"ივუდ პარკის" ბინადრები დიდხანს იბრძოდნენ თავგამოდებით, მაგრამ ბოლოს ორი ჩხვლეტა მაინც გაუშვეს.
თამაში "ალისფერი ეშმაკების" შეტევებით დაიწყო. სტუმარი აქტიური იყო განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგზე. "ვარდები" პირველად ბურთიანად დავიდ დე ხეას კარის მისადგომებთან მხოლოდ მე-5 წუთზე გამოჩნდნენ, მაგრამ იაკუბუ აიგბენის მცდელობას სახიფათო მომენტი არ მოჰყოლია. მე-11 წუთზე ანგარიში უნდა გახსნილიყო. "იუნაიტედის" შეტევა ძალიან გაიჭიმა. მასში ლამის მთელი
საბოლოოდ ახლო მანძილიდან ხავიერ ერნანდესმა დასწრებაზე ითამაშა. ბურთი პოლ რობინსონს ხელებს ქვეშ გაუძვრა, მაგრამ ბოლო წამს მაინც შეძლო მისი დამორჩილება. მე-18 წუთზე "ბლექბერნმა" პირველი ძალიან სახიფათო მომენტი შექმნა. დევიდ ჰოილეტმა 23-24 მეტრიდან ბურთი მარჯვენა "ცხრიანში" გაუშვა, მაგრამ დე ხეამ ულამაზეს ნახტომში შეძლო მოგერიება.
პირველი ტაიმის მიწურულამდე, პრინციპში, არც არაფერი შეცვლილა. გუნდები პოზიციური ბრძოლით გაერთნენ და სახიფათო მომენტების შესაქმნელად ვეღარ იცლიდნენ.
ჰოვარდ ვების მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა მიყოლებით ორი ისეთი მომენტი შექმნეს, რომ არა დავიდ დე ხეას ბრწყინვალე თამაში, "მანჩესტერს" საქმე კარგად არ წაუვიდოდა. ჯერ მარკუს ოლსონმა გაისროლა შორიდან და ესპანელი გოლკიპერი მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოგვიდგა. კუთხურის გათამაშების შემდეგ კი გრანტ ჰენლიმ დაარტყა თავით, მაგრამ დე ხეა ისევ ფანტასტიკური იყო.
მეორე ნახევრის პირველმა ათმა წუთმა უინტერესო თამაში გვაჩუქა. 55-ედან კი სახიფათო მომენტების კასკადი მოეწყო. ჯერ უეინ რუნიმ იყოჩაღა და შორეულ საჯარიმო კარში გაუშვა.
რობინსონი ბურთს ადგილზე დახვდა და მოიგერია. მერე რაფაელმა სცადა ანგარიშის გახსნა და 27 მეტრიდან ახლო კუთხეში დაარტყა.
რობინსონი ისევ კარგად გაისარჯა - ბურთი მოიგერია. ზედიზედ მოწოდებული კუთხურების შემდეგ ერნანდესი გოლკიპერთან პირისპირ დარჩებოდა, მაგრამ ბურთს რატომღაც ყველაზე მოუხერხებელ პოზიციაზე დახვდა და ნახტომში თავით ვეღარ მიწვდა.
რომ არა ეს შეცდომა, მექსიკელს გატანა ნამდვილად არ გაუჭირდებოდა. 62-ე წუთზე უკვე პედერსენს შეეძლო საჯარიმოდან მეტოქის დამწუხრება. დე ხეამ უხერხულად მოიგერია, მაგრამ იქვე რიო ფერდინანდი გაჩნდა და მომენტი განმუხტა. მალე სტივენ ნზონზის პასით პედერსენმა შორიდან გაიტანა, თუმცა აშკარა იყო, რომ პასამდე ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. ალექს ფერგიუსონმა შეცვლებით სცადა მატჩის შემოტრიალება. ჯერ დენი უელბეკი გამოვიდა (ეს ცოტა ადრე მოხდა), მერე რაიან გიგზი გამოჩნდა საყრდენად მოთამაშე ფილ ჯონსის ნაცვლად.
81-ე წუთზე კი ანგარიში წესების სრული დაცვით გაიხსნა. ანტონიო ვალენსიამ სეზონში მე-3 პრემიერლიგური გოლი გაიტანა. ეკვადორელმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე რაფაელისგან მიიღო, საჯარიმოსკენ შეიწია და პირდაპირი დარტყმით წარმოუდგენელი პოზიციიდან ბადეში გაახვია - 0:1.
მარტინ ოლსონი ამ მომენტში სტატისტის როლში დარჩა, რობინსონმა კი ყუმბარისებურ დარტყმას ნაგვიანევი რეაქცია შეაგება.
86-ე წუთზე მატჩს წერტილი დაესვა. მეორე გოლი ისევ მოულოდნელად გავიდა. ფლანგიდან ვალენსიამ ცენტრში ეშლი იანგს გადააწოდა. მას ბრედლი ორი და სკოტ დანი მეურვეობდნენ. სიტუაცია თითქოს გამოუვალი იყო, მაგრამ სტუმარმა მოახერხა შემოტრიალება და რობინსონს აუღებელი დაურტყა - 0:2. თამაშის დასრულებამდე თამაშს სტუმრები აკონტროლებდნენ. საბოლოოდ "ეშმაკებმა" ბურთის ფლობის უნიკალური მაჩვენებელი - 73% დააფიქსირეს.
ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი): "რთული საღამო აღმოჩნდა, არა? მთელი თამაშის განმავლობაში მიზანმიმართულად ვიმუშავეთ და მატჩის ბოლოს შედეგიც მივიღეთ. რეალური საგოლე შანსი რასაც ჰქვია, ჩვენ ასეთი არცთუ ისე ბევრი გვქონდა. ფლანგზე ანტონიო ვალენსიას აქტიურობას თავიდან შედეგი არ მოჰქონდა, თუმცა მეტოქეზე ზეწოლა წამითაც არ შეგვიწყვეტია, რადგან ვიცოდით, რომ მისთვის კონტრშეტევების შანსი არ უნდა მიგვეცა. ვინ იცის, რა ფასი დაედება ბურთების სხვაობას. სწორედ ამიტომაა კარგი, რომ ის უკვე გამოვასწორეთ.
ცოტა ხნის წინ მეტოქეს პლუს 18 ჰქონდა, ახლა ერთი ბურთითღა გვისწრებს. რაკი ამას მივაღწიეთ, არ ნიშნავს, რომ უნდა დავკმაყოფილდეთ.
მსგავს სიტუაციებში უკვე საკმაო გამოცდილება დავაგროვე და ალღო მეუბნება, რომ როცა წინ კიდევ 7 თამაშია, 5 ქულა გადამწყვეტი უპირატესობა ჯერ კიდევ არ არის. ახლა მთავარია, კვირას მოვახერხოთ "ქუინზ პარკთან" გამარჯვება".
გაიჭრა, გაიჭრა...
მხოლოდ სტატისტიკისთვის თვალის გადავლებაა საჭირო და მივხვდებით, თუ რატომ არის "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველ ადგილზე. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა 14 იანვრიდან მოყოლებული 33 შესაძლებლიდან 31 ქულა აიღო, ანუ 11-იდან 10 თამაში მოიგო.
ის ერთი ფრეც "ეშმაკებმა" "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისთან" 3:0-ის ჩამორჩენის შემდეგ მოიპოვეს. მოქმედმა ჩემპიონებმა გუშინ "ივუდ პარკზე" მიყოლებით მე-7 შეხვედრა მოიგეს და რაკი მის მიმოხილვას ცალკე გთავაზობთ, მასზე აქ აღარ შევჩერდებით. შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია 5-ქულიანი უპირატესობა, ფერგი ამბობს, რომ ეს ჯერ კიდევ არაფერია.
პრინციპში, შეიძლება დაეთანხმო კიდეც. "სიტის" ნამდვილად შეუძლია დარჩენილი ყველა თამაშის მოგება, მათ შორის, "ეტიჰადზე" უშუალო კონკურენტთან; მათ შორის, "ემირიტსზეც" "არსენალთან". არა, ძნელია, ძალიან ძნელი, მაგრამ არა შეუძლებელი. თავის მხრივ, "იუნაიტედის" ერთ ფეხის წაცდენასაც ვერ გამოვრიცხავთ. მოკლედ, 5 ქულა "იუნაიტედის" ფანს ყურზე კარგად ხვდება, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი.
მეორე დარტყმა პრემიერლიგას
უქმეებამდე რამდენიმე დღით ადრე "ასტონ ვილას" ვებგვერდმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა: ბირმინგემული კლუბის კაპიტან სტილიან პეტროვს მწვავე ლეიკოზი აღმოაჩნდა (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისხლის კიბო). 32 წლის ბულგარელის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას, მაგრამ როგორც ამბობენ, სტენი (ასე უწოდებენ მას ინგლისში) ძლიერი ადამიანია და გაუძლებს. გასაძლები კი, უპირველესად, ფსიქოლოგიურად არის.
"ვილას" პრესსამსახური საზოგადოებას შეპირდა, რომ როგორც კი რაიმე ახალი ინფორმაცია გაჩნდება ფეხბურთელთან დაკავშირებით, აუცილებლად აცნობებს. კლუბი ჯერ კიდევ ელოდება ჰემატოლოგების პასუხს. რა სახის ლეიკოზია, მათ ჯერ არ დაუდგენიათ. ინგლისური საფეხბურთო საზოგადოება მოკლე პერიოდში უკვე მეორე ფეხბურთელის გადასარჩენად ლოცულობს. ფაბრის მუამბა უკეთაა.
გაზეთებმა "ტვიტერზე" გამოქვეყნებული მისი გაღიმებული ფოტოებიც გაავრცელეს. ახლა მთელი ყურადღება სტენისკენაა მიპყრობილი. ბედის ორონიაა, რომ გასული წლის ნოემბერში ფეხბურთელმა მიკ მაკარტისთან (ირლანდიის ნაკრებისა და "ვულვზის" ყოფილი თავკაცი) და ბენ ფოსტერთან ("ვესტ ბრომვიჩის" მეკარე) ერთად ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლე" კარდიოლოგიური დაავადებებით გაწამებული და გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად დააარსა.
ასტონ ვილა-ჩელსი 2:4
საუკეთესო: ხუან მატა (ჩელსი)
ევერტონი-ვესტ ბრომვიჩი 2:0
საუკეთესო: ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი)
ფულჰემი-ნორვიჩი 2:1
საუკეთესო: კლინტ დემპსი (ფულჰემი)
მანჩესტერ სიტი-სანდერლენდი 3:3
საუკეთესო: სტეფან სესინიონი (სანდერლენდი)
ქუინზ პარკი-არსენალი 2:1
საუკეთესო: რობინ ვან პერსი (არსენალი)
უიგანი-სტოკ სიტი 2:0
საუკეთესო: ჯერმეინ პენანტი (სტოკ სიტი)
ვულვერჰემპტონი-ბოლტონი 2:3
საუკეთესო: როი მიაიჩი (ბოლტონი)
ნიუკასლი-ლივერპული 2:0
საუკეთესო: პაპის სისე (ნიუკასლი)
ტოტენჰემი-სუონსი 3:1
საუკეთესო: გულფი სიგურდსონი (სუონსი)
ბლექბერნი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:2
საუკეთესო: უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA sports-ის მიხედვით:
1. რობინ ვან პერსი (არსენალი) - 717 ქულა
1. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 683
3. ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი) - 593
4. დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი) - 536
5. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი) - 513
ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის:
309 მატჩი
236 მოგება
73 ფრე
160 მშრალად შენახული კარი
868 გოლი
4 507 ზუსტი დარტყმა კარში
3 480 აცილება
527 ფეხბურთელი
68 ეროვნების მოთამაშე
16 ჰეთ თრიკი
975 ყვითელი ბარათი
55 წითელი ბარათი
10 635 072 ფანი ტრიბუნებზე
ტურის გმირი
ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ნიუკასლელ პაპის დემბას სისეს ვასახელებთ. ფეხბურთელმა "კაჭკაჭებში" 7 შეხვედრაში მოედანზე 498 წუთი გაატარა და ამ დროში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის დიდებული იყო "ლივერპულთანაც".
ტურის მწვრთნელი
"სანდერლენდის" ჩრდილოირლანდიელმა დამრიგებელმა მარტინ ონილმა ჩვენგან ეს პატივი იმით დაიმსახურა, რომ "მანჩესტერ სიტის" "ეტიჰადზე" 15-თამაშიანი მოგებათა სერია შეაწყვეტინა.
ტურის ნაკრები
ტიმ კრული (ნიუკასლი) - ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი), ანტონიო ალკარასი (უიგანი), ალექსანდარ კოლაროვი (მანჩესტერ სიტი), მარკოს ალონსო (ბოლტონი) - სებასტიან ლარსონი (სანდერლენდი), რაფაელ ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი), ადელ ტაარაბტი (ქუინზ პარკი) - პაპის დემბა სისე (ნიუკასლი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი)
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 31 24 4 3 76-27 76
2. სიტი 31 22 5 4 75-25 71
3. არსენალი 31 18 4 9 62-41 58
4. ტოტენჰემი 31 15 8 8 53-36 53
5. ჩელსი 31 15 8 8 53-36 53
6. ნიუკასლი 31 12 7 12 32-32 43
7. ევერტონი 31 12 7 12 32-32 43
8. ლივერპული 31 11 9 11 36-33 42
9. სანდერლენდი 31 11 8 12 42-37 41
10. ფულჰემი 31 10 9 12 39-42 39
11. სუონსი 31 10 9 12 35-39 39
12. ნორვიჩი 31 10 9 12 42-49 39
13. სტოკ სიტი 31 10 8 13 29-43 38
14. ვესტ ბრომვიჩი 31 10 6 15 36-43 36
15. ასტონ ვილა 30 7 12 11 33-42 33
16. ბოლტონი 30 9 2 19 36-60 29
17. ქუინზ პარკი 31 7 7 17 35-54 28
18. ბლექბერნი 31 7 7 17 43-64 28
19. უიგანი 31 6 10 15 29-55 28
20. ვულვზი 31 5 7 19 33-68 22
ბომბარდირები
26 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 21 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 16 - დემბა ბა (ნიუკასლი); 14 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი) 13 - ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი (ორივე მანჩესტერ სიტი), კლინტ დემპსი (ფულჰემი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი).
ასისტენტები
12 - დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი); 11 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), ხუან მატა (ჩელსი); 9 - რობინ ვან პერსი (არსენალი), გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), სტეფან სესინიონი (სანდერლენდი); 8 - რაიან გიგზი, ლუიშ ნანი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი); ტეო უოლკოტი, ალექს სონგი (ორივე არსენალი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"