ინგლისი. პრემიერლიგა. XXXV ტურის წინ: ნაბიჯი ფინიშის სწორისკენ

AutoSharing Option
დერბი, რა დერბი!
21 აპრილს პირველი მატჩში "ემირიტსზე" გაიმართება. "არსენალს" "ჩელსი" სტუმრობს. მატჩი მეტისმეტად დამაინტრიგებელია.

ერთი მხრივ "არსენალს" სურს კიდევ უფრო მიუახლოვდეს იმ მიზანს, რაც გუნდმა საჩემპიონო რბოლიდან ჩამოშორების შემდეგ დაისახა, ეს კი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ყოველი 3 ქულა რამხელა შვება იქნება არსენ ვენგერისთვის.

აი, სტუმრებს კი ორ ფრონტზე მართებთ ძალების გადანაწილება. რობერტო დი მატეო რომელიმეს პრიორიტეტს მიანიჭებს თუ ორივეზე ეცდება წარმატების მიღწევას, ამას წინასწარ ვერ გეტყვით.

ფაქტია, რომ "ჩელსის" "მეთოფეებთან" ელოდება უმძიმესი დაპირისპირება, სადაც
მომდევნო სეზონისთვის "ლურჯების" ლიგაში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი წყდება. 72 საათში კი მათ "კამპ ნოუზე" მოუწევთ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ჭიდილი.

ეყოფა კი იტალიელის გუნდს ძალა ორივე ბრძოლისთვის? იმედია, ეყოფა. იმედია, რადგან ჩვენ ნეიტრალური გულშემატკივრის პოზიციიდან ვწერთ.

"ასტონ ვილამ" წინა ტურში "მანჩესტერ იუნაიტედთან" უიმედოდ წააგო და ახლა კიდევ უფრო შანსი აქვს, რომ ბოლო ტურებამდე "ნემსებზე იჯდეს".

ცხრილს თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდები ბირმინგემელებს ერთი ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდნენ. მეორე მხრივ არც "სანდერლენდს" გამოსდის მაჟორულ ნოტზე ჩემპიონატის დამთავრება. "შავ კატებს" ბოლო 6 შეხვედრაში სულ 1 მოგება აქვთ. ბოლო 3 შეხვედრაში კი გოლიც კი არ გაუტანიათ.

გავარდნის ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი "ბლექბერნი" "ნორვიჩს" მასპინძლობს, გუნდს რომელსაც უკვე აღარაფერი აღელვებს, გარდა წინა წინა ტურში "მანჩესტერ სიტისთან" შელახული თავმოყვარეობისა.

"კეროუ როუდზე" მასპინძლებმა 1:6 წააგეს და თუკი ძალიან მოინდომეს რენომეს აღდგენა, შეუძლიათ მასპინძლებს პრაქტიკულად ახლავე გაუნაღდონ ქვედა ლიგაში დაქვეითება. ამ გუნდის გულშემატკივრები კი სეზონის განმავლობაში ნაჩვენები შედეგებით ნამდვილად კმაყოფილები იქნებიან, რადგან პოლ ლამბერტისგან ისინი მხოლოდ ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ზედა აბზაცში განხილული წყვილისა არ იყოს, აქაც ისეთი გუნდები ეჯახებიან ერთმანეთს, რომელთაგან ერთი დასარჩენად იბრძვის, მეორეს კი ყველაფერი განაღდებული აქვს და დარჩენილ ტურებში მხოლოდ სატურნირო მდგომარეობის ოდნავი გაუმჯობესებისთვის თუ იბრძოლებს.

ოუენ კოილის გუნდის მდგომარეობა ძალიან რთულია, მაგრამ სატირლად საქმე ჯერ არ აქვს. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, "ბოლტონს" კონკურენტებზე 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩასატარებელი.

"ასტონ ვილასთან" შეხვედრა ფაბრის მუამბას ავადმყოფობის გამო გადაიდო, "ტოტენჰემთან" კი ახლახან ასოციაციის თასის 1/2-ფინალების გამოა გადატანილი. რაც შეეხება ბრენდან როჯერსის "სუონსის", ამ გუნდმა წინა ტურში მშვენივრად ითამაშა და არც "რიბოკ სტედიუმზე" დათმობს რამეს იოლად.

განსაკუთრებული უიგანი
ბოლო ტურებიდან გამომდინარე "უიგანის" თამაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. გუნდს ბოლო 5-დან 4 მოგება აქვს, მათ შორის - "ლივერპულთან" (2:1), "მანჩესტერ იუნაიტედთან" (1:0) და "არსენალთან" (2:1). ისეთი სიაა მსოფლიო ფეხბურთის ნებისმიერი გრანდის მთავარი მწვრთნელი რომ მოაწერდა ხელს.

ისე, მათ შორის "ჩელსიც" უნდა მიგვეწერა, მაგრამ... "ლურჯებთან" შეხვედრაში მაიკლ ჯონსის სკანდალურ მსაჯობაზე უკვე იმდენჯერ დავწერეთ, რომ ახლა ამაზე ხმას აღარ ამოვიღებთ.

"ფულჰემი" კიდევ ერთ-ერთი ის გუნდია, ვისთვისაც ჩემპიონატის დარჩენილი ტურები წმინდა ფორმალობადღაა ქცეული. მატჩის ფავორიტად სტუმრებს დავასახელებდით, მაგრამ მეტოქესთან შედარებით "ფულჰემი" დასვენებულია და ამას ვუწევთ ანგარიშს.

ალან პარდიუს "ნიუკასლმა" ისარგებლა კონკურენტთა წაფორხილებით და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ხელახლა ჩაერთო. "სტოკთან" შეხვედრაშიც, ბუნებრივია, ის უპირობო ფავორიტი იქნება.

ტონი პულისის გუნდი სხვების მსგავსად უმოტივაციოდ არის დარჩენილი და თუკი "კაჭკაჭებმა" შეძლეს 3 ქულის აღება, ისინი მოუთმენლად დაელოდებიან მოგვიანებით გასამართ შეხვედრას "ქუინზ პარკსა" და "ტოტენჰემს" შორის... რატომ დაელოდებიან ამის ნახვა ცხრილში შეგიძლიათ.

"ლოფტუს როუდზე" ლონდონური დერბი შედგება. "დეზები" გარეუბანს სტუმრობენ. მათ ესმით, რომ ერთი ფეხის დაცდენა და სეზონი პირწმინდად ჩავარდნილად ჩაითვლება.

თავის მხრივ მასპინძლებს ის აფიქრებთ, რომ თუკი 3 ქულას ვერ აიღებენ, საქმეს გაირთულებენ და შესაძლოა ელიტას გამოეთხოვონ. მოკლედ, ორივე მხარეს თავისი გასაჭირი აქვს და სწორედ ამ ინტერესთა ჭიდილში უნდა დაიბადოს ჭეშმარიტება.

დასვენებული და დაღლილი
"ოლდ ტრეფორდს" "ევერტონი" სტუმრობს. "იუნაიტედი" კარგად დასვენებული და გამოძინებულია. სტუმარი კიდევ თასის დაძაბული 1/2-ფინალური მატჩით დაღლილი. ესეც რომ არა, ალექს ფერგიუსონის ბიჭები მაინც აშკარა ფავორიტები იქნებოდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ "წითელ ეშმაკებს" მომდევნო ტურის წინ გენერალური რეპეტიცია აქვთ და სპარინგპარტნირიც იდეალურად ჰყავთ შერჩეული. თუკი 22 აპრილს "მანიუ" მოიგებს, მაშინ უკვე "ეტიჰადზევე" შეეძლება მე-20 საჩემპიონო ტიტულის განაღდება.

ბუნებრივია, ეს გუნდსაც ესმის და გულშემატკივრებიც ამის მოლოდინში იქნებიან. აი, "ევერტონს" კი მე-7 ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება...

გაუჭირდება რადგან "ლივერპული" შინ "ვესტ ბრომვიჩს" შინ მიიღებე და ჰოი, საოცრებავ, და კარგ ფორმაში მყოფი მასპინძელი საშინელი საშინაო სერიის ცოტა გამოსწორებას შეეცდება. "ენფილდზე" აქამდე ჩატარებულ 14 შეხვედრაში მას სულ 5 მოგება აქვს, რაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია. მატჩს ინტრიგას ის მატებს, რომ სტუმართა გუნდს "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი როი ჰოჯსონი წვრთნის.

ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის საბრძოლოდ შეგირდების განწყობას იმ გუნდის წინააღმდეგ, ვისაც არცთუ მშვიდობიანად დასცილდა. მასპინძლები, ჩვენი აზრით, ულაპარაკო ფავორიტები არიან.

დაბოლოს, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, ვინ არის ფავორიტი "ვულვზისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირებაში. პრემიერლიგიდან პრაქტიკულად გავარდნილი "მგლები" მასპინძლობენ გუნდს, რომელმაც წინა ტურში მასზე უფრო ძლიერი "ნორვიჩისგან" ბუნდღა აღარ დატოვა.

ვვარაუდობთ, რომ "ქალაქელებს" არც "მოლინიუზე" გაუჭირდებათ მიზნის მიღწევა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXV ტური
21 აპრილი
არსენალი-ჩელსი 15:45
ტრავმა: ჟერვინიო, გიბსი, დიაბი, კოკლენი, მერტეზაკერი, უილშირი, ფრიმპონგი - რომეუ, ბერტრანი, კოული
დისკვალიფიკაცია: კოშელნი - ივანოვიჩი

ასტონ ვილა-სანდერლენდი 18:00
ტრავმა: პეტროვი, კლარკი, ჰერდი, ოლბრაიტონი, დელფი, ბენტი, დანი, უორნოკი - ელმოჰამადი, კემპბელი, ო’ში, კატერმოული, ბრაუნი, ბერდსლი, ბენდტნერი, ბრამბლი, ანხელერი

ბლექბერნი-ნორვიჩი 18:00
ტრავმა: მარკუს ოლსონი, ორი, სალგადო, გრელა - აიალა, ვონი, უაითბრედი, ტირნი, რუდი

ბოლტონი-სუონსი 18:00
ტრავმა: მუამბა, მირსი, ჰოლდენი, გარდნერი, ლი - აგუსტინი, ბოდე

ფულჰემი-უიგანი 18:00
ტრავმა: სიდუელი, ჯონსონი, პოგრებნიაკი, რუისი, გრიგერა - როდალიეგა

ნიუკასლი-სტოკ სიტი 18:00
ტრავმა: ობერტანი, ბესტი, ამეობი, ტიოტე, კოლოჩინი, გატრი, ლოვენკრანდსი, ვუკჩიჩი, ტეილორი - დიაო, უილკინსონი, სიდიბე

ქუინზ პარკი-ტოტენჰემი 20:30
ტრავმა: ფორლინი, მაკი, ზამორა, დაიერი - საა, კაბული, კრანჩარი, კინგი, დოუსონი, გომესი, ჰადლსტოუნი, პარკერი
დისკვალიფიკაცია: სისე (ქპრ)

22 აპრილი
მანჩესტერ იუნაიტედი-ევერტონი 15:30
ტრავმა: ანდერსონი, ოუენი, ვიდიჩი, ფლეტჩერი, ლინდეგორი - როდუელი, ბეინსი

ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი 19:00
ტრავმა: რობინსონი, კელი, ლუკასი, ადამი - რიდი, გერა, მორისონი, ბრანტი, ტომასი, რიჯუელი, ფულოპი
დისკვალიფიკაცია: რეინა, დონი (ლივ)

ვულვზი-მანჩესტერ სიტი 19:00
ტრავმა: ედვარდსი, ო’ჰარა, ჰანტი, კრედოკი - ტურე,
დისკვალიფიკაცია: ბასონგი - ბალოტელი

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 34 26 4 4 82-28 82
2. სიტი 34 24 5 5 85-27 77
3. არსენალი 34 20 4 10 67-43 64
4. ტოტენჰემი 33 17 8 8 57-38 59
5. ნიუკასლი 33 17 8 8 50-42 59
6. ჩელსი 33 16 9 8 56-38 57
7. ევერტონი 33 13 8 12 38-34 47
8. ლივერპული 33 12 10 11 40-36 46
9. სანდერლენდი 34 11 10 13 42-41 43
10. ფულჰემი 33 11 10 12 43-43 43
11. ნორვიჩი 34 11 10 13 47-58 43
12. სუონსი 34 11 9 14 38-44 42
13. ვესტ ბრომვიჩი 34 12 6 16 40-47 42
14. სტოკ სიტი 33 11 9 13 32-45 42
15. ასტონ ვილა 33 7 14 12 35-48 35
16. უიგანი 34 8 10 16 33-58 34
17. ქუინზ პარკი 34 8 7 19 38-57 31
18. ბოლტონი 32 9 2 21 36-65 29
19. ბლექბერნი 34 7 7 20 45-73 28
20. ვულვზი 34 5 8 21 34-73 23

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული