მარიო ბალოტელი: არანაირი ნოსტალგია

AutoSharing Option
მას მერე, რაც "სიტის" თავკაცი რობერტო მანჩინი მარიო ბალოტელის შესაძლო გაყიდვაზე ალაპარაკდა, იტალიურ პრესას ხელ-ფეხი გაეხსნა.

ისინი 21 წლის ტალანტის კალჩოში დაბრუნებას წინასწარმეტყველებენ. ისიც კი დაიწერა, ფეხბურთელს სამშობლოში დაბრუნება ნოსტალგიამ გადააწყვეტინაო. მარიოს ეს ამბავი სასაცილოდ არ ეყო. "ჩემი მომავალი? არ ვიცი. ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობ, პრემიერლიგის ჩემპიონობაა.

რატომ მეკითხებით მუდმივად "ინტერსა" და "მილანზე"? ხომ იცით, რომ კონტრაქტი "სიტისთან" მაკავშირებს? ჩემი ინიციატივით აქედან წასვლას არ ვაპირებ და თანაც, არანაირი ნოსტალგია იტალიის მიმართ არ მაქვს," - განუცხადა ფეხბურთელმა "გაძეტა დელო სპორტს".

რაინდებმა
რეინჯერსზე უარი თქვეს

ორშაბათ საღამოს კონსორციუმი "ლურჯი რაინდების" წარმომადგენელმა "რეინჯერსის" მმართველ ადმინისტრაციას ოფიციალურად აცნობა, რომ ის საბოლოოდ ჩამოშორდა კლუბისთვის ბრძოლას, რათა სინგაპურის სახელით დარეგისტრირებულ ვინმე ბილი ნ-ჯის გზა გაუთავისუფლოს.

გლაზგოური კლუბის მყიდველთა შორის, როგორც ჩანს, სწორედ მას აქვს ყველაზე დიდი კაპიტალი და შესაბამისად, "პროტესტანტთა" განვითარებისთვის ყველაზე მეტის დახარჯვაც მას აქვს გეგმაში. ამ ეტაპზე "რეინჯერსის" შეძენის ორადორი პრეტენდენტიღა დარჩა. "ლურჯი რაინდების" უკან "რეინჯერსის" ყოფილი დირექტორი პოლ მიურერი იდგა.

მისი განცხადებით, მასა და მის ბიზნესპარტნიორებს უარის ორი საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ. მიურეი გულწრფელად აცხადებს, რომ მას მერე, რაც სინგაპურელთა წინადადების შესახებ შეიტყო, მისთვის აშკარა გახდა, რომ სერიოზულ მოთამაშესთან ჰქონდა საქმე და უკანდახევაზე ამის მერე პირველად დაფიქრდა.

და რაც მთავარია, "დაფ ენდ ფელპსმა" იმის სანაცვლოდ, რომ კლუბთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ექსკლუზიურად მასთან ეწარმოებინა, 500 000 ევრო მოითხოვა, რაზეც კონსორციუმის წევრმა კომპანია "ტიკეტუსმა" კატეგორიული უარი თქვა.

სიგურდსონს დარჩენა სურს
გულფი სიგურდსონს "სუონსიში" მინიმუმ კიდევ ერთი წლით დარჩენა სურს, მაგრამ თავად ეპარება ეჭვი, რომ "ჰოფენჰაიმმა" მას ამის უფლება მისცეს. შეგახსენებთ, რომ 22 წლის ისლანდიელ ნახევარმცველს სრულფასოვანი კონტრაქტი "სოფლელებთან" აკავშირებს და უელსელთა რიგებში 6-თვიანი იჯარით თამაშობს.

კუნძულზე სათამაშოდ გადასვლის შემდეგ (2012 წლის იანვრიდან) ფეხბურთელმა 14 თამაშში 7 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ის მარტში პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. "ცუდია, რომ ჩემი მომავალი ჩემზე დამოკიდებული არ არის. ძალიან მომწონს აქაურობა.

ვტკბები იმ გარემოთი, რაც სუონსიში დამხვდა, მაგრამ გერმანელებთან კონტრაქტში კიდევ რამდენიმე წელიწადი მრჩება.

თუკი საშუალება მომეცემა, რომ სათამაშოდ ამ ქვეყანაში დავრჩე, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები," - განუცხადა ფეხბურთელმა ESPN-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული