კენის გამოსვლები “სელტიკში” ცუდად მახსოვს, სამაგიეროდ თვალწინ მიდგას თამაშები “ლივერპულსა” და შოტლანდიის ნაკრებში. დალგლიშის “ლივერპული” ხომ იმ პერიოდში ყველაზე წარმატებული ბრიტანული გუნდი იყო.

“კრისტალ პალასთან” 1/2-ფინალის მოგების შემდეგ დალგლიშმა sms გამომიგზავნა, მომილოცა “უემბლის” საგზურის მოპოვება და მითხრა, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში სიამოვნებით დამიპირისპირდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრის დაწყებამდე მასთან გულწრფელად დასალაპარაკებლად დროს აუცილებლად გამოვნახავ. ბოლოს კი იმას ვიტყვი, რომ ჩემთვის და “კარდიფის” 35 ათასი გულშემატკივრისთვის ეს ძალიან დიდი დღე იქნება”.

ფინალურ შეხვედრამდე ინგლისელმა ჟურნალისტებმა “მეფე კენის” შეწუხება გაბედეს და ინტერვიუ სთხოვეს:

“ამ ტიტულის მოგება ჩვენი კლუბისთვის უზარმაზარი მიღწევა იქნება და რაც მთავარია, თუკი ეს მოვახერხეთ, გვექნება შანსი, მიმდინარე სეზონს წარმატებული დავარქვათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ლიგის თასის ფინალის გარდა, ჩვენ ასოციაციის თასის 1/4-ფინალშიც ვართ გასულები, სადაც “სტოკ სიტის” “ენფილდზე” უნდა ვუმასპინძლოთ. ამ მატჩების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს მოდუნების უფლება.

ბუნებრივია, ყოველთვის არსებობს შანსი, რათა უფრო უკეთესად ვითამაშოთ და საქმე გამოვასწოროთ. ჩემი ოპონენტის მალკი მაკაის მიერ “კარდიფში” ჩატარებული სამუშაოთი აღფრთოვანებული ვარ. “უემბლიზე” გუნდის გაყვანა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ჩინებული შედეგია. ლაპარაკი აღარ არის ჩემპიონშიპის მონაწილეზე. თუკი “კარდიფი” პრემიერლიგაში აღზევებასაც მოახერხებს, მალკისთვის ეს უფრო დიდი მიღწევა იქნება”.

ახლა კი ფინალის მონაწილე გუნდებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა:

ლივერპული: კენი დალგლიში შეიძლება მესამე მწვრთნელი აღმოჩნდეს ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც სამივე ნაციონალური ტიტული (ჩემპიონატი, ასოციაციის თასი და ლიგის თასი) ექნება მოგებული.

ჟურნალისტები დარწმუნებით წერენ, რომ “მეფე კენი” ძირითადში ანდობს ადგილს ლუის სუარესს. მისი პარტნიორი კი თავდასხმაში კრეიგ ბელამი და ენდი კეროლი იქნებიან. სასტარტოში დირკ კუიტის გამოჩენას ყველა წყარო გამორიცხავს.

კეროლმა “ბრაიტონთან” ასოციაციის თასის შეხვედრაში ბრწყინვალედ ითამაშა. მის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემა იყო. გუნდს ხერხემლის პრობლემების გამო აკლდა ბელამი. 32 წლის უელსელი მზადაა ყოფილ კლუბთან დასაპირისპირებლად.

“ბრაიტონთან” დაისვენა დანიელ აგერმა. ძირითადში მის ნაცვლად ჯეიმი კარაგერი დადგა. “ლივერპულის” 34 წლის ლეგენდა ფინალში ადგილს ისევ ახალგაზრდა თანაგუნდელს დაუთმობს.

დალგლიშის გუნდს ერთადერთი ტრავმირებული ჰყავს, ეს ლუკას ლეივაა. ასე რომ, შოტლანდიელს შეუძლია გუნდი მეოდანზე ოპტიმალური შემადგენლობით გაიყვანოს.
კარდიფი: მალკი მაკაის ექიმები ჯერჯერობით ვერ აძლევენ გარანტიას, რომ ის მარკ ჰადსონისა და სტივენ მაკფაილის გამოყენებას შეძლებს. პირველს ბარძაყის პრობლემები აქვს, მეორემ კი ბოლო 4 მატჩი ვირუსული ინფექციის გამო გამოტოვა. ისინი მატჩამდე ფიტნესტესტებს ჩააბარებენ და თუკი მათი მომზადების დონეზე დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება, ფეხბურთელებს თამაშის შანსი მიეცემათ.

სასიხარულოა, რომ “კრისტალ პალასთან” ნახევარფინალური მატჩის გმირი ტომ ჰიტონი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს და 26 თებერვალს ძირითად შემადგენლობაში იქნება.

“ნიუკასლიდან” იჯარით გადაყვანილი ნახევარმცველი ჰარის ვუკიჩი ვერ ითამაშებს, რადგან “კაჭკაჭების” რიგებში ამავე ტურნირზე უკვე ნათამაშები აქვს.

ინგლისი. ლიგის თასი. ფინალი
ლივერპული-კარდიფ სიტი
სავარაუდო შემადგენლობები:
კარდიფი: ჰიტონი, მაკნაუტონი, ჰადსონი, ტერნერი, ტეილორი, უიტინგჰემი, გუნარსონი, კოუი, კონუეი, მეისონი, მილერი
ლივერპული: რეინა, ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ენრიკე, ადამი, ჯერარდი, ჰენდერსონი, ბელამი, სუარესი, კეროლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული