პრემიერლიგა. XXXIV ტური. მიმოხილვა: ორი წუთის საქმე

AutoSharing Option
გადარჩენისთვის მებრძოლმა "უიგანმა" მორიგი სენსაცია შესთავაზა გულშემატკივარს. "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამარჯვებებისა და მაიკლ ჯონსიან "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ რობერტო მარტინესის გუნდმა დამაჯერებლად ითამაშა "ემირიტსზე", საიდანაც დამსახურებული 3 ქულა წაიღო.

მატჩი ისე დაიწყო, როგორც ამას ველოდით - "არსენალის" შეტევებით. იოსი ბენაიუნმა ტეო ოულკოტის პასის შემდეგ თავურით სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ ალი ალ-ჰაბსი ბურთს თითის წვერებით შესწვდა და კუთხურზე მოიგერია.

"მეთოფეთა" სტანდარტულს გოლი მოჰყვა, ოღონდ მათსავე კარში. ტომაშ როსიცკიმ ბურთი იოლად დაკარგა, უიგანელებმა კი კლასიკური კონტრშეტევით, 4 ზუსტი პასის წყალობით ფრანკო დი
სანტო ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ დატოვეს - 0:1.

23 წლის არგენტინელმა 26 ნოემბრის შემდეგ პირველად გამოიჩინა თავი. ერთი წუთიც არ იყო გასული, როცა "არსენალმა" კიდევ ერთხელ დაკარგა ბურთი. ვიქტორ მოზესმა მარცხენა ფლანგზე ყველას თავბრუ დაახვია და საჯარიმოში ხორდი გომესი მოძებნა.

ესპანელმა ისარგებლა ბაკარი სანიას და ტომას ვერმალენის დაბნეულობით და შჩესნის ახლოდან გაუტანა - 0:2. ამასობაში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა მიკელ არტეტა. არსენ ვენგერმა მის ნაცვლად თამაშში აარონ რემსი ჩართო.

"არსენალმა" 21-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. როსიცკის პასით ვერმალენმა თავურით ალ ჰაბსის შანსი არ დაუტოვა. რაკი მასპინძლებმა მალევე შეძლეს ადეკვატური პასუხის გაცემა, თითქოს ამით ფსიქოლოგიური უპირატესობა უნდა მოეპოვებინათ, მაგრამ "უიგანმა" უზარმაზარ ზეწოლას გაუძლო და 3 ქულა აიღო. ისე, მომენტებს "უიგანიც" ქმნიდა, მაგრამ იშვიათად.

რობინ ვან პერსი ხან თავად ცდილობდა შეტევის დაგვირგვინებას, ხან კი მომენტებს პარტნიორებს უქმნიდა, მაგრამ თანაგუნდელებმა ჰოლანდიელს მხარი ვერ აუბეს. სიმბოლური იყო მატჩის ფინალური სცენაც. არბიტრის მიერ დამატებულ მე-6 (!) წუთზე ვან პერსიმ, რაკი თამაშით გარი კოლდუელს ვერ აჯობა, მასთან სიტყვიერი საქმის გარჩევა დაიწყო. ანდრე მარინერს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მატჩი დაამთავრა.

მატჩის შემდეგ

არსენ ვენგერმა თამაში "არსენალის" ოფიციალურ ვებგვერდზე შეაფასა: "ჩვენს თავს პრობლემები, ძირითადად, თავად შევუქმენით. თამაში თითქოს კარგად დავიწყეთ, მაგრამ დაცვამ კოშმარული შეცდომები დაუშვა.

პირველ ჯერზე უკანა ხაზის ყველა ფეხბურთელმა შესცოდა. თანაც, არტეტას ტრავმის გამო მოედანზე ათნი ვიყავით. მეორე გოლის მომენტშიც ძალიან ცუდად ვითამაშეთ. 0:2-ის შემდეგ წარმოუდგენლად დიდი დრო დაგვჭირდა თამაშის გადასაწყობად.

ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შეგვეძლო ანგარიშის გათანაბრება. მეორე ნახევარში უპირატესობას კი ვფლობდით, მაგრამ ისე ვერ ვთამაშობდით, როგორც გვეკადრება. სადღაც დავკარგეთ გუნდურობა და მხოლოდ ინდივიდუალურად ვცდილობდით საქმის კეთებას.

გუნდში არ გამოჩნდა არავინ, ვინც მატჩის მიმდინარეობას შეცვლიდა. შეუძლებელია მეტოქის არდაფასება. "უიგანი" თავს შესანიშნავად იცავდა. ბოლოს არტეტაზე გეტყვით. ერთი შეხედვით, კოჭის საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს. ის სამედიცინო შემოწმებას კიდევ გაივლის და პასუხი მხოლოდ ამის მერე გვეცოდინება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული