დარენ ბენტი თამაშგარეში

AutoSharing Option
"ასტონ ვილასა" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა დარენ ბენტმა "უიგანთან" შეხვედრის 78-ე წუთზე კოჭის უმძიმესი ტრავმა მიიღო.

მას იმდენად ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რომ სამედიცინო შტაბმა მოედნიდან ის საკაცეთი გაიყვანა. ორშაბათს ფეხბურთელი ლონდონში გადაიყვანეს, სადაც გამოცდილ სპეციალისტებს აჩვენეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ 28 წლის ბენტს მინიმუმ 12 კვირის გამოტოვება მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ვარჯიშს მაისის ბოლოსღა შეუდგება.

სეზონის დარჩენილი ნაწილის გაცდენის გარდა, დიდი ალბათობაა, რომ ის ევრო 2012-ის მიღმაც დარჩება, რადგან ეჭვი გვეპარება, ამხელა პაუზის შემდეგ ფორმის აღდგენა თვალის დახამხამებაში მოასწროს.
ბენტს ერთადერთი რამის იმედი შეუძლია ჰქონდეს, რომ ექიმები პროგნოზში ცდებიან და ის იმაზე სწრაფად გამოჯანმრთელდება, ვიდრე მათ იწინასწარმეტყველეს. ბირმინგემელს კარიერაში დიდი ტურნირზე წასვლის შანსი პირველად ეძლეოდა, რადგან 2006 და 2010 წლებში ის ნაკრებში ვერ მოხვდა, ევრო 2008 კი ინგლისის ნაკრებმა თავად გამოტოვა.

საუკეთესო ჩეხი
"ჩელსის" 29 წლის მეკარე პეტერ ჩეხი 2011 წლის მონაცემებით ჩეხეთის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, - წერია ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე. აღნიშნული პატივი ფეხბურთელს კარიერაში უკვე მეხუთედ არგუნეს და აქედან მეოთხედ ზედიზედ. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა, და სპორტულმა ჟურნალისტებმა. ჩეხმა მთელი 300 ხმით აჯობა "ვოლფსბურგის" ნახევარმცველ პეტრ იირაჩეკსა და "არსენალის" შუახაზელ ტომაშ როსიცკის.

ჩეხეთის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა პლზენის "ვიქტორიის" თავკაცი პაველ ვრბა, ვისი ხელმძღვანელობითაც გუნდმა 2011 წელს პირველად ისტორიაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულის თავკაცმა მიხალ ბილეკმა გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაუყვანა, მან მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა.

სლოვენიის რჩეული
"ლივერპულის" მიერ ლიგის თასის მოგებიდან რამდენიმე საათი იყო გასული, როცა მერსისაიდელთა შორის ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარტინ შკრტელს არანაკლები სიხარულის საფუძველი მიეცა – 27 წლის ცენტრალური მცველი სლოვენიაში მესამედ დაასახელეს წლის საუკეთესო ფეხბურთელად. აქამდე მსგავსი აღიარება მას 2007 და 2008 წლებში ჰქონდა მოპოვებული. შკრტელმა ისეთ პრეტენდენტებს აჯობა, როგორებიც არიან მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი) და იურაი კუცკა (ჯენოა).

პოგბა ალბათ წავა
"მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტის მინო რაიოლას თქმით, მისი კლიენტის მომავალი "ოლდ ტრეფორდზე" მეტისმეტად საეჭვოა. ამიტომ, ზაფხულზე ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ფეხბურთელს ახალი კლუბი მოუნახოს.

თავის მხრივ "იუნაიტედის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ პოგბას შესანარჩუნებლად, თუმცა მაღალი ხელფასის გარდა პოლი სათამაშო პრაქტიკის გარანტიასაც ითხოვს. მსგავსი რამ კი, სერ ალექს ფერგიუსონს სამწვრთნელო კარიერაში ჯერ არავისთვის მიუცია და გამონაკლსიის დაშვებას ახლაც არ აპირებს. მეტიც, ეტყობა შოტლანდიელი თინეიჯერი ფეხბურთელის ამბიციებმა იმდენად გააღიზიანა, რომ მას გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლებას აღარ აძლევს.

ვენგერის პასუხი
ბოლო წარუმატებლობების გამო ("მილანი" 0:4; "სანდერლენდი" 0:2) "არსენალსა" და არსენ ვენგერს სერიოზული ზეწოლის ქვეშ უწევდათ ასპარეზობა. "ტოტენჰემთან" ფანტასტიკური მატჩის შემდეგ კი (5:2) ფრანგმა სპეციალისტმა საკლუბო არხს მისცა ინტერვიუ, სადაც შემდეგი რამ განაცხადა: "ძალიან საინტერესო იყო, თუ როგორ განვითარდა ჩვენთვის ამ მატჩის სცენარი.

0:2-ის შემდეგ 5:2-ის მოგება დიდებული იყო. კმაყოფილი დავრჩი ჩემი ფეხბურთელების თამაშის რიტმითა და ენთუზიაზმით, რომელთაც კიდევ ერთი წაგება ძალიან არ უნდოდათ.

რაკი ჩვენსას ყველაზე მეტად სწორედ მონდომებასა და თავდადებას აკრიტიკებდნენ, ყველაზე მეტად კმაყოფილი ჩემი გუნდით სწორედ ამიტომ ვარ. ფეხბურთელებმა კრიტიკოსებს იდეალური პასუხი გასცეს. იმის გათვალისწინებით, რაც სეზონის დასაწყისში ხდებოდა, ალბათ მშვენივრად ხედავთ, თუ რამხელა სხვაობაა მაშინდელ და ახლანდელ გუნდებს შორის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული