ლი კატერმოული 4 მატჩით დისკვალიფიცირებულია

AutoSharing Option
ასეთი რამ იშვიათად ხდება: "სანდერლენდის" 23 წლის კაპიტან ლი კატერმოულს "ნიუკასლთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩის არბიტრმა მაიკ დინმა ყვითელი ბარათი მისცა.

რაკი ფეხბურთელს მატჩის მე-40 წამზე უხეშობისთვის ერთი უკვე "დამსახურებული" ჰქონდა, მას ავტომატურად წითელი ბარათიც უჩვენა. წითელი ბარათის გამო მას ავტომატურად მიესაჯა ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია.

კატერმოულმა "ნიუკასლთან" სეზონის განმავლობაში საიუბილეო მე-10 ყვითელი მიიღო. მსგავსი მიღწევისთვის კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ფეხბურთელს ორმატჩიანი დასვენების უფლებას აძლევს.

ამრიგად გამოდის, რომ წითელი ბარათისა და 10 ყვითელის დაგროვების გამო კატერმოული "სანდერლენდს" 4 მატჩით დააკლდება. ის არ
იქნება ინგლისის თასის 1/4-ფინალურ მატჩში "ევერტონის" წინააღმდეგ და ასევე პრემიერლიგაში "ლივერპულთან", "ბლექბერნთან" და "ქუინზ პარკთან" მატჩებში. "სანდერლენდის" უბედურებები ამით არ ამოიწურება. პირდაპირ წითელი ბარათისთვის 3-მატჩით აეკრძალა თამაში სტეფან სესინიონს. ის გუნდს "ქუინზ პარკთან" დაუბრუნდება.

ვენგერის იმედი
მოულოდნელი აღმაფრენებითა და თავბრუდამხვევი ვარდნებით მიმდინარე სეზონში "არსენალის" თამაში ამერიკულ მთებს გვაგონებს. მაგრამ ეს გართობა კი არა, დიდი ბიზნესია, რომლის ხელში ჩასაგდებადაც მილიარდერები, ამერიკელი სტეკ კროენკე და რუსი ალიშერ უსმანოვი ერთმანეთს დიდხანს ეომებოდნენ.

ასეთი საქმის წარმატება ხანდახან ისეთ "დეტალებზეა" დამოკიდებული, რომ მას დეტალებს უკვე ვეღარც უწოდებ. "მეთოფეთათვის" შეიძლება წვრილმანი იყო მარცხენა მცველად კირან გიბსი ითამაშებს, თუ ანდრე სანტოსი, მაგრამ ჯეკ უილშირზე იმავეს ვერ ვიტყვით.

20 წლის ვარსკვლავი "არსენალის" განუყოფელ ნაწილად გადაიქცა. თებერვლის პირველ რიცხვებში ის მოედანს უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ 8-თვიანი პაუზის შემდეგ პირველივე ვარჯიშზე ტრავმა გაიმიზეზა და ლაზარეთს დაუბრუნდა. "არსენალის" ფანებს ყოველთვის აინტერესებთ ფეხბურთელის ჯანმრთელობის ამბები.

აი, რას ამბობს არსენ ვენგერი: "უილშირთან დაკავშირებით კარგი ამბები გვაქვს. არა, ის მოედანს მალე ვერ დაუბრუნდება, მაგრამ ბოლო გამოკვლევამ ცხადყო, რომ მას საქმეები უკეთ მისდის. ჯეკს უკვე შეუძლია სირბილი დაიწყოს. მის მიმართ ამიერიდან განსაკუთრებულად ფრთხილი დამოკიდებულება გვექნება. იმედია, გუნდს ის სეზონის დასრულებამდე დაუბრუნდება".

იუნაიტედის ლაზარეთი დაიცლება
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ალექს ფერგიუსონის თქმით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ის გუნდის ლაზარეთის დაცლას ელოდება.

გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც იქნება - ნემანია ვიდიჩი და დარენ ფლეტჩერი მომდევნო სეზონის დაწყებამდე ვერ მოახერხებენ დაბრუნებას და ეს ამბავი სიურპრიზი არავისთვის არის.

აი, სხვებს რაც შეეხებათ - ტომ კლევერლი, მაიკლ ოუენი, ანდრეს ლინდეგორი, ანტონიო ვალენსია, კრის სმოლინგი და ანდერსონი სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგებიან. სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე მთლიანი შემადგენლობის ყოლა, შოტლანდიელის თქმით, დიდი კომფორტია.

"კარგია, რომ უკვე ყველა ფეხბურთელი ჩემს განკარგულებაში იქნება. ანდერსონს სულ ცოტა აკლია, კლევერლი ერთი კვირის შემდეგ იქნება მზად, სმოლინგს ხუთშაბათს "ატლეტიკთან" შეეძლება თამაში. ვალენსია კი მომდევნო უქმეებისთვის დაბრუნდება. რაც უფრო სრულ ყოფილი იქნება შემადგენლობა, ჩემპიონობის მით მეტი შანსი მოგვეცემა," – განუცხადა ფერგუსონმა "იუნაიტედის" საკლუბო სატელევიზიო არხს.

შელვიზე მოთხოვნაა
ჯერ კიდევ იანვარში წერდნენ, რომ "მიდლსბროს" "ლივერპულიდან" იჯარით 20 წლის ჯონჯო შელვის გადაბირება სურდა. მაშინ ჩემპიონშიპის გუნდის დამრიგებელმა ტონი მოუბრეიმ აღნიშნული პერსპექტივა კატეგორიულად გამორიცხა.

გუშინდელი განცხადებით კი გამოდის, რომ ის ან ზამთარში ცდილობდა სიმართლის დამალვას, ან შელვის გადაბირება მას მერე მოინდომა. აი რა თქვა მან: "შემადგენლობის გასაძლიერებლად ჩვენ გვაქვს გარკვეული ვარიანტები. მაგალითად "ლივერპულიდან" შელვის გადმოყვანა. თუმცა ამ თემაზე სიფრთხილით ლაპარაკი სჯობს, რადგან დალგლიშს შემადგენლობის შენარჩუნება სურს. ასე რომ, ცოტა კიდევ მოვიცადოთ. ფეხბურთელი ჩვენ როგორმე იჯარაზე მაინც უნდა დავითანხმოთ".

თუკი ლაპარაკი "ლივერპულიდან" წასვლაზე მიდგება, თავად შელვის "ბლეკპულში" დაბრუნება ურჩევნია, სადაც მან 4 თვე გაატარა და 10 თამაშში 6 გოლის გატანა მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული