- ხანდახან არის თამაშები, როცა დიდ პრობლემებს ელოდები, მაგრამ რეალურად ყველაფერი გაცილებით იოლად მიდის. რა თქმა უნდა, ხანდახან ყველაფერი საპირისპიროდაც ხდება. სეზონის დარჩენილ ნაწილში ჩვენ არაფერსაც არ ვგეგმავთ.
ერთადერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ, იმის მიუხედავად, თუ რას ლაპარაკობს მასმედია ჩვენზე. მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ფორმაში გახლდეთ და მისი განწყობაც საბრძოლო იყოს.
ამ ეტაპზე გამარჯვებათა სერია გვაქვს. აუცილებელია, შევინარჩუნოთ მიზანსწრაფულობა, რათა ის უპირატესობა, რასაც ვფლობთ, შევინარჩუნოთ.
ახლა ლაპარაკობენ, თითქოს ჩემი ფეხბურთელები ძალიან ბევრს დარბიან, მაგრამ ეს ასე არ არის. მათ ნამდვილად არავინ ავალებს კონკრეტული მანძილის დაფარვას თამაშის მიმდინარეობისას. მათ მიერ გაწეული შრომა გუნდის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. მომენტის სწორად შერჩევა, როდესაც გუნდმა პრესინგს უნდა მიმართოს, უმნიშვნელოვანესია. თუკი ასე არ ხდება და გუნდი ერთიანი ძალებით არ მოქმედებს, ფეხბურთელებს აუცილებლად მეტი მოძრაობა დასჭირდებათ და შეიძლება ამანაც ვერ უშველოს.
მიმაჩნია, რომ ბოლო თამაშებში პირველიდან ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას წინა თამაშების შედეგებს და მხოლოდ მომდევნოს მოგებაზე ვფიქრობთ. აუცილებელია სეზონის ბოლომდე ასეთი განწყობით მისვლა, რადგან მარცხის საშიშროება ყოველ შეხვედრაში არსებობს.
აშკარაა, რომ თავდადებული თამაში და უბურთოდ ბევრი მოძრაობა ძალიან მძიმე საქმეა. ასეთი სტილი ჩვენგან დიდ ენერგიას მოითხოვს. მხოლოდ იმის განსაზღვრა მსურს, თუ როგორია ჩვენი მიზანი. ძნელია თუ არა მისი მიღწევა, ამაზე ფიქრი არას გვარგებს. მხოლოდ ის უნდა გავითვალისწინოთ, რა გვევალება.
ყოველთვის ვამბობდი, რომ გულშემატკივრებისადმი იმპულსი უშუალოდ გუნდისგან უნდა მოდიოდეს. როცა გულშემატკივრები გრძნობენ, რომ გუნდი სწორი მიმართულებით მიდის, ისინი მასთან ერთად ბოლომდე დგანან. ბოლო პერიოდში ფანებს ოპტიმიზმის მეტი საფუძველი აქვთ და გუნდს მეტი ენთუზიაზმით უჭერენ მხარს.
ვიმეორებ, თავად ეს ენერგია უპირველესად გუნდისგან უნდა მოდიოდეს. მიუხედავად იმისა, რომ დროის მოკლე მონაკვეთში "ტოტენჰემს", "ლივერპულსა" და "ნიუკასლს" მოვუგეთ და კარგი პოზიცია მივიღეთ საბოლოოდ მეოთხე ადგილის დასაკავებლად, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.
ლაპარაკი იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლთა შორის მხოლოდ სამი გუნდი დარჩა, ძალიან ადრეა. გასაგებია, რომ ძირითადი ბრძოლა "ტოტენჰემს", "ჩელსისა" და ჩვენ შორის გაიმართება, მაგრამ შეცდომა იქნებოდა დროზე ადრე იმავე "ნიუკასლისა" და "ლივერპულის" ჩამოწერა. ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ 10 თამაშია. გაიხსენეთ, რომ 3 ტურის წინ "ტოტენჰემი" ჩვენთან 10-ქულიან უპირატესობას ფლობდა, ახლა კი ერთი ქულითღა გვისწრებს.
ე.წ. დიდი ოთხეული მიმდინარე სეზონში "შვიდეულად" გადაიქცა და ამიტომ ბრძოლა ბევრად უფრო მიმზიდველი და რთული გახდა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ასევე დარჩება მომდევნო სეზონშიც. ასე რომ, პრემიერლიგისადმი ინტერესი სულ უფრო გაიზრდება.
ჩემს გუნდს ამჟამად ამოუწურავი ლტოლვა აქვს თამაშების მოსაგებად. მან ეს "ნიუკასლთან" შეხვედრაში დაამტკიცა. განსაკუთრებული ბიძგი მოგვცა ტომას ვერმალენის გოლმა. დააკვირდით, რა ხდებოდა მეტოქის საჯარიმოში? გოლის მომენტში იქ ჩვენი 7 ფეხბურთელი იმყოფებოდა. იმ დღეს განსაკუთრებით არ გვინდოდა ქულის დაკარგვა, რაც ყოველ წუთს ცხადად იგრძნობოდა. რა თქმა უნდა, არავის სურს ყოველი თამაშის ბედის ბოლო წამებზე გადაწყვეტა, მაგრამ თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, იმ დღეს სხვანაირად არ მოხერხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"