ინგლისი. პრემიერლიგა. XXXI ტურის წინ: ქალაქი მდევრის როლში

AutoSharing Option
"ასტონ ვილამ" წინა ტურში უიმედოდ დათმო შეხვედრა "არსენალთან", რამაც ბირმინგემელთა ხელმძღვანელობა მიახვედრა, რომ ჯერ კიდევ არსებობდა პრემიერლიგიდან გავარდნის შანსი, ამიტომ წამყვან ფეხბურთელებთან ახალ კონტრაქტებზე მოლაპარაკებები შეწყდა.

ერთი სიტყვით, "ვილა პარკზე" ნამდვილად არ სუფევს საზეიმო განწყობა. გულშემატკივრები მთავარ მწვრთნელს დასანახად ვერ იტანენ, ალექს მაკლიში კი გუნდიდან წასვლას არ აპირებს.

"ჩელსი" უკანასკნელი უქმეების შემდეგ იმედგაცრუებულია, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "ტოტენჰემს" ვერ მოუგო.

"ლურჯებს" ესმით, რომ ბირმინგემში ქულების დაკარგვა უკვე იმის ნიშანი იქნება, რომ ოთხეულისთვის ბრძოლას წყვეტენ. მათ ისღა დარჩენიათ,
თავისი მოსაგები მოიგონ და მეორე დღეს "ტოტენჰემის" წაფორხილებას დაელოდონ.

წესით, "ევერტონს" დიდი პრობლემები არ უნდა შეექმნას, რადგან დევიდ მოიესის გუნდი ბოლო ორი თამაში ბრწყინვალე ფეხბურთს გვიჩვენებს. მერსისაიდელებმა გასვლით მატჩებში ჯერ "სუონსი" დაამარცხეს, მერე "სანდერლენდი" (ასოციაციის თასზე) და როი ჰოჯსონის გუნდთანაც ფავორიტებად მიიჩნევიან.

სტუმრებს კი მიმდინარე სეზონში გადასაჭრელი ამოცანა პრაქტიკულად აღარ დარჩათ. მართალია, ლიგაში ადგილი ოფიციალურად ჯერ არ გაუნაღდებიათ, მაგრამ რეალური საფრთხე უკვე ჩავლილია. "ნიუკასლთან" სამარცხვინოდ წაგებული მატჩის შემდეგ მათ შეიძლება ყურები შეიბერტყონ და "გუდისონ პარკზე" ცოტა მეტი ენერგია დახარჯონ.

30-ე ტურში "ფულჰემმა" "ოლდ ტრეფორდზე" დათმო 3 ქულა. "ოცნებათა თეატრის" სცენაზე ვის არ წაუგია, მაგრამ გულდასაწყვეტი ის იყო, რომ ამის მიზეზი იყო არა იმდენად "კოტეჯელთა" სუსტი ასპარეზობა (არც ამის აღუნიშნაობა ივარგებს), არამედ მაიკლ ოლივერის მიერ ბოლო წუთზე 100%-იანი პენალტის არდადება.

წესების დარღვევა რომ იყო, ეს ალექს ფერგიუსონმაც ვერ დამალა, სტუმრებს თერთმეტმეტრიანის მოთხოვნის უფლება ნამდვილად ჰქონდათო, თქვა მან. ცუდი კიდევ ის არის, რომ ლონდონელები ამ წაგების შემდეგ საბოლოოდ გამოეთხოვნენ საევროთასო ამბიციებს.

"ნორვიჩმა" ბოლო ტურში გამარჯვებით (2:1) საბოლოოდ გაინაღდა ელიტაში დარჩენა. ბუკმეკერები მასპინძელს მოგების მეტ შანსს აძლევენ, რადგან პოლ ლამბერტის გუნდს საუკეთესო ბომბარდირი (12 გოლი) გრანტ ჰოლტი დააკლდება, ვინც არბიტრმა მარკ კლეტენბერგმა "ვულვზთან" მატჩის მიწურულს მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევა.

უჩვეულო როლში - მდევრებად
"მანჩესტერ სიტის" თავს უჩვეულოდ გრძნობს. მიმდინარე სეზონში "ქალაქელები" პირველ ადგილზე 5 თვის განმავლობაში იყვნენ გამაგრებულნი, მაგრამ 11 მარტს "სუონსისთან" წაგების შემდეგ მდევრის როლი მოირგეს. ვისაც არ ეზარება, ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ შექმნილი ვითარების გამო მათ ნერვები ღალატობთ. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ასეთ ბრძოლებში გამობრძმედილი "სიტის" არცერთი ფეხბურთელია.

რობერტო მანჩინის იტალიის ჩემპიონატი მრავალჯერ მოუგია, მაგრამ ეს იმ დროს, როცა "კალჩოპოლის" სკანდალის შემდეგ ვითარება იტალიურ ფეხბურთში ძალიან არეული გახლდათ. "სანდერლენდს" ("ნორვიჩისა" არ იყოს) ბოლო ტურებში აღარაფერი ანაღვლებს და თუ მაინცდამაინც თავს გამოიდებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მერე საჩემპიონო მარათონში თავის როლზე სალაპარაკო გაუჩნდეს. თუმცა მაინც ვეჭვობთ, მარტინ ონილის შეგირდები "ეტიჰადზე" მასპინძელს რამეს გამორჩნენ, "სიტის" ხომ შინ 15-დან 15 მოგება აქვს.

არსენალი და ტრადიცია
მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, რაც წელს "არსენალში" უკვე ერთგვარი ტრადიციაა, "მეთოფეები" "ლოფტუს როუდზე" ლონდონურ დერბიში შეხვედრის აშკარა ფავორიტი არიან. არსენ ვენგერის შეგირდებმა ჩემპიონატში ზედიზედ 7 თამაში მოიგეს და გაჩერებას არც დღეს აპირებენ.

ჩრდილოლონდონელებზე ერთი უცნაურობის აღნიშვნა შეიძლება. 2 თამაშია რობინ ვან პერსის არ გაუტანია. ვფიქრობთ, ამის გამო ის ჩვეულებრივზე მეტად კონცენტრირებული იქნება. მარკ ჰიუზის გუნდზე კი იმას გეტყვით, რომ ეს გუნდი მორიგეობით ხან იგებს საშინაო შეხვედრას, ხან მარცხდება. წინა შემთხვევაში "ლოფტუს როუდზე" "ლივერპული" დაეცა. ამ ლოგიკიდან გამომდინარე...

"უიგანი" ბოლო სამი თამაშია არ დამარცხებულა, რამაც რობერტო მარტინესის გუნდს გადარჩენის იმედი გაუღვივა. განსაკუთრებით ეფექტური იყო გუნდი "ენფილდზე", საიდანაც სრულიად დამსახურებულად წამოიღო 3 ქულა. "სტოკ სიტიმ" უკანასკნელ შეხვედრაში "სიტის" დასცინცლა ქულა და რაკი დიდად არც გავარდნაზე ნერვიულობს და არც რამე პერსპექტივა აქვს, "დივი სტედიუმზე" ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებს.

ბოლოადგილოსანი "ვულვზი" კიდევ ერთ აუტსაიდერ "ბოლტონს" მასპინძლობს. "მოლინიუზე" "მგლებს" ერთადერთი უპირატესობა აქვთ - სტუმარი "ტოტენჰემთან" სათასო დაპირისპირების შემდეგ დაღლილია. აისახება თუ არა ეს ანგარიშში, ამას ვნახავთ. ისე, "ბოლტონი" უკეთეს ფორმაშია - ჩემპიონატში ზედიზედ ორი თამაში აქვს მოგებული.

"სენტ ჯეიმს პარკთან" "ლივერპულს" კარგი მოგონებები აკავშირებს. "წითლებს" ბოლო წლებში აქ მასპინძელი ორჯერ ჰყავთ გემოზე "გალახული" - 2009-ში 5:1, 2008-ში კი 3:0. რამდენად უშველის კენის დალგლიშის გუნდს ისტორია, ძნელი სათქმელია. ფაქტი ერთია, "უილიამ ჰილი" მასპინძელს მოგების ნაკლებ შანსს უწინასწარმატყველებს.

"ტოტენჰემმა" პრემიერლიგაში ბოლო თამაში 11 თებერვალს მოიგო "ნიუკასლთან". მას მერე ჩემპიონატში "დეზებმა" 5 თამაში გამართეს, საიდანაც 3 წააგეს. თუმცა "უაით ჰართ ლეინზე" ჰარი რედნაპის გუნდი მაინც უპირობო ფავორიტი იქნება. მიზეზი მარტივია. ლონდონელებმა ბოლო ტურში "სტემფორდ ბრიჯიდან" წამოიღეს ქულა, რასაც თასზე "ბოლტონთან" 3:1 მიაყოლეს და ხასიათი ცოტა გამოიკეთეს.

უელსელებმა პრემიერლიგაში ზედიზედ მოგებული 3 მატჩის შემდეგ მოულოდნელად "ევერტონთან" დათმეს შეხვედრა. რას მოიფიქრებს ბრენდან როჯერსი, ამას ხვალ ვნახავთ.

ორშაბათს ჩვენი დროით 23:00-ზე "ივუდ პარკზე" "ბლექბერნი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს, რითაც 31-ე ტური დაიხურება. ეჭვსგარეშეა, რომ "ალისფერი ეშმაკები" შურისძიების სურვილით აღვსილები გავლენ მოედანზე, რადგან დღემდე მწარედ ახსოვთ პირველი წრის შეხვედრა და სტივ კინის "წინასაახალწლო საჩუქარი" -
3:2. თანაც, "იუნაიტედს" "სიტის" შედეგი უკვე ეცოდინება და შესაბამისად ალექს ფერგიუსონს გუნდის მოტივირება არ გაუჭირდება.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXI ტური
31 მარტი
ასტონ ვილა-ჩელსი 18:00
ტრავმა: კლარკი, ბენტი, დელფი, ნ’ზოგბია, დანი - ტერი, ივანოვიჩი

ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
ტრავმა: კოულმენი, როდუელი, გიბსონი - რიდი, ოდემვინგე, ფულოპი, გერა

ფულჰემი-ნორვიჩი 18:00
ტრავმა: სიდუელი, გრიგერა, ეთერიჯი - სა, აიალა, რუდი, ტირნი, ვონი
დისკვალიფიკაცია: - ჰოლტი

მანჩესტერ სიტი-სანდერლენდი 18:00
ტრავმა: ლესკოტი, აგუერო - ვესტვუდი, ო’ში, რიჩარდსონი, ბრაუნი, ანხელერი, ბრამბლი
დისკვალიფიკაცია: - კატერმოული

ქუინზ პარკი-არსენალი 18:00
ტრავმა: კემპბელი, ჰელგუსონი, ფორლინი, ჰოლი, ჰილი, დაიერი, ტრაორე - ფრიმპონგი, სკილაჩი, დიაბი, მერტეზაკერი, უილშირი, კოკლენი

უიგანი-სტოკ სიტი 18:00
ტრავმა: პოლიტი, ჯონსი, როდალიეგა - დიაო, სიდიბე, ვუდგეიტი

ვულვერჰემპტონი-ბოლტონი 18:00
ტრავმა: ო’ჰარა, ჰენრი, მილიაში, დევისი - გარდნერი, ჰოლდენი, მირსი, ლი, მუამბა
დისკვალიფიკაცია: ზუბარი 

1 აპრილი
ნიუკასლი-ლივერპული 16:30
ტრავმა: ბესტი, ტიოტე, ამეობი, სიმპსონი, ლოვენკრანდსი, ს. ტეილორი, რ. ტეილორი, მარვო - ლეივა, აგერი, ჯონსონი, ბელამი, რობინსონი, კელი, ადამი

ტოტენჰემი-სუონსი 19:00
ტრავმა: ჰადლსტოუნი, კინგი, დოუსონი, ადებაიორი, გომეში, ლენონი - აგუსტინი, ორლანდი, ბოდე
დისკვალიფიკაცია: - დაიერი

2 აპრილი
ბლექბერნი-მანჩესტერ იუნაიტედი 23:00
ტრავმა: სალგადო, ჟივე, გრელა - მაკედა, ფლეტჩერი, ანდერსონი, ნანი, ჯონსი, ვიდიჩი, ლინდეგორი, კლევერლი, ოუენი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 30 23 4 3 74-27 73
2. სიტი 30 22 4 4 72-22 70
3. არსენალი 30 18 4 8 61-39 58
4. ტოტენჰემი 30 16 7 7 53-35 55
5. ჩელსი 30 14 8 8 49-34 50
6. ნიუკასლი 30 14 8 8 44:42 50
7. ლივერპული 30 11 9 10 36-31 42
8. სანდერლენდი 30 11 7 12 39-34 40
9. ევერტონი 30 11 7 12 30-32 40
10. სუონსი 30 10 9 11 34-36 39
11. ნორვიჩი 30 10 9 11 41-47 39
12. სტოკ სიტი 30 10 8 12 29-41 38
13. ფულჰემი 30 9 9 12 37-41 36
14. ვესტ ბრომვ. 30 10 6 14 36:41 36
15. ასტონ ვილა 29 7 12 10 31-38 33
16. ბლექბერნი 30 7 7 16 43-62 28
17. ბოლტონი 29 8 2 19 33-58 26
18. ქუინზ პარკი 30 6 7 17 33-53 25
19. უიგანი 30 5 10 15 27-55 25
20. ვულვზი 30 5 7 18 31-65 22

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული