დირკ კუიტი წასვლას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
"ლივერპულის" 31 წლის ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა დირკ კუიტმა შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის გასაგრძელებლად სხვა კლუბს მიაშუროს. ერთადერთი, რაც მას "ენფილდზე" აწუხებს, მწირი სათამაშო პრაქტიკაა. ამბიციური ფეხბურთელი 29 ტურში ძირითად შემადგენლობაში 17-ჯერ მოხვდა, 8-ჯერ კი შეცვლაზე ითამაშა.

"გუნდში ისეთი განცდა არსებობს, რომ რაღაც ძალიან დიდის მშენებლობის მოწმენი ვართ. ვგრძნობთ, რომ მომდევნო სეზონში უკვე სერიოზულად შეგვეძლება ტიტულებისთვის ბრძოლა, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. თანაც, მიმდინარე სეზონში ერთი ტიტულის მოგების შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

პირადად ძალიან მინდა, რომ ყველა შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში
ვიყო. ყოველთვის, როცა სკამზე ვრჩები, ძალზე გულდაწყვეტილი ვარ ხოლმე.

განსაკუთრებით, თუ ეს გადამწყვეტ მატჩებში ხდება. გული მწყდება, რადგან აშკარად კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ. მზად ვარ, "ლივერპულში" კარიერის ბოლომდეც კი დავრჩე, თუკი ჩემი მდგომარეობით კმაყოფილი ვიქნები. ხოლო ჩემს მოთხოვნებს აქ თუ ვერ აკმაყოფილებენ, მაშინ სხვა ვარიანტის მოძებნა მომიწევს," - განუცხადა ვეტერანმა "დეილი მირორს".

5-წლიანი კონტრაქტი ევანსს

ჩრდილოირლანდიელ ჯონათან ევანსს მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, 24 წლის ცენტრალურ მცველს ახალი 5-წლიანი კონტრაქტი და კვირაში 65 ათასი ფუნტის ანაზღაურება შესთავაზოს. "დეილი მეილის" ცნობით, მოლაპარაკებათა პროცესი უკვე დაწყებულია და მას წერტილი მალე დაესმება. სერ ალექს ფერგიუსონის სურვილი, გაახანგრძლივოს ფეხბურთელთან თანამშრომლობა, გასაგებია, რადგან ნემანია ვიდიჩის ტრავმის შემდეგ მან სერბი ვარსკვლავი სრულფასოვნად შეცვალა და ცხადია, მას მომავალშიც დიდი დახმარების გაწევა შეეძლება გუნდისთვის.

დისტენი ევერტონში რჩება

"ევერტონის" 34 წლის მცველ სილვენ დისტენს ხელშეკრულება 2012 წლის ივნისში ეწურება. ფრანგის სამსახურით მის სამშობლოში რამდენიმე ამბიციური კლუბია დაინტერესებული, მაგალითად, "ლიონი", თუმცა ფეხბურთელს საფრანგეთში დაბრუნება ჯერ არ ეჩქარება. თავის მხრივ "ევერტონიც" მზადაა, ვეტერანს ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს. მოლაპარაკებები მხარეთა შორის უახლოეს დღეებში დაიწყება. დიდი ალბათობით, რაიმე გართულება ამ პროცესს არ უნდა მოჰყვეს. დისტენს პრემიერლიგაში წელს 19 თამაში აქვს ჩატარებული. აქედან 17 - ძირითადში.

დამატებით 3 მილიონი არსენალისგან

საფრანგეთის ლიგა 2-ის აუტსაიდერმა "მონაკომ" "არსენალისგან" შარშანდელი ტრანსფერის გამო დამატებით 3 მილიონი ევრო მიიღო.

"მეთოფეებმა" მონეგასკელებს კორეელი თავდამსხმელის, პაკ ჩუ იუნის სანაცვლოდ 3,5 მილიონი ევრო გადაუხადეს. ნასყიდობის ხელშეკრულებაში შემდეგი პუნქტიც იყო: თუკი ფეხბურთელი სამხრეთ კორეის მთავრობისგან ჯარში სამსახურის გადავადებას მიიღებდა, მაშინ ლონდონელებს დამატებით 3 მილიონის გადახდა მოუწევდათ. 26 წლის თავდამსხმელმა ამ დღეებში ეს პატივი, როგორც იქნა, დაიმსახურა.

თუკი საბოლოოდ პაკ ჩუ იუნში გადახდილ თანხასა (6,5 მილიონი ევრო) და მისგან მიღებულ სარგებელს შევადარებთ (კინკილა გოლი ინგლისის ლიგის თასზე), ძნელად გაგვახსენდება არსენ ვენგერის მიერ დაშვებული მეორე ასეთი შეცდომა. ფეხბურთელმა არათუ "არსენალის" ძირითად გუნდში, რეზერვისტთა შორისაც კი ვერ დაიმკვიდრა თავი.

ონილის შიში არ გამართლდა
"სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელის, მარტინ ო’ნილის თქმით, დეკემბერში, როცა ის "სანდერლენდში" დაინიშნა, სერიოზულად შიშობდა, რომ მას ახალ გუნდთან ერთად პრემიერლიგაში დასარჩენად ბრძოლა მოუწევდა.

ამის საფუძველი მას ნამდვილად ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ "შავი კატები" ამ დროისთვის მე-17 ადგილზე იყვნენ და გასავარდნ ზონას სულ რაღაც 2 ქულით უსწრებდნენ. თუმცა მას მერე გუნდმა 14 შეხვედრაში 26 ქულა აიღო და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

"ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. კარგია, რომ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრის ნაცვლად აქცენტს იმაზე ვაკეთებთ, რომ როგორმე კიდევ ერთი საფეხურით ზემოთ ავინაცვლოთ," - განუცხადა ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა "დეილი მირორს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული