ინგლისი. ასოციაციის თასი. 1/4-ფინალები. გამოხმაურება: ასეთ ფერნანდო ტორესს დიდხანს ელოდნენ

AutoSharing Option
კვირა საღამოს, "ლივერპული"-"სტოკ სიტის" დასრულების შემდეგ, ასოციაციის თასის 1/2-ფინალური წყვილების კენჭისყრა შედგა.

ამ ეტაპზე მხოლოდ ორი გუნდის სახელია ცნობილი. "უემბლიზე" მოსახვედრად "ლივერპული" "სანდერლენდისა" და "ევერტონის" წყვილის გამარჯვებულს შეხვდება, "ჩელსი" კი "ტოტენჰემსა" და "ბოლტონს" შორის უძლიერესს. აღნიშნული მატჩები 14-15 აპრილს გაიმართება.

ზემოთ ნახსენებ პირველ 1/4-ფინალურ წყვილს შორის მატჩი ფრედ დასრულდა (1:1). გამარჯვებულს ისინი 28 მარტს "სტედიუმ ოფ ლაითზე" გამოავლენენ. მეორეს შორის დაპირისპირება კი ფაბრის მუამბასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევის გამო გადაიდო.

ამ მოვლენამ საფეხბურთო ასოციაციას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას. "ტოტენჰემი" და "ბოლტონი"
მატჩს თავიდან დაიწყებენ. "უაით ჰართ ლეინის" შეხვედრა შეიძლება ფრედ დასრულდეს, ასე რომ, ჩინოვნიკებს გადათამაშების საჭიროების შემთხვევაში დამატებით ერთი დღის გამონახვა მოუწევთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 1/2-ფინალში გადათამაშება უკვე აღარ იქნება. მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი ტაიმები და შემდეგ პენალტების სერია.

ჩელსი და ელ ნინიო
"ჩელსიში" ასეთ ფერნანდო ტორესს დიდხანს ელოდნენ. "ლესტერთან" შეხვედრაში ესპანელმა დუბლის გარდა ორი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა: მე-18 წუთზე კალუს გაატანინა, 90-ეზე - მეირელეშს.

"მელიებთან" შეხვედრამდე "ელ ნინიოს" უკანასკნელი გოლი 5 თვის წინ ჰქონდა გატანილი (24.09.2011. სუონსი 4:1), რამაც, სუფთა სათამაშო დროს თუ დავითვლით, 25 საათი და 41 წუთი შეადგინა.

"ეს გოლები ძალიან მჭირდებოდა. ამისთვის რომ მიმეღწია, ძალიან ბევრს ვშრომობდი. თავდამსხმელის საქმე მუდამ ასეა. შრომობ და თუკი რეგულარულად ვერ იტან, ხალხი ფიქრობს, რომ შენ ცუდად თამაშობ. ამ წუთას უკვე ვგრძნობ მწვრთნელის მხარდაჭერას", - განუცხადა ESPN-ს ფერნანდო ტორესმა.

თავისი თავდამსხმელით ძალიან კმაყოფილი დარჩა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი რობერტო დი მატეო. აი, რას ამბობს ის:

"ფეხბურთელებს ყოველი გამარჯვება უღრმავებს საკუთარი ძალების რწმენას. მიმაჩნია, რომ ფერნანდომ ფანტასტიკური თამაში ჩაატარა. მან გუნდისთვის ბევრი იმუშავა და თანაც დუბლი შეასრულა. მისი წარმატება კლუბშიც და გულშემატკივრებშიც ყველას ერთნაირად ახარებს. მე მისიც მჯერა და ჩემი სხვა ფეხბურთელებისაც.

ვინც ბევრს მუშაობს, ცხოვრება მათ ოდესმე აუცილებლად აჯილდოებს ამისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა კარი მშრალად შეგვენახა და ეს არ გამოგვივიდა. კმაყოფილი ვარ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დღეს ერთიანი გუნდის თამაში ვნახე, რაც შედეგზეც აისახა.

გამარჯვების დღესასწაულად გადაქცევისა და აღნიშვნის დრო არ გვაქვს, რადგან შუა კვირაში ჯერ "მანჩესტერ სიტისთან" მატჩი გველის, მერე - "ტოტენჰემთან".

აუცილებელია, რომ ახლა ამ მატჩებისკენ მივმართოთ მაქსიმალური ყურადღება. მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, რომ "ჩელსის" თამაშის გაუმჯობესებაში დიდი წვლილი შემაქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ყველაფერი მხოლოდ ფეხბურთელთა შრომისმოყვარეობის დამსახურებაა".

"ცხოვრება თავად გავირთულეთ. თამაშამდე ერთადერთი მიზანი გვქონდა, "ჩელსისთვის" მაქსიმალური პრობლემები შეგვექმნა, თუმცა ამ ამოცანის შესრულებას თავი ვერ გავართვით. გასაგები იყო, რომ რთული შესასრულებელი იყო, მაგრამ უფრო მეტი უნდა გვემოძრავა.

განსაკუთრებით ცუდი ის არის, რომ ორი გოლი სტანდარტული მდგომარეობების გათამაშების შემდეგ გავუშვით. მეტოქის კართან რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით.
ისეთ შეცდომებს კი, როგორიც ჩვენ დავუშვით, ასეთი ძლიერი მეტოქე არ გვაპატიებდა", - განაცხადა "ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა ნაიჯელ პირსონმა.

თამაში ჰილსბოროს წლისთავზე?
"ლივერპულმა" ნახევარფინალის საგზური ლუის სუარესისა და სტიუარტ დაუნინგის გოლების წყალობით მოიპოვა. ჯერ თამაშს, შემდეგ კი კენჭისყრის პროცედურას დიდი დაღი დაასვა რამდენიმე საათით ადრე "უაით ჰართ ლეინზე" მომხდარმა ტრაგედიამ. ყოველივე ამის თაობაზე "მეფე კენიმ" ბრძანა:

"ძნელია იმის წარმოდგენა, თუ რამხელა შოკი მიიღეს ფაბრის მუამბას ოჯახის წევრებმა და მისმა მეგობრებმა. როგორც ყველა, მეც იმედს ვიტოვებ, რომ ის უახლოეს მომავალში გამოჯანმრთელდება. დღეს მას გვერდით უდგას მთელი საფეხბურთო სამყარო. გულშემატკივართა საოცარი მხარდაჭერა ამის ნათელი დადასტურებაა.

ჩვენს თამაშს რაც შეეხება, ის მშვენიერი იყო ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. ბურთის კონტროლი ჩვენი მხრიდან იდეალური არ ყოფილა, მაგრამ ის, თუ როგორ ვიბრძოდით მის დასაუფლებლად, სამაგალითოდ მიმაჩნია.

თამაში ურთულესი აღმოჩნდა. "სტოკმა" ისეთი ტემპი შემოგვთავაზა, რომ ერთი პირობა ამასთან შესაგუებლად გადაწყობაც კი მოგვიხდა. მიუხედავად იმისა, რომ რეინა მაინცდამაინც დაკავებული არ იყო, დაცვაში მაინც უამრავი პრობლემა შეგვექმნა.

ვიცით, რომ "სანდერლენდსა" და "ევერტონს" შორის გამარჯვებულს შევხვდებით. გარწმუნებთ, მთელი მერსისაიდი "ევერტონის" გასვლას დაელოდება, თუმცა ვისაც არ უნდა შევხვდეთ, თამაში ძალიან დაძაბული იქნება. მატჩები 14 ან 15 აპრილს მოგვიწევს. 15 ჰილსბოროს ტრაგედიის წლისთავია. იმედია, უეფასა და ასოციაციაში ანგარიშს გაგვიწევენ და ამ დღეს ჩვენს თამაშს არ დანიშნავენ. ამ ტრაგიკული დღის შემდეგ წლისთავზე არასოდეს გვითამაშია და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა დავუშვათ გამონაკლისი წელს".

თამაშის შემდეგ ფეისბუქის გვერდზე გააკეთა კომენტარი ლუის სუარესმა:

"ჩემს გოლს და "ლივერპულის" გამარჯვებას ფაბრის მუამბას ვუძღვნი. მინდა მას მივმართო - იბრძოლე, მეგობარო, იბრძოლე! ვიცი, შენ ამას შეძლებ"!

"სტოკ სიტის" თავდამსხმელმა, ექსლივერპულელმა პიტერ კრაუჩმა კი ჟურნალისტებთან გასაუბრება არ დაიზარა. აი, რა უთხრა მან "ტრიბალფუტბოლს":

"ენდი კეროლს ჩემი რჩევები ნამდვილად არ სჭირდება. ის დიდი ტალანტია და უმჯობესია, თუკი ჭკუას საკუთარ შეცდომებზე ისწავლის. ის სწორედ ასე იქცეოდა "ნიუკასლში". ვფიქრობ, თავის პოტენციალს "ენფილდზე" ის ჯერ კიდევ წარმოაჩენს და ასეთ შემთხვევაში გულშემატკივრები ბევრად უფრო მეტად შეიყვარებენ.

უფრო დიდ მხარდაჭერას, ვიდრე "ლივერპულის" ფანებისგან შეიძლება ელოდოს, ის ვერსად მიიღებს. მე დღემდე მადლობელი ვარ მათი ყველაფრისთვის. იმედი მაქვს, თავის დროზე მათი ნდობის რაღაც ნაწილი მაინც გავამართლე. ისინი უბრალოდ შეუდარებლები არიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული