სერ ალექს ფერგიუსონს რაღაც დააკლდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 29-ე ტურში ვულვერჰემპტონის "მულინექსზე" მასპინძელი წელში გატეხა. დაგვეთანხმეთ, რომ გასვლით შეხვედრაში 5:0 იშვიათი მოვლენაა, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონის თქმით, მისი ფეხბურთელების თამაშის ხარისხი უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო.

რონალდ ზუბარის გაძევების შემდეგ სტუმრებმა "მგლები" 5 წუთში შოკში ჩააგდეს, როცა დროის მცირე მონაკვეთში 2 გოლი გაიტანეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

"მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ ხუთი ბურთით შევამცირეთ ბურთების სხვაობა. "სიტის" უპირატესობა ახლა სულ რაღაც პლუს სამია. სეზონის ბოლოს ამანაც შეიძლება თავისი როლი ითამაშოს ჩემპიონის ვინაობის გარკვევაში.

დღეს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ
სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული იყო. აღვნიშნავდი ვალენსიას მეორე გოლს. ანტონიო ტრავმის შემდეგ დაგვიბრუნდა და, უბრალოდ, ფანტასტიკურად ითამაშა. სწორედ მან შეუქმნა საგოლე სიტუაცია დენი უელბეკსაც. მატჩის ბედიც სწორედ ამ მონაკვეთში გადაწყდა.

მიუხედავად ანგარიშში სხვაობისა, მიუხედავად კაცნაკლულობისა, მეტოქეს ბრძოლა არ შეუწყვეტია, თუმცა თამაშის შემობრუნება მათ ძალებს აშკარად აღემატებოდა. ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის ბრძოლა ახალ ფაზაში შედის. წინ კიდევ 9 ტურია სათამაშო და მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრაცია იქამდე შევინარჩუნოთ, ვიდრე თამაშების "მარაგს" არ გამოვლევთ," - განუცხადა ფერგიუსონმა "სქაი სპორტს".

"იუნაიტედიდან" ანტონიო ვალენსიამ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ჯონი ევანსის მიღწევაც, ვინც მაიკლ კერიკის პასით "იუნაიტედში" თავის 119-ე შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა.

"რა თქმა უნდა ჩემი საგოლე სტატისტიკა შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ მე მაინც ვამაყობ, რომ პირველი გოლი გავიტანე, - განუცხადა ჩრდილოირლანდიელმა "იუნაიტედის" საკლუბო არხს. - კერიკმა პასი ისეთ სიტუაციაში გამიკეთა, რომ გატანის გარდა არაფერი დამრჩენოდა.

როგორც აღმოჩნდა, ამისთვის მზად არც კი გახლდით. ბიჭები მეხუმრებოდნენ, რომ სახე ცოტა შოკირებული მქონდა იმისგან, რაც ჩავიდინე.

მაისურს, რაც დღევანდელ შეხვედრაში მეცვა, აუცილებლად საგანგებოდ შევინახავ. ანტონიო ვალენსიამ მშვენიერი ფეხბურთი გვიჩვენა. ის მთელი წელია სტაბილურად თამაშობს, რაც მის კლასზე მიუთითებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული