ფრენკ ლემპარდი მწვრთნელის წინააღმდეგ

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველი ფრანკ ლემპარდი ადასტურებს, რომ მასა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ანდრე ვილაშ ბოაშს შორის იდეალური ურთიერთობები არ არის, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ეს გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე არ უნდა აისახოს.

"ვიცი, რომ ჩემსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა იდეალური სულაც არ მოგეჩვენებათ და ეს მართალიც არის. დიახ, ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობაა და ეს ბუნებრივი მგონია, რადგან არავის უყვარს სათადარიგოთა შორის დარჩენა. ამჟამად გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შევძლოთ.

ამის ფონზე მწვრთნელისა და ფეხბურთელის დამოკიდებულება ერთმანეთის
მიმართ მეორეხარისხოვანია. ჩემპიონატის გარდა, რაც შეიძლება კარგად უნდა ვითამაშოთ ასოციაციის თასზე და ევროთასებზეც მაქსიმალურად შორს წავიდეთ.

"ჩელსიში" უკვე 11 წელია ვთამაშობ, 33 წლის ვარ და მგონია, რომ მოვლენებს რეალისტის თვალით ვუყურებ. მე არ ვამტკიცებ, რომ ყველა შეხვედრაში თავიდან ბოლომდე უნდა ვითამაშო, მაგრამ თუკი სკამზე დავრჩები, იქიდან გუნდის წარმატებებს მაინც უნდა ვუყურო," - უთხრა ფეხბურთელმა "სქაი სპორტს".

პრემიერლიგის 26-ე ტურში "ბოლტონთან" ფრენკის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა თავად ვილაშ ბოაში. პორტუგალიელი აუტსაიდერთან გამარჯვებით ლამის ეიფორიაში ჩავარდა: "ვფიქრობ, გუნდზე ბოლოდროინდელი წარუმატებლობები განსაკუთრებულად მოქმედებდნენ. ფეხბურთელებს დიდი სურვილი ჰქონდათ მოგების და ჩვენ ეს მოვახერხეთ.

ახლა მთავარია, წარმატება განვავრცოთ, ცხრილში ვითარება გამოვასწოროთ და ასოციაციის თასის შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. უახლოეს მატჩებში "ვესტ ბრომვიჩის", "ბირმინგემის", "სტოკ სიტისა" და "ნაპოლის" წინააღმდეგ სწორედ ასეთ სტილში ასპარეზობას ვისურვებდი. ამ მატჩის მოგება ჩვენი გულშემატკივრის თვალწინ უმნიშვნელოვანესი იყო. მათ დაიმსახურეს ეს სიხარული.

ლემპარდს თავისთავად უნდა ჰქონდეს პრეტენზია ძირითადში თამაშზე. მან დღეს ეს შანსი გამოიყენა და ძალიან ძლიერად ითამაშა. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ გოლი გაიტანა. ის მთელი თამაში გუნდისთვის მუშაობდა. ალბათ ყველას ესმის, რომ ჩვენთან დიდი კონკურენციაა. ნახევარდაცვაში 3 ადგილისთვის 6 ფეხბურთელი იბრძვის. ასეთ ვითარებაში კი გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის ძნელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული