ინგლისი. პრემიერლიგა. XXXIV ტურის წინ: ტური წყვეტით

AutoSharing Option
პრემიერლიგის 34-ე ტური ნაკლულად გაიმართება. მიზეზი ალბათ ყველა იცით - უქმეებზე "უემბლიზე" ასოციაციის თასის 1/2-ფინალური მატჩები გაიმართება.

14 აპრილს "ლივერპული" "ევერტონს" უმასპინძლებს, 15-ში კი "ტოტენჰემი" "ჩელსის" დაუპირისპირდება. პრემიერლიგაში მათი თამაშები მაისისთვისაა გადატანილი.

"იადონებმა" წინა ტურში სენსაციურად იმარჯვეს "ტოტენჰემთან" გასვლით შეხვედრაში და უკვე თეორიულადაც გაინაღდეს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება. ასე რომ, "კეროუ როუდზე" "მანჩესტერ სიტის" რთული დაპირისპირება ელოდება. "ნორვიჩს" შეუძლია ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშოს.

რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის", გუნდის ლიდერები საქმეს დაუბრუნდნენ - დავიდ სილვამ 2012 წელს პირველი გოლი გაიტანა, სამირ
ნასრიმ დეკემბრის აქეთ პირველი საგოლე გადაცემა მიითვალა და კარლოს ტევესმა სეზონში სულაც პირველად გამოიჩინა თავი.

"ვესტ ბრომვიჩთან" 4:0-ის შემდეგ "ქალაქელები" საბრძოლო განწყობაზე იქნებიან. მათთვის 38-ე ტურის ჩათვლით ახლა ყველა თამაში თასის
ფინალივითაა. ბუკმეკერთა პროგნოზით 3 ქულის აღების უფრო დიდი შანსი სტუმრებს აქვთ.

"სტედიუმ ოფ ლაითზე" ერთმანეთს ორი ისეთი გუნდი ხვდება, რომელიც 33-ე ტურში განადგურდა. "სანდერლენდისგან" ეს ცოტა მოულოდნელი იყო. ლივერპულის "გუდისონ პარკზე" ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად სტუმრები დიდხანს თანაბრად ებრძოდნენ "ევერტონს", მაგრამ მერე რაღაც მოხდა და 7-8 წუთში 3 გოლი გაუშვეს.

"ვულვზისგან" "არსენალთან" განადგურება კი იოლი საპროგნოზო იყო. "მგლებმა" პრემიერლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ელიტაში ადგილის შენარჩუნების მხოლოდ თეორიული შანსი შეინარჩუნეს. დღევანდელ დაპირისპირებაში ფავორიტი აშკარაა - "სანდერლენდი".

წინა წყვილისა არ იყოს, "სუონსი"-"ბლექბერნიდან" წინა ტურში ორივე დამარცხდა. უელსური კლუბზე იმის თქმა შეიძლება, რომ პრემიერლიგაში ადგილის განაღდების შემდეგ თამაშს უკლო და მას მერე ზედიზედ 4 თამაში წააგო. მიყოლებით ამდენჯერვე დამარცხდა "ბლექბერნიც".
განსაკუთრებით გულსატკენი იყო მარცხი 33-ე ტურში, როცა "ვარდებმა" "ლივერპულთან" 2-ბურთიანი ჩამორჩენა გააბათილეს, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად ბოლო წუთზე მაინც წააგეს.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მოგება უფრო მეტად სტუმარს სჭირდება, მაგრამ ფავორიტად მაინც "სუონსი" მიგვაჩნია.

"ვესტ ბრომვიჩმა" წინა ტურში "მანჩესტერ სიტისთან" უიმედოდ წააგო, მაგრამ როი ჰოჯსონის შეგირდებმა ამისგან ტრაგედია არ უნდა შექმნან. მთავარი ახლა ის არის, რომ მათ თითქმის გადაწყვეტილი აქვთ ელიტაში დარჩენის საკითხი.

რაც შეეხება "ქუინზ პარკს", მარკ ჰიუზის გუნდმა "სუონსის" 3:0 მოუგო. კიდევ ერთი მოგება და ისინი უპირველესად ფსიქოლოგიურად გაიმართებიან წელში. ამ დაპირისპირებაში ფავორიტის დასახელება ძალიან ძნელია.

რეაბილიტაციისთვის
15 აპრილს "მანჩესტერ იუნაიტედი" "ასტონ ვილას" უმასპინძლებს. ვის აქვს მოგების მეტი შანსი ამაზე ბევრ ლაპარაკს არ მოვყვებით. "უიგანთან" მოულოდნელი მარცხის შემდეგ "ეშმაკებს" საკუთარი მაყურებლის თვალწინ რეაბილიტაცია მართებთ. სწორედ ამიტომ ყველა დარწმუნებულია, რომ "ვილას" უმძიმესი 90 წუთის გადატანა მოუწევს.

ბირმინგემელებს თავისი პოტენციალის 100%-ით მოუწევთ გარჯა, თუკი სურთ, რომ პირწმინდად არ განადგურდნენ. მათ პრემიერლიგიდან გავარდნის საკმაოდ რეალური საფრთხე უდგათ. მართალია ალექს მაკლიშის გუნდს ერთი თამაში თადარიგში აქვს, მაგრამ ეს დაპირისპირება მას სახიფათო ზონაში მყოფ "ბოლტონთან" უწევს. ეს შეხვედრა 24 აპრილს შედგება და ძალიან ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს.

მესამე ტურია მიყოლებით "უიგანს" პრემიერლიგის გრანდებთან უწევს ჭიდაობა. "ჩელსისთან" სკანდალური მატჩის გამო სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკ რაილიმ კლუბს ოფიციალური ბოდიში მოუხადა.

შეგახსენებთ, რომ მაიკ ჯონსმა მასპინძლებს ორი გოლი ჩაუთვალა თამაშგარედან, თამაში კი 2:1 დასრულდა. "მანჩესტერთან" საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო ფილ დაუდმაც, როცა ვიქტორ მოზესს გოლი გააუქმა.

უნდა გენახათ რობერტო მარტინესის შეშფოთებული სახე, რაზეც ტრანსლაციის რეჟისორმაც გააკეთა აქცენტი...

არა უშავს! მთავარია, რომ "უიგანმა" იმარჯვა. ახლა მას "ემირიტსზე" ელის მძიმე გამოცდა "არსენალთან". ჩრდილოლონდონელები ლაღ, გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ, ზუსტად ისეთს, როგორსაც მათი მეტოქე. ჩვენი აზრით, ფავორიტი აშკარად "არსენალია".

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXIV ტური
14 აპრილი
ნორვიჩი-მანჩესტერ სიტი 15:45
ტრავმა: უილბრეჰემი, აიალა, ჯ. ვონი, ტირნი - ი. ტურე,
დისკვალიფიკაცია: ბალოტელი (სიტი)

სანდერლენდი-ვულვერჰემპტონი 18:00
ტრავმა: კემპბელი, ბენდტნერი, ო’ში, ბრამბლი, ანხელერი, ბრაუნი - ო’ჰარა, ჰანტი, კრედოკი

სუონსი-ბლექბერნი 18:00
ტრავმა: აგუსტინი, ბოდე - გრელა, სალგადო
დისკვალიფიკაცია: მოდესტე (ბლექ)

ვესტ ბრომვიჩი-ქუინზ პარკი 18:00
ტრავმა: გერა, რიდი, ფულოპი, ბრანტი, ტომასი, რიჯუელი, მორისონი - ფორლინი, დაიერი
დისკვალიფიკაცია: დერი, სისე (ქპრ)

15 აპრილი
მანჩესტერ იუნაიტედი-ასტონ ვილა
ტრავმად: დ. ფლეტჩერი, ლინდეგორი, ვიდიჩი, ოუენი, მაკედა, ანდერსონი - ოლბრაიტონი, ჰერდი, ბენტი, ს. პეტროვი, კლარკი, დელფი, უორნოკი, რ. დანი

16 აპრილი
არსენალი-უიგანი
ტრავმა: ფრიმპონგი, მერტეზაკერი, კოკლენი, ჟერვინიო, დიაბი, გიბსი, უილშირი - როდალიეგა
დისკვალიფიკაცია: კოშელნი (არს)

1 მაისი
ლივერპული-ფულჰემი
სტოკ სიტი-ევერტონი

2 მაისი
ჩელსი-ნიუკასლი
ბოლტონი-ტოტენჰემი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 33 25 4 4 78-28 79
2. სიტი 33 23 5 5 79-26 74
3. არსენალი 33 20 4 9 66-41 64
4. ტოტენჰემი 33 17 8 8 57-38 59
5. ნიუკასლი 33 17 8 8 50-42 59
6. ჩელსი 33 16 9 8 56-38 57
7. ევერტონი 33 13 8 12 38-34 47
8. ლივერპული 33 12 10 11 40-36 46
9. ფულჰემი 33 11 10 12 43-43 43
10. ნორვიჩი 33 11 10 12 46-52 43
11. სანდერლენდი 33 11 9 13 42-41 42
12. სტოკ სიტი 33 11 9 13 32-45 42
13. ვესტ ბრომვიჩი 33 11 6 16 39-47 39
14. სუონსი 33 10 9 14 35-44 39
15. ასტონ ვილა 32 7 14 11 35-44 35
16. ქუინზ პარკი 33 8 7 18 38-56 31
17. უიგანი 33 7 10 16 31-57 31
18. ბოლტონი 32 9 2 21 36-65 29
19. ბლექბერნი 33 7 7 19 45-70 28
20. ვულვზი 33 5 7 21 34-73 22

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული