არადა, ბრაზილიელი 2-თვიანი პაუზის შემდეგ ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩის 61-ე წუთზე პირველად გამოჩნდა. მატჩის დასრულების შემდეგ მან ექიმებს მიაკითხა და მუხლის მყესებზე უსიამოვნო შეგრძნებასა და ბარძაყის კუნთის ტკივილზე შესჩივლა.
დაწვრილებითი სამედიცინო შემოწმების შედეგები კლუბში ჯერ კიდევ არ მიუღიათ, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა უკვე გადაწყვიტა, რომ ანდერსონს სეზონის ბოლომდე მისცეს დასვენების შანსი. მით უფრო, რომ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ალექს ფერგიუსონს უმისოდაც არ უჭირს.
აქვე გაცნობებთ, რომ
ვერტონგენმა, არსენალიო
როგორც ჩანს, "არსენალს" სატრანსფერო სამიზნეების მონიშვნისას უმართლებს. ყოველ შემთხვევაში, ლუკას პოდოლსკის შემდეგ, რომელზეც გერმანული და ინგლისური პრესა ერთხმაში წერს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, ლონდონელთა რიგებში თამაშის პერსპექტივით აღფრთოვანება ვერ დამალა იან ვერტონგენმაც.
"აიაქსის" 24 წლის ბელგიელმა კაპიტანმა ორიოდე კვირის წინ უკვე დაადასტურა, რომ სათამაშოდ ინგლისში მიდის. აქამდე მისი გადაბირების უმთავრეს ფავორიტად "ტოტენჰემი" მიიჩნეოდა, მაგრამ როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელს უფრო "მეთოფეთა" ვარიანტი ხიბლავს. "ჩემმა აგენტმა უკვე იცის, რომელ კლუბებთან მოლაპარაკებაზე შეიძლება აქცენტის გაკეთება.
გაინტერესებთ, არის თუ არა მათ რიცხვში "არსენალი"? დიახ, ვადასტურებ, არის. ჩემი წასვლა უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილია. "აიაქსი" უკვე ეძებს ჩემს შემცვლელს," - აცხადებს "დეილი ექსპრესთან" საუბრისას ვერტონგენი.
რეინჯერსი დახმარებას ითხოვს
"რეინჯერსის" ლეგენდებმა უოლტერ სმიტმა და სენდი ჯარდინმა გუშინ მონაწილეობა მიიღეს ფონდის პრეზენტაციაში, რომელიც გლაზგოური კლუბის ფინანსური პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს. მათ იმედი აქვთ, რომ კლუბს გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან გამოეხმაურებიან.
შემოსულ თანხებს, ზემოთ ხსენებული პატივცემული ადამიანების გარდა, გააკონტროლებენ "რეინჯერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ჯიმ ჰანა და კლუბის გულშემატკივართა ასოციაციის პრეზიდენტი ენდი კერი. "ვიცი, რომ არავისი ცხოვრება არ არის დალხენილი, ვისაც "რეინჯერსთან" რამე აკავშირებს. მოვუწოდებ ყველას, ვისაც რითი შეგიძლიათ, იმით დაეხმაროთ ჩვენს კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, შეეცდება კლუბის გადარჩენაში ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი," - აცხადებს "რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელი ალი მაკოისტი.
ადგილობრივ ფანებს კი სპეციალური თხოვნა არც დასჭირვებიათ. "ჩაფრების" ბოლო ორ მატჩზე "კილმარნოკსა" და "ჰართსთან" "აიბროქსზე" 50 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა. ბუნებრივია, ამით ისინი "რეინჯერსს" უპირველესად მორალურად ეხმარებიან, თუმცა არც ფინანსური მხარეა უმნიშვნელო, მით უფრო - ამ სიტუაციაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"