მერსისაიდზე ეკონომიას იწყებენ

AutoSharing Option
"ლივერპულის" მესაკუთრე ჯონ ჰენრი ამ დღეებში ამერიკიდან ინგლისს გადაფრინდა, რათა პირადად დასწრებოდა კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომას და ამასთან, რიგი საკითხები გადაეწყვიტა.

დეტალური ანალიზის შემდეგ ბიზნესმენმა გადაწყვიტა, რომ "ლივერპულის" საკლუბო ჟურნალი LFC Magazine-ი ამიერიდან თვეში ერთხელ გამოვა. აქამდე ეს ორჯერ ხდებოდა. თანაც, ხელშეკრულება მის ბეჭდვაზე აღარ გაუგრძელდება ლივერპულურ საგამომცემლო სახლ "ტრინიტი მირორს" და ეს უფლება ლონდონურ "პროგრამ მასტერსს" 1 ივლისიდან გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ბეჭდავს "მანჩესტერ იუნაიტედის" საკლუბო ჟურნალსაც.

"ინტეპენდეტის" მტკიცებით, აღნიშნული უმნიშვნელო თანხების დაზოგვა იმის ნიშანია, რომ კლუბის ბოსები
ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჩემპიონთა ლიგის მიღმა კიდევ ერთხელ დარჩენილმა კლუბმა როგორმე მოახერხოს და ფინანსური თვალსაზრისით "არ შეიმჩნიოს" ეს. ამას გარდა, მოგეხსენებათ, "წითლებს" ნელ-ნელა ტოვებენ ძველი ფუნქციონერები.

დამიენ კომოლის ამბავი მოგეხსენებათ. ამას გარდა, კლუბმა დაითხოვა კომერციული დირექტორი გრემ ბარტლეტიც. ჰენრი კომოლის შემცვლელის მოყვანას კენი დალგლიშთან შეთანხმების შემდეგ აპირებს. იქამდე კი სატრანსფერო ამბები უშუალოდ "მეფე კენის" გადასაწყვეტი იქნება.

"ლივერპულმა" თავისი აკადემიისთვის "ქრიუ ალექსანდრიის" აღზრდილი, 16 წლის ნახევარმცველი დენ სმითი გადაიბირა. ქვედალიგელმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 300 ათასი ფუნტი მიიღო, თუმცა ისინი ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ კომპენსაციის ოდენობით, რაკი ორიოდე წელიწადში სმითის გასხვისებას მათთვის შეიძლებოდა რამდენიმე მილიონიც კი მოეტანა.

ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომ თუკი დენი "ენფილდზე" წარმატებულ კარიერას აიწყობს, მაშინ "ქრიუ" დამატებით 700 ათას ფუნტს მიიღებს. ისე, არც უკვე გარანტირებული 300 ათასია ლიგა 2-ის კლუბისთვის მცირე, რადგან "ქრიუს" ბავშვთა აკადემიის შენახვა წლის განმავლობაში 500 ათასი უჯდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ლივერპულს" აღნიშნული კლუბიდან ფეხბურთელი მიჰყავს. "ქრიუს" აღზრდილი იყო დენი მერფიც, ვინც "ენფილდზე" 1997-იდან მოყოლებული 7 წელიწადი გაატარა და მისი ღირსება 200-ზე მეტ შეხვედრაში დაიცვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული