"რედინგმა" მზადება დაიწყო

AutoSharing Option
მომდევნო სეზონში პრემიერლიგას კიდევ ერთი კლუბი შეუერთდება, რომლის მფლობელი რუსი ბიზნესმენი იქნება.

მისი სახელი და გვარი ანტონ ზინგარევიჩია და რამდენადაც დაუჯერებლად უნდა ჟღერდეს, მან მილიარდერის სტატუსი 29 წლისამ მოიპოვა. ზინგარევიჩმა "რედინგი" მიმდინარე წლის იანვარში 40 მილიონ ფუნტად სერ ჯონ მადეისკისგან შეიძინა.

უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ზინგარევიჩი აქციათა 51%-ის მესაკუთრე გახდა. რაკი თავად საფეხბურთო სამყაროში გამოცდილება არ აქვს, საკმაოდ ჭკვიანურად მოიქცა, როცა კლუბის პრეზიდენტის პოსტი მადეისკისვე ჩააბარა.

მართალია, გარიგებას ხელი 4 თვის წინ მოეწერა, მაგრამ კანონიერ ძალაში ის უახლოეს დღეებში შევა,
როცა საფეხბურთო ლიგა გარიგების ნამდვილობას დაადასტურებს.

რუსმა ბიზნესმენმა "რედინგზე" აქცენტი მას მერე გადაიტანა, რაც "ევერტონის" შესყიდვა ვერ შეძლო. ვერ შეძლო არა იმიტომ, რომ სახსრები არ ეყო, არამედ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მერსისაიდელებმა მასთან გარიგებაზე უარი თქვეს.

ზინგარევიჩის თქმით, მას მერე, რაც მისმა კლუბმა პრემიერლიგაში თამაში გაინაღდა (ეს გუშინწინ "ნოტინგემთან" 1:0-ის მერე მოხდა), მან უკვე სერიოზულად დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ გუნდმა მაქსიმალურად შეძლოს მძიმე სეზონისთვის მომზადება.

აი, რა განაცხადა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიზნესმენმა: "ბოლო 3 კვირის განმავლობაში ჩვენ უკვე გადავხედეთ იმ ფეხბურთელების სიას, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი გაძლიერება.

წინასწარი სია უკვე შედგენილია. რა გამოვა ამ საქმიდან, უახლოეს ხანში ვნახავთ. იმისთვის, რომ საქმეს ოფიციალურად მოვკიდოთ ხელი, მხოლოდ დეტალების მოგვარებაღაა დარჩენილი. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

ვფიქრობ, წინ ძალიან დიდი სამუშაო გველის. მართალია, კლუბი უკვე ფლობს საკმაოდ გამართულ ინფრასტრუქტურას, მაგრამ ჩვენ მაინც ვგეგმავთ აკადემიისა და საწვრთნელი ბაზის განახლებას. თუკი პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას მოვახერხებთ, მაშინ სტადიონის რეკონსტრუქციასაც დავიწყებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული