დარენ ბენტი და ოლიმპიადა

AutoSharing Option
"ასტონ ვილას" მთავარმა მეგოლემ, 28 წლის დარენ ბენტმა 25 თებერვალს "უიგანთან" 26-ე ტურის შეხვედრაში მატჩის 79-ე წუთზე კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო.

მას ოპერაცია ორშაბათ საღამოს ჩაუტარდა და ახლა უკვე საბოლოოდ შეიძლება იმის თქმა, რომ ექიმების პირველადი პროგნოზი გამართლდა. დარენი მაისის ბოლომდე ან ივნისის პირველ რიცხვებამდე ვერ ივარჯიშებს.

ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის მიღმა რჩება. ის ჯერ კიდევ ოპერაციამდე აცხადებდა, თუკი პროგნოზი გამართლდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბრიტანეთის ნაკრებში მოვხვდე და ლონდონის ოლიმპიადაზე ვიასპარეზოო.

დე ხეა: იყო შეცდომებიც, მაგრამ...
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე, 21 წლის დავიდ დე ხეა სეზონის ბოლო მონაკვეთს ფანტასტიკურად ატარებს. ამის თქმა ნამდვილად შეიძლება "ტოტენჰემთან" შეხვედრაზეც, სადაც მან გუნდი ზუსტად 4-ჯერ გადაარჩინა გოლს.

დე ხეას თქმით, მას ესმის, რომ ინგლისში გადასვლის შემდეგ რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა, მაგრამ ისიც არ ავიწყდება, რომ შეცდომაზე ბევრად მეტი კარგი მომენტიც აქვს გაუვნებელყოფილი.

აი, რას ამბობს ის: "მიმაჩნია, რომ ჩემს საქმეს კარგად ვართმევ თავს. იმით, თუ როგორ მიდის დღეისთვის ჩემი საქმეები, ძალიან კმაყოფილი ვარ.

იმედია, ყველაფერი უკეთესად თუ არა, ასე მაინც გაგრძელდება. ვცდილობ, თვითკრიტიკული ვიყო და ისევე, როგორც ამას სხვები აკეთებენ, საკუთარ შეცდომებზე ვისწავლო. ისეთ კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩემი ყველა შეცდომა მხედველობის ბრალია, ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ვიცი, რომ მსგავსი პრობლემა სხვებსაც აწუხებთ და კონტაქტურ ლინზებს ამიტომაც ხმარობენ".

უიგანს მარტინესის ჯერ კიდევ სჯერა
"უიგანის" პრეზიდენტის, დეივ უილანის თქმით, მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ რობერტო მარტინესს შეუძლია ვითარების გამოსწორება და გუნდის ელიტაში დატოვება. ის 38 წლის სპეციალისტს ბოლომდე მხარდაჭერას ჰპირდება. პრინციპში, წარმოუდგენელი აქ არც არაფერია. მე-17 ადგილისგან, რომელიც ტურნირის ბოლომდე ნერვიული ცხოვრების, თუმცა საბოლოოდ მაინც გადარჩენის გარანტიას იძლევა, გუნდს სულ ორი ქულა აშორებს.

ფერტონგენი და პრემიერლიგა
2006 წლიდან მოყოლებული, თუკი "ვაალვიკში" გატარებულ 6-თვიან პერიოდს არ ჩავთვლით, 24 წლის ცენტრალური მცველი იან ფერტონგენი "აიაქსშია" და მის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად 200-ამდე თამაშიც ჩაატარა. ფეხბურთელს "თეთრ-წითლებთან" ხელშეკრულება 2013 წელს უმთავრდება და უკვე განაცხადა, რომ მის გახანგრძლივებაზე ერთი წუთითაც კი არ დაფიქრდება. ფერტონგენს კარიერის გაგრძელება ინგლისში სურს. მით უფრო, რომ რამდენიმე საინტერესო წინადადება მას უკვე აქვს, მაგალითად - "ტოტენჰემიდან". ჰოლანდიურ პრესაში ისიც დაიწერა, რომ თუკი დანიელ ვან ბუიტენს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივა, ფერტონგენის გადაბირებას "ბაიერნიც" შეეცდებაო. თუმცა ბელგიელის თქმით, ის უპირატესობას ინგლისურ ვარიანტს მიანიჭებს. "აიაქსი" ძალიან მომენატრება, მაგრამ მაინც ვაპირებ ამსტერდამში ჩემი სახლის გაყიდვას. იქამდე კი ინგლისურს ვსწავლობ და იქაური სტადიონების ატმოსფეროთი ვტკბები," – აცხადებს ფეხბურთელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული