ინგლისი. პრემიერლიგა. XXVII ტურის წინ: მებრძოლი კენი დალგლიში VS ამაყი არსენ ვენგერი

AutoSharing Option
პრემიერლიგის 27-ე ტურში ორი ცენტრალური თამაშია დანიშნული. სატურნირო ინტრიგის თვალსაზრისით, ბუნებრივია, "უაით ჰარტ ლეინზე" 4 მარტს გასამართი დაპირისპირება აღემატება 3 მარტის ენფილდურს, მაგრამ ალბათ ძნელად წარმოსადგენია, რომ "ლივერპული"-"არსენალის" მატჩს ვინმემ ინტრიგა დაუწუნოს.

"ლივერპულის" ოფიციალურმა ვებგვერდმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ გუნდის მთავარი მწვრთნელის კენი დალგლიშის პრესკონფერენცია გააშუქა, რომელიც "მელვუდის" ბაზაზე გაიმართა:

"ჩვენ ვაგრძელებთ ურთულეს გზას და ვეცდებით, ყოველი ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. მხოლოდ ბოლოს ვნახავთ, რა გამოვა ამ ბრძოლისგან. ნამდვილად არ მაინტერესებს, თუ რამდენი ქულა აქვს ჩვენს მეტოქეს. ვიცი მხოლოდ ის, რომ შაბათს
"არსენალთან" დაპირისპირება გვაქვს. სულ ეს არის, რაზეც ამ ეტაპზე უნდა ვიფიქროთ.

ლონდონელებთან შეხვედრა ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად "არსენალისთვის". მათ "ტოტენჰემთან" ბრწყინვალედ ითამაშეს და საკმაოდ მცირე დროში 5 გოლის გატანა მოახერხეს. თამაშის მთელი სიმძიმე გვესმის და ვეცდებით, ძლიერ მეტოქეს ღირსეულად დავუხვდეთ.

ყურადღებას არ ვაქცევ მთელ ამ ლაპარაკს საჩემპიონთალიგო ოთხეულზე. ჩემი ერთადერთი მიზანია "ლივერპულის" თამაშში პროგრესი ვიგრძნო. სწორედ ეს მაღელვებს ყველაზე მეტად.

შაბათის შეხვედრისთვის მაქსიმალურად უკეთ ვაპირებთ მომზადებას, რათა ყველაფერი ვაჩვენოთ, რაც შეგვიძლია. რაც მოხდება, მოხდეს. თამაში და მოგება საკუთარი მაყურებლების წინაშე, დიდი იმპულსი იქნება შემდგომი პერიოდისთვის".

"ტოტენჰემთან" დერბიში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ არსენ ვენგერი ისევ ამაყად საუბრობს თავის გუნდზე. მას ამის საფუძველი ნამდვილად აქვს, რადგან მისი შეგირდები არნახულად გაისარჯნენ. ფრანგ სპეციალისტს ისიც არ ავიწყდება, რომ "მეთოფეებმა" არანაკლებ დაძაბულ ბრძოლაში შეძლეს 3 ქულის მოპოვება წინა ტურშიც "სანდერლენდის" წინააღმდეგ. პრემიერლიგის ბოლო 3 მატჩში "არსენალის" ანგარიშზე 14 გატანილის წილ და 4 გაშვებული ბურთია. ასეთ შედეგზე კი ნებისმიერი მწვრთნელი მოაწერდა ხელს.

"როცა ადამიანებს სურთ, რომ ბოროტები იყოთ, ისინი ამას აუცილებლად პირში გეტყვიან. უნდა ვაღიაროთ, რომ ხანდახან ჩვენ მიმართ ისეთი შეკითხვები იბადება, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს და სხვა გზა რომ არ გვაქვს, გვიწევს მასთან შეგუება. მიმაჩნია, რომ ასეთ კითხვებზე საუკეთესო პასუხი კარგი შედეგების ჩვენებაა. ზუსტად ისეთის, როგორიც "ტოტენჰემთან" ვაჩვენეთ. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები ვილაპარაკოთ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ.

"დერბიში" გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ამ მატჩში არნახული მონდომებით ვითამაშეთ და სასურველი შედეგი მივიღეთ. შეხედეთ ცხრილს და დარწმუნდებით. იმედია, "ლივერპულთანაც" იმავე სულისკვეთებით გამოვალთ მოედანზე, - აცხადებს ვენგერი და იქვე ამატებს - გული მიწუხდა, როცა საკადრო პრობლემების გამო დიდხანს გვიწევდა თამაში ფეხბურთელებით, რომლებიც თავიანთ პოზიციებზე არ ირჯებოდნენ.

ახლა, როცა ჩემპიონატში გადამწყვეტი ეტაპი დგება, ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება იდეალური ვარიანტია. როცა მარჯვენა მცველი მარჯვენა მცველად დგას, მარცხენა კი მარცხნივ, გუნდისთვის ბალანსის დაცვა უფრო იოლი ხდება".

* * *
"ემირიტსზე" საშვილიშვილოდ შერცხვენის შემდეგ "ტოტენჰემი" "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს. "უაით ჰართ ლეინზე" გუნდებს შორის დღემდე ჩატარებულ შეხვედრებში იდეალური ბალანსია 23-23 მოგება და 24 ფრე. თუმცა რამდენად მოახერხებენ "დეზები" მრისხანე მასპინძლის როლის თამაშს, რთულად სათქმელია.

ჰარი რედნაპის გუნდს ორი უმთავრესი ვარსკვლავი დააკლდება - გარეთ ბეილი და რაფაელ ვან დერ ვაარტი. უელსელმა ეროვნული გუნდის შეკრებაზე მუხლის მყესები დაიზიანა და გუნდს დაახლოებით 3 კვირა ვერ დაეხმარება.

"ლუის საა ნიჭიერი ფეხბურთელია. მისი ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა აქვს. მას ეს გარემოება ძალიან აწუხებს და როცა მინდორზეა, მაქსიმალურად იხარჯება. ლუისს ძლიერი ფეხები და შესანიშნავი სისწრაფე აქვს, ამასთან კარგი ნახტომის წყალობით თავითაც მშვენივრად თამაშობს", - ამბობს ყოფილ შეგირდზე სერ ალექს ფერგიუსონი.

შოტლანდიელმა ლეგენდამ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ უეინ რუნიმ მოირჩინა ყელის ტკივილი, რის გამოც ბოლო ორი შეხვედრის გამოტოვება მოუხდა - "აიაქსთან" ევროპის ლიგაში და ინგლისი-ჰოლანდიის ამხანაგური დაპირისპირება. შესაბამისად, ფერგი მას ძირითად შემადგენლობაში დააბრუნებს. სამაგიეროდ, ლაზარეთში რჩებიან ტომ კლევერლი და ანტონიო ვალენსია.

უკვე დადგინდა, რომ კრის სმოლინგის თავის ტრავმა არც ისეთი სერიოზულია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. მოგეხსენებათ, 22 წლის ცენტრალურმა მცველმა კლაას იან ჰუნტელაართან შეჯახებისას თავი გაიტეხა. თუმცა გამორიცხული არ არის, მან მაინც შეძლოს თამაში.

"კარგია, რომ კრისს ტვინის შერყევა არ აქვს. მას უბრალოდ თავი აქვს გატეხილი. დარწმუნებული არ ვარ, მოასწრებს თუ არა ის კვირამდე აღდგენას, თუმცა მცირე საშიშროებაც თუ იარსებებს, ჩვენ მის ჯანმრთელობას ვერ გავრისკავთ. რუნი ნამდვილად იქნება, ტომი და ანტონიო კი თამაშგარეში რჩებიან," - განაცხადა ფერგიუსონმა  გამართულ პრესკონფერენციაზე.

* * *
დაბოლოს, ისე რომ არ მოგვივიდეს, რომ მთელი ტურის წინა მიმოხილვა ორ მატჩს დავუთმოთ, ორიოდე სიტყვა ლიდერთა ჯგუფში შემავალ "ჩელსიზეც" მოგახსენებთ. ნადვილად შეიძლება ითქვას, რომ ანდრე ვილაშ ბოაშს ბედი სწყალობს, რადგან მაშინ, როცა მისი გუნდი "ცუდი ფორმის პიკზე" იყო, კალენდარმა პრემიერლიგაში შედარებით იოლი მატჩების მთელი წყება არგუნა ვითარების განსამუხტად.

წინა ტურში დამარცხებულ "ბოლტონს", დღევანდელ მეტოქე "ვესტ ბრომვიჩსა" და მომდევნო "სტოკ სიტის" დაუმარცხებელი გუნდების კატეგორიაში ვერ გავიყვანთ. მთავარია, "არისტოკრატებმა" ფიზიკურად გაუძლონ დატვირთვას, რადგან შუალედებში მათ "ბირმინგემთან" ასოციაციის თასზე და "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩები ელით.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXVII ტური
3 მარტი
ლივერპული-არსენალი 16:45
ტრავმა: რემსი, ვერმალენი, სკილაჩი, კოკელენი, უილშირი, მერტეზაკერი, ფრიმპონგი, სანტოსი, როსიცკი, დიაბი - ლეივა, ჯონსონი, აგერი, ჯერარდი

ბლექბერნი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: ლოუი, ჟივე (ბლექბ)
ტრავმა: ს. დანი, სალგადო, გრელა - ჰატონი, ბენტი, პეტროვი, რ. დანი, დელფი, კლარკი

მანჩესტერ სიტი-ბოლტონი 19:00
ტრავმა: - შ. დევისი, მირსი, გარდნერი, ჰოლდენი, მ. დევისი, რაილი, ლი, Aლონსო

ქუინზ პარკი-ევერტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: სისე (ქპრ)
ტრავმა: იანგი, ტაივო, ჰელგუსონი, კემპბელი, ფორლინი, დაიერი - იელავიჩი, როდუელი, იაგიელკა, გიბსონი, ანიჩებე, კეჰილი, ოსმანი, დაფი

სტოკ სიტი-ნორვიჩი 19:00
ტრავმა: სიდიბე - ჰოუსონი, რუდი, ტირნი, აიალა

ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 19:00
ტრავმა: ერა, ბრანტი, შარნერი, ჯონსი, ტომასი - დროგბა, ტერი, ბოსინგვა, კოული

უიგანი-სუონსი 19:00
ტრავმა: ბოდე, ორლანდი, აგუსტიენი, ვორმი (სუონ)

4 მარტი
ნიუკასლი-სანდერლენდი 16:00
ტრავმა: ბესტი, სისე, რეინჯერია, ამეობი, ბა, ტიოტე, მარვო, რ. ტეილორი - ბრამბლი, ვონი, ბრაუნი, ანხელერი, ვესტვუდი, ბერდსლი

ფულჰემი-ვულვერჰემპტონი 18:05
ტრავმა: სიდუელი, გრიგერა - ბასონგი, ფლეტჩერი

ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი 20:10
ტრავმა: უოლკერი, ვან დერ ვაარტი, გალასი, ჰადლსტოუნი - ვალენსია, ლინდეგორი, ვიდიჩი, ფლეტჩერი, ანდერსონი, ოუენი, კლევერლი

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 26 20 3 3 67-19 63
2. იუნაიტედი 26 19 4 3 63-26 61
3. ტოტენჰემი 26 16 5 5 51-30 53
4. არსენალი 26 14 4 8 53-37 46
5. ჩელსი 26 13 7 6 47-31 46
6. ნიუკასლი 26 12 7 7 38-38 43
7. ლივერპული 25 10 9 6 29-23 39
8. ნორვიჩი 26 9 8 9 38-43 35
9. სანდერლენდი 26 9 6 11 34-30 33
10. ევერტონი 25 9 6 10 26-27 33
11. ფულჰემი 26 8 9 9 32-36 33
12. სტოკ სიტი 26 9 6 11 26-38 33
13. ვესტ ბრომვიჩი 26 9 5 12 33-35 32
14. სუონსი 26 7 9 10 28-34 30
15. ასტონ ვილა 26 6 11 9 29-34 29
16. ვულვზი 26 5 7 14 30-51 22
17. ქუინზ პარკი 26 5 6 15 27-45 21
18. ბლექბერნი 26 5 6 15 37-59 21
19. ბოლტონი 26 6 2 18 29-54 20
20. უიგანი 26 4 8 14 23-50 20

ბომბარდირები
23 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 17 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 16-16 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დემბა ბა (ნიუკასლი), 13 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი); 11 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული