ახსენეს კონკრეტული გვარები ლუკას პოდოლსკი და მარიო გიოტცე, ვის შესაძენადაც თურმე ლონდონელებს 55 მილიონი აქვთ გამზადებული. რამდენად რეალურია ეს ყოველივე? პასუხის გასაცემად გთავაზობთ ინტერვიუს "არსენალის" ფინანსურ დირექტორ ივან გაზიდისთან, ვინც კლუბის ფინანსურ მდგომარეობას გაგვაცნობს.
- ივან, როგორ შეაფასებდით კლუბის ფინანსურ მდგომარეობას?
- უნდა ვაღიარო, რომ მთლიანად კლუბის, გულშემატკივრების, დირექტორატისა თუ მისი რიგითი თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია "არსენალის" შესახებ ამგვარი ინფორმაციის მოსმენა.
- რა თანხებზე მიუწვდება ხელი მთავარ მწვრთნელს?
- ჩვენი დადებითი ბალანსი 115 მილიონ ფუნტს შეადგენს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მთელ ამ თანხას ტრანსფერებში ვერ დავხარჯავთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ წლის განმავლობაში სხვა გაწერილი ხარჯებიც გვაქვს. ფულის ნაწილი მაგალითად მიღებული გვაქვს აბონემენტების ვადის წინასწარ გაგრძელების წყალობით.
ამას გარდა არსებობს სახელფასო ფონდი, ასევე სხვა მიმდინარე ხარჯები. ასე რომ, წლის ბოლოს ეს თანხა შემცირდება. აუცილებელია გარკვეული რეზერვის შექმნაც იმ შემთხვევისთვის, თუკი ჩვენი საქმეები ცუდად წავა. რა თანხებს გამოვუყოფთ მწვრთნელს, ამის თქმას არ ვაპირებთ. ეს გავლენას მოახდენს სხვა კლუბებთან მოლაპარაკების პროცესზე და ტრანსფერებს ისე ეფექტურად ვეღარ განვახორციელებთ, როგორც ამას ვგეგმავთ.
არის კონკრეტული ფული, რომელზეც ვენგერს ხელი მიუწვდება. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმდენის საშუალება, რაც სხვებს, მაგრამ ის საკმარისია მათთან უმაღლეს დონეზე კონკურენციისთვის.
- შეიცვლება თუ არა სიტუაცია, თუკი "არსენალი" ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდება?
- ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის უმთავრესად სპორტული კუთხით არის მნიშვნელოვანი. "არსენალს" ფანტასტიკური შედეგები აქვს ამ ტურნირში. იქ ზედიზედ 14-ჯერ მოვხვდით და აქედან 12-ჯერ ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ. ამასთან, ჩვენ არ შეგვიძლია კლუბის ფინანსური მოდელი ისეთ მოლოდინებზე ავაწყოთ, რომ მერე მის არსებობას საფრთხე შევუქმნათ. შემიძლია გულშემატკივარი დავარწმუნო, რომ ჩვენ შევძლებთ მყარად ფეხზე დოგმას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დავრჩებით.
- ლიგაში ვერმოხვედრა კლუბს საკადრო პოლიტიკას თუ გაურთულებს?
- ამ ტურნირში მოხვედრა რა თქმა უნდა პრიორიტეტული ამოცანაა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ კიდეც. საამისოდ ფეხბურთელები მონდომებულები არიან და სეზონის ბოლოს თქვენ ამაში თავად დარწმუნდებით. არა მგონია, არსებობდეს ბევრი კლუბი, რომელიც ლიგაში ჩვენზე ხშირად თამაშობს, ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენს სატრანსფერო პოლიტიკაზე ის გადამწყვეტ გავლენას ვერ იქონიებს. ლიგაში ჩვენი გამოსვლის ტრადიცია უზარმაზარი მოტივაციაა ფეხბურთელებისთვის აქ სათამაშოდ.
- გულშემატკივრებს მუდმივად აწუხებთ კითხვა, რატომ არ ხარჯავს "არსენალი" დიდ ფულს.
- როგორც უკვე გითხარით, ყველანაირ თანხას, რასაც ვშოულობთ კლუბშივე ვაბანდებთ. შარშან მაგალითად 75 მილიონი დავხარჯეთ ახალი ფეხბურთელების ყიდვასა და ფეხბურთელებთან კონტრაქტების განახლებაში. რაკი ფული ჩვენს კონკურენტებზე ნაკლები გვაქვს, ვალდებულნი ვართ, ვიყოთ ეფექტურები მისი ხარჯვისას. დარწმუნებული ვარ, რომ მათთან ღირსეული კონკურენციისთვის სახსრები ნამდვილად გვეყოფა. ფეხბურთი სწორედ ამ მიმართულებით მიდის. ისინი ვალდებულები ხდებიან უეფას მოდელზე გადავიდნენ და მხოლოდ საკუთარი სახსრებით განაგრძონ არსებობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"