დენის ლოუ: ხანდახან ყველაზე იოლი ფეხბურთია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა დენის ლოუმ ინტერვიუ მისცა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს, სადაც მან რამდენიმე საინტერესო თემაზე ილაპარაკა.

- ფერგიუსონმა თქვა, რომ მისთვის თქვენ უსაყვარლესი ფეხბურთელი იყავით და დღემდე გაფასებთ...
- მე მას რამდენიმე ფუნტი გადავუხადე, ეს რომ ეთქვა (იცინის). შეიძლება მართლა ასეა, მე და ალექსი ხომ, პრაქტიკულად, ერთი თაობის ვართ. შესაძლოა, მას კარგად ახსოვდეს ჩემი თამაშები.

- არ გინდათ ფერგის კომპლიმენტითვე უპასუხოთ და მის სამწვრთნელო ნიჭზე ორიოდე სიტყვა თქვათ?
- როცა პენსიაზე გავა, ის ფეხბურთის ისტორიაში
უეჭველად შევა, როგორც უდიადესი მწვრთნელი.

- გაგიხარდათ, როცა სქოულზმა კარიერა განაახლა?
- ვფიქრობ, მისი გადაწყვეტილება ფეხბურთიდან წასვლაზე უდროო გახლდათ. პოლის ფორმის გათვალისწინებით, მას კიდევ შეუძლია რამდენიმე სეზონის მაღალ დონეზე ჩატარება. ის ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელია. მასთან ერთად დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.

- "იუნაიტედის" შეხვედრებს ხშირად უყურებთ?
- სიმართლე გითხრათ, არა. მხოლოდ გამორჩეულ თამაშებს ვუყურებ. მე უშუალოდ მოედანზე ყოფნა მანიჭებდა სიხარულს, ფეხბურთის ყურება კი მაინცდამაინც არ მიყვარს.

- სეზონის დამაგვირგვინებელ მანჩესტერულ დერბის, ალბათ, მოუთმენლად ელით...
- დიახ, მათ შეხვედრებს ტელევიზორით ხშირად ვუყურებ. ვიმეორებ, ფეხბურთის ყურების დიდი ტრფიალი არ ვარ, მაგრამ ასეთებს არ ვტოვებ.

- თქვენი შვილი "სიტის" ქომაგია, ასე არ არის?
- დიახ, ასეა.

- ოდესღაც განაცხადეთ, რომ უფრო ძლიერ კლუბში გსურდათ კარიერის გაგრძელება, ვიდრე "სიტი" იყო და ამის მერე იტალიის სერია A-ში აღმოჩნდით. მოგვიყევით ეს ისტორია...
- თავიდან მე და ჯო ბეიკერმა იტალიურ ფეხბურთზე თითქმის არაფერი ვიცოდით. გულწრფელად გეტყვით, ამისთვის ძალიან ახალგაზრდები ვიყავით (1961 წელს, "ტორინოში" გადასვლის დროს, ლოუ 21 წლის იყო. რედ). ახლა სიტუაცია სულ სხვანაირია. 21-22 წლის ბიჭები ახლა ბევრად წინ არიან წასულები და უფრო მეტი გამოცდილებაც აქვთ. ჩვენ მაშინ სხვა ქვეყანაში ინგლისურისგან ბევრად განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობდით. იქ მე უზარმაზარი გამოცდილება მივიღე, რომელიც მერე "იუნაიტედში" გამომადგა.

- "იუნაიტედში" ახლა პირიქით ხდება. საკლუბო აკადემიას ძალიან ბევრი იტალიელი ჰყავს - პეტრუჩი, მაკედა, მასაჩი, ფორნასიერი. როგორ ფიქრობთ, მათ ექნებათ რაიმე პრობლემა ადაპტაციაში?
- რა თქმა უნდა. ხანდახან ასეთ სიტუაციებში ფეხბურთი უკანა პლანზე გადადის. როცა თამაშობ ქვეყანაში, სადაც არ ცხოვრობენ შენი მეგობრები, სადაც სულ სხვა თამაშია და სულ სხვა კულტურა, ყოველთვის რთულია. ასეთია ცხოვრება. ხანდახან ისეც ხდება, რომ ყველაზე იოლი შესაგუებელი ფეხბურთია ხოლმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული