პოლ პოგბა ტურინის "იუვენტუსში"?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ნისლიან ალბიონს 2009 წელს "ავრიდან" მიაშურა სათამაშოდ. დეკემბერ-იანვარში პოლს უსიამოვნება თავად სერ ალექს ფერგიუსონთან მოუვიდა. ბუნებრივია, ამის მერე მის მანჩესტერულ კარიერას წერტილი დაესვა.

პოგბა სეზონის დასრულების შემდეგ "ოლდ ტრეფორდს" დატოვებს და სათამაშოდ სხვა ქვეყანას მიაშურებსო (მით უფრო, რომ მას კონტრაქტის ვადა ეწურება), - ამტკიცებდა გუშინდელი "დეილი მეილი". ფეხბურთელით თურმე ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.

"ბებერი ქალბატონი" მზადაა, 18 წლის ფრანგს ის პირობები შესთავაზოს, რაზეც მას "ეშმაკებმა" უარი უთხრეს - დაუნიშნოს კვირაში 20 ათასი ფუნტის ჯამაგირი. "ბიანკონერი" ფეხბურთელის
აგენტ მინო რაიოლას ბონუსის სახით 1,7 მილიონ ფუნტს ჰპირდება. სწორედ ამიტომ ეჭვი გვღრღნის, რომ მთელი ეს აურზაური და ფეხბურთელის დაპირისპირება "იუნაიტედთან" სწორედ ეშმაკი იტალიელი აგენტის წამოწყებული უნდა იყოს.

მერტეზაკერი პოდოლსკის შეუჩნდა
"არსენალი" "კიოლნისა" და გერმანიის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელის, ლუკას პოდოლსკის გადაბირებას რომ გეგმავს, ჩვენს გაზეთს ამ თემაზე არაერთხელ დაუწერია.

ამ გეგმას არც თავად ჩრდილოლონდონელები მალავენ. ლოგიკურიც არის, რადგან არსენ ვენგერი მარუან შამახისა და ნიკლას ბენდტნერის გაშვებას გეგმავს. მათ ნაცვლად კი ერთი მაღალი კლასის თავდამსხმელის დამატება ყელზე ნამდვილად არ დაადგება. "მეთოფეთა" გერმანელი ცენტრალური მცველი გერმანულ გაზეთებს გამოუტყდა, რომ მეგობარს ამ საკითხზე ტელეფონით უკვე რამდენჯერმე შეეხმიანა. რა პოზიცია აქვს ლუკასს, ამაზე მერტეზაკერი დუმს.

იაგიელკა და როდუელი მზად არიან
მუხლის ტრავმით გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ "ევერტონის" მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესს უკვე ამ უქმეებზე შეეძლება 29 წლის ცენტრალური მცველის, ფილ იაგიელკას გამოყენება.

ეს ცნობა მის გულს მალამოსავით დაედება, რადგან შაბათს "გუდისონ პარკს" მიჯრით ორი მარცხით გაავებული "ტოტენჰემი" სტუმრობს.

ლურჯებს არც შემდეგ ელით იოლი ცხოვრება - 13 მარტი "ლივერპული"-"ევერტონი" (გამოტოვებული თამაში), 17 მარტი "ევერტონი"-"სანდერლენდი" და 21 მარტი "არსენალი"-"ევერტონი". გამოცდილი სტოპერის თამაში უმძიმეს დაპირისპირებებში ლივერპულელთა დაცვას მეტ თავდაჯერებულობას შესძენს.

იაგიელკა უკვე იყო 27-ე ტურში "ქუინზ პარკთან" მატჩის განაცხადში, მაგრამ შოტლანდიელი დამრიგებელი მის გამოყენებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გეგმავდა. ფეხბურთელმა ორშაბათს "ლივერპულისა" და "ევერტონის" რეზერვისტთა დაპირისპირებაში 90 წუთი ითამაშა.

ფილი არც სუნთქვის პრობლემას შეუწუხებია და არც ნატკენ მუხლს. მერსისაიდულ დერბიში ითამაშა 20 წლის საყრდენმა ჯეკ როდუელმაც. როგორც "ევერტონის" ფიზმომზადების მწვრთნელები აცხადებენ, ფეხბურთელები პრემიერლიგის დატვირთვებისთვის უკვე მზად არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული