"არსენალი"-"ნიუკასლი". გამოხმაურება: ოთხიდან სამჯერ

AutoSharing Option
ინგლისურ ფეხბურთზე წერისას ხშირად გვიწევს გამეორება, რომ ამა თუ იმ გუნდს მოგებათა თუ მიჯრით მიყოლებული წაგებების სერია აქვს. ამის თქმა "არსენალზეც" შეიძლება. არსენ ვენგერის გუნდმა ორშაბათ საღამოს "ნიუკასლს" უმასპინძლა და მეოთხე თამაში მოიგო. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ 4-იდან 3-ჯერ ის აგებდა, ერთში კი გოლი სულ არ გაუშვია.

თამაში ძალიან ლამაზი გამოდგა. იმას, რასაც ეკრანზე ვხედავდით, არც პირველ ტაიმში დაეწუნებოდა რამე, მაგრამ მეორეში, ძირითადად მასპინძელთა მეცადინეობით, ფეხბურთი სპექტაკლად გადაიქცა.

გულწრფელად გეტყვით, 5-6 წლისწინანდელი "არსენალი" გაგვახსენდა, რომელიც "ბარსელონასთან" ერთად ევროპაში
ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. მოედანზე ერთადერთი, რაც თვალს არ სიამოვნებდა, ტიმ კრულისა და რობინ ვან პერსის სიტყვიერი თუ მსუბუქი ფიზიკური დაპირისპირება გახლდათ. მასპინძელთა ვარსკვლავი თანამემამულე მეკარეს პირველივე ტაიმში წაეკინკლავა დროის გაყვანის არაჯენტლმენური მცდელობების გამო.

პირველი მომენტი მე-3 წუთზე ტეო უოლკოტმა და ვან პერსიმ შექმნეს. ჰოლანდიელს სანტიმეტრები დააკლდა ბურთამდე, თორემ კრულს კარგი დღე არ დაადგებოდა.

მე-14 წუთზე ანგარიში გაიხსნა. გაბრიელ ობერტანმა ჰატემ ბენ არფას გადააწოდა, ვინც ფლანგზე იოლად გაუსწორდა კირან გიბსს და დაარტყა. ვოიცეხ შჩესნიმ ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა - 0:1. ანგარიში ზუსტად 55 წამში გათანაბრდა. უოლკოტმა ბურთი ფლანგზე მიიღო. ჩაწოდება ვან პერსიმ დაამუშავა, ფაბრისიო კოლოჩინი მოატყუა და 4-5 მეტრიდან აუღებელი დაარტყა - 1:1.

ტაიმის ბოლომდე ინიციატივას "არსენალი" ფლობდა. უოლკოტის გარდა "მეთოფეთა" რიგებში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ტომაშ როსიცკი, ვინც თავდადებული თამაშით კლუბს ახალი კონტრაქტისთვის მადლობას უხდიდა.

ვეტერანი ერთნაირად პროდუქტიული იყო შეტევაშიც და დაცვაშიც. მეორე ტაიმში ლონდონელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. მიყოლებით აფუჭებდნენ მომენტებს ვან პერსი, როსიცკი, ვერმალენი და ჟერვინიო. ვან პერსისთან ლოკალური შეტაკებების გარდა, კრული კარგი თამაშისთვისაც იცლიდა. მან გუნდი ზუსტად ხუთჯერ გადაარჩინა უეჭველ გოლს.

ვერმალენმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. მის გარდა საქმეში მონაწილეობდნენ უოლკოტი და ლორან კოშელნი. აქ შეიძლებოდა დაწერა, ბელგიელის გოლმა მატჩს წერტილი დაუსვაო, მაგრამ არ იქნებოდა სიმართლე. ჰოვარდ ვები სწორედ 2:1-ის მერე გახდა იძულებული, ფეხბურთელები ერთმანეთისგან დაეშორიშორებინა. ყველაფერი ისევ ვან პერსი-კრულის გამო დაიწყო. საბოლოოდ ორივემ ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული