დიდიე დროგბა მაინც აზიისკენ

AutoSharing Option
დიდიე დროგბას "ჩელსიში" წასვლა-დარჩენაზე ბოლო 3-4 თვეა ძალიან ბევრი იწერება. ჯერ იყო და ვეტერან თავდამსხმელზე თქვეს, რომ იანვარ-თებერვალში ჩატარებული აფრიკის თასის შემდეგ გუნდში აღარ დაბრუნდებაო, მაგრამ ეს ხმები დიდიემ თავად უარყო და სეზონის ბოლომდე "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩენა გადაწყვიტა.

მერე ისიც ითქვა, რომ "ჩელსისთან" ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება მიღწეულია და მალე ყველაფერს წერტილი დაესმებაო. თუმცა გავიდა დრო და აღქმული ხელმოწერა არ ჩანს. დროგბას გადაბირება ევროპაში არაერთ კლუბს სურს, მაგრამ ისინი ითვალისწინებენ ფეხბურთელის ასაკს (შაბათს, 11 მარტს ის 34 წლის გახდა და დაბადების
დღეზე პრემიერლიგაში გატანილი მე-100 გოლიც იჩუქა) და მასთან ხანგრძლივი ხელშეკრულების დადებას გაურბიან.

სამაგიეროდ, ეს პრობლემა არ არის ჩინური "შანხაი შენხუასთვის", ვინც ივუარელს 3-წლიან თანამშრომლობას და სოლიდურ ანაზღაურებას ჰპირდება.

კლუბის მესაკუთრე ჩჟუ ცზიუნი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის გადაბირების პერსპექტივით აღფრთოვანებულია. მოგეხსენებათ, "შანხაი შენხუაში" უკვე თამაშობს "ჩელსის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლა ანელკა.

ჰოჯსონი: ახალ კონტრაქტამდე შორია
"ვესტ ბრომვიჩმა" მთავარ მწვრთნელ როი ჰოჯსონს თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზა. 64 წლის სპეციალისტის განცხადებით, იქამდე, ვიდრე მისი გუნდი პრემიერლიგაში ადგილს ოფიციალურად არ გაინაღდებს, საპატიო წინადადებაზე ფიქრს არ აპირებს. ამასთან, კლუბის ხელმძღვანელობისგან ის გარკვეულ გარანტიებსაც მოითხოვს. რას იგულისხმა, ფინანსურ თუ საკადრო საკითხები, არ დაუზუსტებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული