სერხიო აგუერო მზადაა

AutoSharing Option
სერხიო აგუეროს თქმით, მან ტრავმა მოიშუშა და "არსენალთან" კვირას "ემირიტსზე" დაპირისპირებისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა 30-31-ე ტურები (სტოკი 1:1, სანდერლენდი 3:3) გამოტოვა. "შავ კატებთან" სერხიოს არყოფნა რობერტო მანჩინიმ "სერიოზული, თუმცა არასერიოზული" ტრავმით ახსნა. იტალიელმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ინგლისურმა პრესამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყოვლისშემძლეა. "დეილი მეილის" მტკიცებით, არგენტინელმა კოჭის ტრავმა შვილის სამთვლიანი ველოსიპედით სეირნობისას მიიღო. ამის მერე მან თავად გადაწყვიტა, ტკივილი სპეციალური სითხით გაეყუჩებინა, რამაც ალერგია და კოჭის გასიება გამოიწვია. სასიამოვნოა, რომ უკვე ყველაფერი რიგზეა და თავდამსხმელი სრული
დატვირთვით ვარჯიშობს.

მეფემ მსხვერპლი აირჩია
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა გაჭიანურებული კრიზისის ფონზე გუნდის შიგნით განტევების ვაცის ძებნა დაიწყო და მას მალე მიაგნო.

გაზეთების ცნობით, "მეფე კენი" "ენფილდიდან" სეზონის დასრულებისთანავე, მინიმუმ, სამ ფეხბურთელს გაუშვებს. ესენი არიან: დირკ კუიტი, მაქსი როდრიგესი და ფაბიო აურელიო. შოტლანდიელის გადაწყვეტილება ლოგიკურია - სამივე უკვე ვეტერანია და თანაც, მიმდინარე სეზონში ძალიან სუსტად გამოიყურებიან.

"სანის" ცნობით, კუიტს (37 თამაში, 5 გოლი, 2 პასი) მთხოვნელები უკვე ჰყავს: 31 წლის თავდამსხმელის გადაბირება "გალათასარაის", "ფიორენტინას", "რომასა" და "ფეიენოორდს" სურთ. მის ხელშეკრულებას "წითლებთან" 2013 წლის ივლისში გასდის ვადა.

აი, რა გზას დაადგებიან არგენტინელი (30 წლის, 15 თამაში, 4 გოლი, 2 პასი, კონტრაქტი 2013 წლის ივლისამდე) და ბრაზილიელი (32 წლის, 3 თამაში სარეზერვო გუნდის ჩათვლით, კონტრაქტი სეზონის დასრულებისთანავე უმთავრდება), ჯერჯერობით უცნობია.

იაია ტურე: თურმე, მარიოსთან მიჩხუბია...
"მანჩესტერ სიტის" 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი იაია ტურე უარყოფს, რომ "სანდერლენთან" მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელში მარიო ბალოტელისთან იჩხუბა და რომ მათი გაშველება მის ღვიძლ ძმას, კოლო ტურეს მოუხდა. "ის, რომ თურმე მარიოსთან მიჩხუბია, ჩემი იურისტებისგან გავიგე და ამან ძალიან გამაკვირვა.

მე ფეხბურთელი ვარ და არა მოკრივე. თანაც, ვინც ამას წერს, ნამდვილად არაფერი იცის ჩემი და ბალოტელის ურთიერთობებზე. ის, უბრალოდ, ჩემი თანაგუნდელი კი არა, ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჩემი ძმაა. სამწუხაროა, რომ ამ ჭორების გამო ყველაზე მეტად ისევ მარიო უნდა დაზარალდეს," - ამბობს უმცროსი ტურე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული