პირველის მოპოვება კოლეგა ფეხბურთელების გადაწყვეტილებით შეუძლიათ "მანჩესტერ სიტის" მეკარე ჯო ჰარტს, ნახევარმცველ დავიდ სილვასა და თავდამსხმელ სერხიო აგუეროს.
"ქალაქელი" სუპერვარსკვლავების კონკურენტები არიან: "ტოტენჰემის" შუახაზელი სკოტ პარკერი, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი და "არსენალის" საუკეთესო ბომბარდირი რობინ ვან პერსი. საინტერესოა, რომ სერხიო აგუერო წლის საუკეთესო ახალგაზრდადაც შეიძლება დასახელდეს.
კონკურენცია აქაც ძალიან დიდია. პრეტენდენტთა შორის არიან: დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი), დენიელ სტარიჯი (ჩელსი), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (არსენალი),
რაკი ლაპარაკი დაჯილდოებაზე ჩამოვარდა, აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგამ დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებით გამოკითხვა დაიწყო. სპეციალისტები და გულშემატკივრები 1992 წლიდან მოყოლებული საუკეთესოებს დაასახელებენ.
პირველთა კომპეტენციაში შედის საუკეთესო მოთამაშის, მწვრთნელის, გუნდის, სეზონისა და 20-წლეულის საუკეთესო ციტატის დასახელება. ფანები საუკეთესო გოლს, მატჩს, მეკარის რეაქციას, 20-წლეულის ოცნების გუნდსა და გოლის აღნიშვნას გამოავლენენ.
სპეციალურ პრიზს მიიღებენ: ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული პრემიერლიგაში (ცხადია, ეს რაიან გიგზი იქნება), საუკეთესო ბომბარდირი (ალან შირერი) და მეკარე, ვის ანგარიშზეც ყველაზე მეტი მშრალი მატჩია. გამოკითხვა პრემიერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდება. დაჯილდოება 15 მაისს შედგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"