ლონდონის "არსენალი" წარმატებების იმედად

AutoSharing Option
ნაიჯელ უინტერბერნმა "არსენალში" 13 წელიწადი (1987/2000) გაატარა და "მეთოფეთა" ღირსება ყველა ტურნირზე ერთად 500-ზე მეტ თამაშში დაიცვა. მისი აზრით, ჩრდილოლონდონელებს მომდევნო სეზონში უკვე შეეძლებათ პრემიერლიგის მოსაგებად ბრძოლა.

"გუნდში ნამდვილად კარგი შემადგენლობაა შეკრებილი. თუკი მათ 2-3 ძლიერ ფეხბურთელს დაამატებენ, დარწმუნებული ვარ, "არსენალი" კიდევ უფრო საშიში გახდება და იმედი მაქვს, რომ, როგორც მინიმუმ, გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. თუმცა ისიც მესმის, რომ თუკი ამ მიზანს იდეაფიქსად დაისახავ, ვერაფერსაც ვერ მიაღწევ.

ის, რაც "არსენალს" პირველ რიგში სჭირდება, ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვაა. ბოლო წლებში სულ ის მესმის,
რომ გუნდს "მშრალი" პერიოდი ძალიან გაუგრძელდა, მაგრამ კრიტიკოსებს შემიძლია გავახსენო, ყველაზე ცოტა, ორი სეზონი, როცა რეალურად ძალიან ახლოს ვიდექით გამარჯვებებთან.

გუნდი ფინალებში გავიდა, ნახევარფინალებშიც იყო. ასე რომ, ჩემი აზრით, ხანდახან წარმატებასა და უიღბლობას შორის ძალიან ვიწრო ზოლია ხოლმე გავლებული. თუკი "არსენალი" ასეთივე დონეზე განაგრძობს გამოსვლას სეზონის ბოლომდე და მომდევნოსაც ანალოგიურად დაიწყებს, ნამდვილად შეძლებენ უმაღლეს მიზნებთან შეჭიდებას.

გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი ძალების რწმენას. ჩვენ უბრალოდ არ უნდა დავუშვათ ფიქრიც კი იმაზე, რომ შეიძლება წავაგოთ - მაშინაც კი, როცა თამაშს ვაგებთ.

როცა წარმატების გჯერა, მას აუცილებლად მიაღწევ და მინიმუმ, ფრეს მაინც გამოჰკრავ ხელს. ჩემი აზრით, გულშემატკივრებს ხანდახან არ ესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის ეს ფაქტორი.

"არსენალმა" კი უკვე დაამტკიცა, რომ მას ეს თვისება აქვს. ფეხბურთელები მორალურად განადგურებულები იყვნენ "მილანთან" საშინელი წაგების შემდეგ, მაგრამ არანაკლებ მძიმე იყო იმ კრიტიკის მოსმენა, რაც მათი მისამართით ისმოდა. არა უშავს, "არსენალმა" მიყოლებით მოგებული თამაშების სერიით ყველას უჩვენა, რომ დიდი სურვილი ჰქონდა დაბრუნებულიყო საჩემპიონთალიგო ოთხეულში," - აცხადებს უინტერბერნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული