პრემიერლიგა. XXIX ტურის გამოხმაურება: ლიდერების აკორდი

AutoSharing Option
რობერტო დი მატეოს ხელმძღვანელობით "ჩელსის" 4-იდან 4 თამაში ჰქონდა მოგებული და გამარჯვების შანსი "ეტიჰადზეც" ჰქონდა.

"ლურჯებმა" "ქალაქელთა" შეტევებს ბოლოს ვეღარ გაუძლეს და დაეცნენ. სამწუხაროა, მაგრამ ლონდონელთა საჩემპიონთალიგო პერსპექტივები კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა, რადგან უშუალო კონკურენტთაგან "არსენალმა" იმარჯვა, "ტოტენჰემმა" კი ქულა აიღო.

რობერტო მანჩინი გულშემატკივარს ამას წინასწარ შეჰპირდა - 6-თვიანი პაუზის შემდეგ კარლოს ტევესი სათადარიგოთა შორის აღმოჩნდა.

არგენტინელი გამოვიდა და დაამტკიცა, რომ "სიტიში" ის ზედმეტი კაცი არ არის. სწორედ მისი გენიალური გადაცემის შემდეგ გაიტანა გამარჯვების ბურთი სამირ ნასრიმ. მასპინძელთა იტალიელმა თავკაცმა
იოლად გადაჭრა საკადრო პრობლემებიც, როცა ორი წამყვანი ცენტრალური მცველის (ლესკოტი, კომპანი) გარეშე დარჩენილმა მათ ადგილას კოლო ტურე და მიკა რიჩარდსი დააყენა. წინასწარ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ "სიტის" მძიმე თამაში ელოდა. მან ეს გამოცდა ღირსეულად ჩააბარა და "ეტიჰადზე" 15 თამაშიდან მე-15 მოიგო, რითაც მიჯრით მოპოვებული საშინაო გამარჯვებების საპრემიერლიგო რეკორდი დაამყარა.

მასპინძლებს ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლოთ: იაია ტურეს გრძელი პასის შემდეგ კარში ნასრი ურტყამდა - ფრანგმა ხარიხას გაარტყა.

თავის გამოჩენა შეეძლო მარიო ბალოტელისაც, თუმცა იტალიელმა მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა. მანჩინიმ მეორე ნახევარში ის გარეთ ბერით შეცვალა, წინა ხაზზე კი კუნ აგუერო დატოვა. ნასრიმ მე-60 წუთზე მეორედ გაარტყა ხარიხას.

ამის შემდეგ წუთიც არ იყო გასული, რომ "ჩელსის" მიერ შექმნილი პირველი რეალური მომენტი გოლით დაგვირგვინდა. საჯარიმოში ბურთი კეჰილს მიუვიდა. ცენტრალური მცველის დარტყმა იაია ტურეს მოხვდა, მიმართულება ცოტათი შეიცვალა და ბადეში გახვია - 0:1.

სიტუაცია გადასარჩენი გახდა. ეს მისია ტევესს დაევალა. 77-ე წუთზე პაბლო საბალეტას ჩაწოდება მიკაელ ესიენს ხელზე მოხვდა. აგუერომ პენალტი იდეალურად დაარტყა - 1:1. "სიტიმ" ზეწოლა ამის მერეც განაგრძო. ყველაფერს წერტილი 85-ე წუთზე ნასრი-ტევესის კომბინაციამ დაუსვა, რომელზეც შესავალშივე მოგახსენეთ.

ვერმალენის მესამე ადგილი
"არსენალის" ბელგიელი ცენტრალური მცველი ტომას ვერმალენი ზედიზედ მეორე მატჩია, გუნდისთვის გადამწყვეტ გოლებს იტანს. დევიდ მოიესს წამყვანი ფეხბურთელები: ჯეკ როდუელი, დარონ გიბსონი და შეიმუს კოულმენი დაუშავდა, რამაც მერსისაიდელთა შუახაზი საგრძნობლად დაასუსტა. არ იყო ფილ ნევილიც.

"მეთოფეებს" კი "ნიუკასლთან" მოგებული მატჩის შემდეგ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ჰქონდათ - ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ნაცვლად ძირითადში აარონ რემსი გამოჩნდა. არსენ ვენგერმა ორი სუფთა თავდამსხმელი დააყენა ძირითადში. თამაში სტუმართა შეტევებით დაიწყო. სადებიუტო წუთებში ორჯერ შეეძლო გატანა რემსის, მაგრამ უელსელმა ორჯერვე ძალიან მაღლა დაარტყა.

ანგარიში მაინც მალე გაიხსნა. რობინ ვან პერსის კუთხურისას ვერმალენმა ბურთისთვის ბრძოლა მასზე 10 სმ-ით მაღალ მარუან ფელაინის მოუგო და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. მე-10 წუთზე შეეძლო ანგარიშის გაზრდა თავად ვან პერსის. ტიმ ჰოვარდმა ჰოლანდიელის დარტყმა ფეხით მოიგერია.

შეტევით, ძირითადად, სტუმრები უტევდნენ, თუმცა ხანდახან სახიფათო მომენტებს "ევერტონიც" ქმნიდა. 31-ე წუთზე როისტონ დრენტემ შეძლო გატანა, მაგრამ არბიტრმა ლი მეისონმა თამაშგარეს გამო არ ჩათვალა. გამეორებაზე აშკარად გამოჩნდა, რომ ის უხეშად შეცდა.

ასეთი კარგი შანსი "ლურჯებს" თამაშის ბოლომდე აღარ მისცემიათ. მეორე ნახევარში "ევერტონმა" ცოტა ტემპსაც მოუმატა და გუნდურადაც უფრო მეტად ირჯებოდა, მაგრამ ვოიცეხ შჩესნის თამაშის გადასარჩენად საქმე მხოლოდ ერთხელ დაუდგა. სტუმარი მთლიანად კონტრშეტევებზე იყო გადართული.

ერთ-ერთი ასეთი გაქცევის დროს კირან გიბსის პასის შემდეგ ვან პერსიმ ხარიხას გაარტყა. თამაშის შემდეგ ბევრი დაიწერა, რომ "ევერტონი" წაგებას არ იმსახურებდა; არბიტრის შეცდომა რომ არა, არავინ იცის, რა მოხდებოდაო, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი უკვე ძალიან გვიანია.

რომ არა ვან დერ ვაარტი...
"ტოტენჰემის" თამაში "არსენალზე" 15 წუთით გვიან დაიწყო. ასე რომ, როცა "მეთოფეები" გასახდელში დაბრუნდნენ, პირდაპირ ეთერში შეეძლოთ ეყურებინათ, როგორ აგებდა თამაშს მათი უშუალო კონკურენტი ლამის ბოლო წამამდე. ჰარი რედნაპმა მეტოქეს ახალი, პრინციპში, ვერაფერი შესთავაზა.

"დეზები" პირველ ტაიმში უფრო სუსტები იყვნენ, როცა მომენტებს კი ქმნიდნენ, მაგრამ უფრო ეპიზოდურად და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. მაგალითად, რაფაელ ვან დერ ვაარტმა მოპარა ბურთი პალასიოსს, თუმცა საჯარიმოს გარედან დარტყმა ცოტა სუსტი გამოუვიდა. შემდეგ მოდრიჩს შეეძლო მახვილი კუთხიდან კარის აღება, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა. ლუის საამაც შორიდან დააქუხა, მაგრამ ასმირ ბეგოვიჩმა აუღო.

"სტოკ სიტის" დაცვაში სერიოზული ნაპრალის პოვნა მეორე ტაიმშიც არ იყო იოლი საქმე, თუმცა ჯერმეინ დეფოს მოედანზე გამოსვლის შემდეგ ბეგოვიჩის კართან ტემპერატურამ ცოტა კიდევ იმატა. ანგარიშის გახსნა შეეძლო გარეთ ბეილს, არ გამოუვიდა - უელსელმა 25 მეტრიდან ბურთი ხარიხას გაარტყა.

"სტოკმა" თავისი გოლი მოულოდნელად შეაგდო. ჯარიმიდან ჯერმეინ პენანტის ჩაწოდებული თავზე რობერტ ჰუთმა მოიგდო, რიკოშეტის შემდეგ ის კარში წავიდა და კემერონ ჯერომმა ნახტომში მისცხო ფეხი.

მასპინძლები საბოლოო შტურმზე წავიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ თამაში თავის თავზე მთლიანად გარეთ ბეილმა აიღო, რადგან კარში მხოლოდ ის ურტყამდა. მართალია, თავად გატანა არ გამოუვიდა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე წამებით ადრე საგოლე გადაცემა კი გამოუვიდა - ვან დერ ვაარტმა ჰუთს ბრძოლა მეორე სართულზე მოუგო - 1:1.

დაბრუნება ლოფტუს როუდზე
"ლოფტუს როუდზე" "ლივერპული" დიდი იმედებით გავიდა სათამაშოდ, რადგან "წითლებმა" ჯერ ქალაქური დერბი მოიგეს, მერე ასოციაციის თასზეც იმარჯვეს. "მეფე კენის" ბიჭები წელს ძალიან არასტაბილურები არიან და თუ ამ ლოგიკით გავყვებით, ისევ წაფორხილების დრო ედგათ. პირველი გოლი კუთხურის გათამაშების შემდეგ შექმნილ არეულობას მოჰყვა.

მცველებმა ბურთი ცუდად გამოიტანეს, კოატესმა კი ულამაზესი მაკრატელა დარტყმით გახსნა ანგარიში. მეორე გოლიც "ქუინზ პარკის" დაცვის შეცდომას მოჰყვა - დირკ კუიტმა დასწრებაზე ითამაშა.

ამის შემდეგ "ლივერპული" რას აკეთებდა, ძნელი სათქმელი იყო. დერიმ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს შეუშვირა თავი; ჯიბრილ სისემაც თავურით დაამწუხრა ყოფილი გუნდი; 29-ე ტურის საფინალო აკორდი ჯეიმი მაკიმ დასვა, როცა ხოსე ენრიკესა და მარტინ შკრტელის შეცდომის წყალობით რეინასთან პირისპირ დარჩა და თამაშს წერტილი დაუსვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული