ასოციაციის თასი. V ეტაპი: ყველაფერი ძველი არომატით

AutoSharing Option
"ჩელსისთვის" ეს თამაში, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო რთული. მთავარი მწვრთნელის დათხოვნის შემდეგ რამდენად მზად იყო ლონდონური გრანდი თამაშისთვის, მათ ეს "ბირმინგემის" "სენტ ენდრიუზე" 22 ათასი მაყურებლის წინაშე უნდა დაემტკიცებინათ.

მისია შეუსრულებელთა კატეგორიიდან რომ არ იყო, თავიდანვე ცხადი იყო. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სრულად კონცენტრირებულმა "ჩელსიმ" ჩემპიონშიპის ნებისმიერ გუნდს ულაპარაკოდ უნდა მოუგოს. ამას ელემენტარულად პრემიერლიგის გრანდის სტატუსი ავალდებულებს.

მოულოდნელად გამოჩნდა "ჩელსის" სკამზე ჯონ ტერი, თუმცა მისი თამაში საჭირო არ გახდა. კაპიტნის დაბრუნება გუნდში უპირველესად ფსიქოლოგიურად გვჭირდებოდაო, აღნიშნა ახალმა მთავარმა
მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ.

რასაკვირველია, მატჩის პერიპეტიების აღწერას არ შევუდგებით. გეტყვით მხოლოდ შემდეგს: რაიმე ნიშანი იმისა, რომ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ ბოაში აღარ არის, არ შეინიშნება.

წინასამატჩო განწყობა, ტაქტიკა, სათამაშო მოდელი - მოკლედ ყველაფერი ჯერ კიდევ ძველია. თუკი დი მატეო მოახერხებს ამ ყველაფრის შეცვლას, მას სეზონის ბოლომდე დროს მისცემენ, ხოლო თუკი წარუმატებლობები გაგრძელდება, ცხადია, რომ აბრამოვიჩი არც მას დაუწყებს დიდხანს ფერებას.

ძველი იყო თუნდაც ის, რომ სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ მიკაელ ესიენი, ფრენკ ლემპარდი და დიდიე დროგბა. მხოლოდ გოლებზე ვიტყვით ორიოდე სიტყვას: რამირესის ფლანგური პასისთვის კალუმ იბრძოლა, ხუან მატა კი გადმოვარდნილ ბურთთან პირველი გაჩნდა.

ზუსტად 6 წუთში რაულ მეირელეშმა მატას პასი მიიღო და საკმაოდ შორიდან მაღალ კუთხეში გაისროლა. 70-ე წუთზე ფერნანდო ტორესის წინააღმდეგ წესის დარღვევის გამო 11-მეტრიანი დაინიშნა. "ლურჯების" შტატიანი პენალტისტი მატაა, თუმცა მან დარტყმა ტორესს სთხოვა, რაზეც "ელ ნინიომ" უარი თქვა. სამწუხაროდ, მატამ არაზუსტად დაარტყა.

მატჩის შემდეგ
რობერტო დი მატეო (ჩელსი): "თუკი ბოლო დღეებში ჩვენს კლუბში განვითარებულ მოვლენებს გავითვალისწინებთ, ჩვენ წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა იდგა - ულაპარაკოდ უნდა გავსულიყავით შემდეგ ეტაპზე. შემადგენლობის შერჩევისას რისკზე არ წავსულვარ. გარწმუნებთ, არავითარი სითამამე ჩემი მხრიდან არ ყოფილა.

ყველა ფეხბურთელმა, ვინც განაცხადში გვყავს, იცის, რა მიზნებია ჩვენ წინაშე დასახული. მათ განსახორციელებლად ჩვენ ყველა ფეხბურთელის ძალასა და ოსტატობას ვიყენებთ. ვეცადე სასტარტო შემადგენლობა ცოტა გადამეხალისებინა, ახალი ხალხი დამეყენებინა და ახალი ენერგია შემეტანა მოედანზე. მოხარული ვარ, რომ ჯონ ტერი ისევ ჩვენთან არის. მას დიდი სურვილი ჰქონდა გუნდს დახმარებოდა, თუმცა ძალების ბოლომდე აღსადგენად მას დრო ჯერ კიდევ დასჭირდება".

კრის ჰიუტონი (ბირმინგემი): "პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ. მეორეში კი მალევე გავუშვით, რამაც ჩვენზე დამღუპველად იმოქმედა. შეიძლება ითქვას, რომ პირველივე გოლის მერე დაეცა ჩვენი საბრძოლო განწყობა. "ჩელსიმ" კი პირიქით, გამოიღვიძა და თავისი კლასი დაგვიმტკიცა.

ჩემმა გუნდმა ევროპის ლიგასა და ინგლისის თასზე წელს ღირსეულად იასპარეზა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ამხელა დატვირთვამ ჩემპიონატის გათამაშებაში ჩვენს ასპარეზობას დაღი დაასვა, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია. დღევანდელ მარცხს რაც შეეხება, "ჩელსის" დონის გუნდთან წაგების არ მრცხვენია".

ბირმინგემი-ჩელსი 0:2
ბირმინგემი: დოილი, სპექტორი, დევისი, იბანიესი, ნ’დოუ (72. კინგი), რედმონდი, მატჩი, გომისი, ელიოტი, რუნი (59. ბურკი), ჟიგიჩი
ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, ლუიში, კეჰილი, ბერტრანი, რამირესი (75. ლემპარდი), მიკელი, მეირელეში, კალუ (59. სტარიჯი), ტორესი, მატა (89. ესიენი)
გოლები: 0:1 მატა (54), 0:2 მეირელეში (60)
70-ე წუთზე მატამ პენალტი ვერ გაიტანა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული