ასოციაციის თასი. მეხუთე ეტაპი: "დეზების" ძვირი გამარჯვება

AutoSharing Option
ჯერმეინ დეფოს დუბლისა და ემანუელ ადებაიორის პენალტის წყალობით "ტოტენჰემმა" ინგლისის თასის 1/4-ფინალის საგზური დაიბევა. მატჩი ჩრდილოლონდონელებისთვის მძიმედ დაიწყო.

უკვე მე-4 წუთზე ჯოელ ბაირომმა რაიან ნელსენის მიერ წესების დარღვევის გამო დანიშნული პენალტით ანგარიში გახსნა - მეკარე და ბურთი სხვადასხვა კუთხეში "გადაგზავნა".

მე-9 წუთზე კი კრის ბერდსლისთან საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ მიწაზე ცუდად დაშვების გამო კოჭისა და მუხლის მყესები დაიზიანა მაიკლ დოუსონმა, ვინც იმ დღეს მოედანზე კაპიტნის სამკლავურით იყო გამოსული.

ექიმების დასკვნით, ფეხბურთელს სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მთლიანად მოუწევს. აღსანიშნავია, რომ მძიმე ტრავმას
მკურნალობს "ტოტენჰემის" კიდევ ერთი ცენტრალური მცველი ვილიამ გალასიც. ხოლო იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ასევე ტრავმებისკენაა მიდრეკილი ლედლი კინგიც, გამოდის, რომ ჰარი რედნაპი ერთ დღეს შეიძლება გადაულახავი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.

პრაქტიკულად გარკვეულია, რომ დოუსონი დარენ ბენტის მერე მეორე ინგლისელია, ვისაც ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს. ჰო, სიტყვა ცოტა გაგვექცა და ისევ მატჩს დავუბრუნდეთ. 26-ე წუთზე ჯერმეინ დეფომ გაათანაბრა. ინგლისის ნაკრების კიდევ ერთმა კანდიდატმა საჯარიმოს სიახლოვეს გარეთ ბეილის 50-მეტრიანი პასი ერთი შეხებით დაამუშავა, იმავე მოძრაობით მარცხნივ შეიგდო, მეტოქე მოატყუა და მეკარეს დაბალი ბურთი დაურტყა - 1:1. 38-ე წუთზე "ტოტენჰემს" კიდევ ერთი უბედურება ეწვია - კუნთი დაიჭიმა აარონ ლენონმა. რედნაპმა ისიც იძულებით შეცვალა.

მეორე ნახევარი სულ რამდენიმე წამის დაწყებული იყო, რომ იუნეს კაბულის პასით დეფომ კიდევ ერთხელ შეაგდო, თუმცა გვერდითა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა. მთავარმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა კი ბურთი არ ჩათვალა. 55-ე წუთზე მარკ რობერტსმა გარეთ ბეილის წინააღმდეგ თამაშის წესი საჯარიმოს შიგნით დაარღვია. ადებაიორმა 11-მეტრიანიდან აუღელვებლად გაიტანა.

ბეილს თავის წილადაც შეეძლო გატანა, მაგრამ 27-28 მეტრიდან დარტყმული ბურთი უელსელმა ძელს გაარტყა. ამის მერე შანსები "სტივენეიჯსაც" მიეცა, მაგრამ სტუმარ ფეხბურთელებს კლასი არ ჰყოფნიდათ. რედნაპის გუნდს დასამშვიდებლად მესამე გოლიც სჭირდებოდა. 75-ე წუთზე ასეც მოხდა - თანაც ისევ ბეილისა და დეფოს დახმარებით.

უელსელმა აუტი საკუთარი ნახევრიდან ძალიან ძლიერად მოაწოდა. ის იყო, დეფო მეკარესთან პირისპირ უნდა დარჩენილიყო, რომ მცველმა გზა გადაუჭრა. თუმცა თავდამსხმელი არ დაიბნა, მეტოქე იოლად მოატყუა და მეკარეს მახვილი კუთხიდან შორეულ კუთხეში დაურტყა - 3:1.

ტოტენჰემი-სტივენეიჯი 3:1
ტოტენჰემი: კუდიჩინი, ნელსენი, დოუსონი (9. უოლკერი), კაბული, როუზი, ლენონი (38. ადებაიორი), პარკერი, კრანჩარი (81. ლივერმორი), ბეილი, ვან დერ ვაარტი, დეფო
სტივენეიჯი: დეი, ჰენრი, ეშტონი, რობერტსი, ლეირდი, უილსონი, ბაირომი, ბოსტვიკი, ჩარლზი (62. მაირი-უილიამსი), ბერდსლი (62. რიდი), შროტი
გოლები: 0:1 ბაირომი (4), 1:1 დეფო (26), 2:1 ადებაიორი (55) პენ, 3:1 დეფო (75)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული