დირკ კუიტი გუნდზე ფიქრობს

AutoSharing Option
დირკ კუიტი დარწმუნებულია, რომ ასოციაციის თასზე გამარჯვება "ლივერპულს" მომდევნო სეზონისთვის უკეთ მოსამზადებლად მეტ მუხტს შესძენს.

"წითლების" 32 წლის ჰოლანდიელი შემტევი აღიარებს, რომ მისი გუნდის გამოსვლა პრემიერლიგაში და განსაკუთრებით, საშინაო შეხვედრებში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

აი, რა უთხრა მან "ლივერპულ დეილი პოსტის" ჟურნალისტს: "გუნდის შიგნითაც იმედგაცრუებულნი ვართ ჩვენი ბოლოდროინდელი შედეგებით, რადგან ვერ მივაღწიეთ იმას, რასაც სეზონის წინ ვგეგმავდით. თითქოს ყველანი თავაუღებლად ვშრომობდით იმისთვის, რომ გარშემომყოფთათვის დაგვემტკიცებინა, რომ მეტის მიღწევა შეგვეძლო, ვიდრე გვიქადნენ.

ძალიან გვინდოდა, ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ჩემპიონატის ცხრილში ამჟამინდელი მდგომ
არეობა არ შეეფერება ჩვენს რეალურ პოტენციალს. პრემიერლიგაში ძალიან ბევრი მოულოდნელი მარცხი ვიწვნიეთ, თუმცა ლიგის თასის მოგების შემდეგ ასოციაციის თასის ფინალშიც გავედით და მისი მოგების სერიოზული შანსი გვაქვს. თუკი 5 მაისს "უემბლიზე" გავიმარჯვებთ, სამომავლოდ ის კიდევ უფრო დიდი იმპულსი იქნება.

ჩემპიონატში შექმნილი მდგომარეობით კი ბედნიერები ნამდვილად ვერასოდეს ვიქნებით. რამდენიმე მატჩში ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. მთელ გუნდს ჰქონდა შეგრძნება, რომ 3 ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოგვდიოდა. ყველაფრის მიუხედავად, საკუთარი თავის თანაგრძნობისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ. თუკი გუნდს სერიოზულად უნდა ცვლილებები, უკან მოხედვა უკვე აღარ ღირს".


გერმანულმა "ჰამბურგმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ დაინტერესებულია "ლივერპულიდან" კუიტის გადაბირებით. HSV-ს გარდა, ფეხბურთელთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა მისმა ყოფილმა კლუბმა "ფეიენოორდმაც".

ბუნდესლიგური კლუბი ფეხბურთელს როტერდამელებზე მეტ ანაზღაურებას ჰპირდება, მაგრამ "დე კუიპზე" დირკს 3-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ სამწვრთნელო შტაბში ან კლუბის სტრუქტურაში დასაქმებას სთავაზობენ. "ფეიეს" გულშემატკივართა გასახარად, როგორც ჩანს, სწორედ ამ ვარიანტს განიხილავს თავად კუიტი.

ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებდა "სანის" ჟურნალისტთან საუბრისას "ჩელსის" თავდამსხმელი სალომონ კალუ. "ფეიენოორდში" ისინი 2003/06 წლებში გვერდიგვერდ თამაშობდნენ და დღემდე ახლო მეგობრებად რჩებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული