"მანჩესტერ სიტის" ყატარელი მესაკუთრე რობერტო მანჩინის მუშაობით კმაყოფილია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ყატარელმა მესაკუთრემ, შეიხმა მანსურმა აღიარა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის მუშაობით კმაყოფილია და არ აპირებს იტალიელის თანამდებობიდან გათავისუფლებას, მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

როგორც ცნობილია, 30 აპრილს "ეტიჰადზე" ერთმანეთს სწორედ ჩემპიონის ტიტულის მაძიებლები "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ხვდებიან. შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩში გამარჯვებულის ხელში გადადის ყველაფერი.

"იუნაიტედი" პრაქტიკულად ინაღდებს ისტორიაში მე-20 ტიტულს, "სიტის" კი დარჩენილ 2 შეხვედრაში 2 გამარჯვება დასჭირდება. "ჩამორჩენა სულ 3 ქულაა და ჩვენ გვაქვს ჩემპიონობის შანსი, თუმცა, მიუხედავად
იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება ჩემპიონატი, მოვიგებთ თუ არა ტიტულს, ფეხბურთელებითა და მწვრთნელით ძალიან კმაყოფილი ვარ," - განუცხადა შეიხმა ABU DHABI TV-ს.

რუნის მამა გაამართლეს
უეინ რუნის მამას ყოველგვარი ბრალდება მოუხსნეს და ამიერიდან შეუძლია ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. სისხლის სამართლის საქმე გასული წლის ოქტომბერში 9 ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა, შოტლანდიის პრემიერლიგაში "მოზერველი"-"ჰართსის" შეხვედრაზე არალეგალური ფსონების დადებასთან დაკავშირებით.

ვარსკვლავის მამამ უკვე განაცხადა, რომ ზაფხულამდე მორალურად დასვენებასა და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების გულშემატკივრობას აპირებს. შეგახსენებთ, რომ ინგლისი უკრაინასთან, საფრანგეთსა და შვედეთთან ერთად D ჯგუფში მოხვდა.

ჩაგაევი 31 მაისამდე იჯდება
გაკოტრებული შვეიცარიული საფეხბურთო კლუბის, ნიუშატელის "ქსამაქსის" ყოფილი მესაკუთრე ბულატ ჩაგაევი ლა შო დე ფონის ციხეში (საფრანგეთი-შვეიცარიის საზღვარზე) მინიმუმ 31 მაისამდე დარჩება. მეტიც, პროკურატურას ისეთი მოცულობის საქმე აქვს გამოსაძიებლად, რომ, დიდი ალბათობით, ის მაისის ბოლოსაც მიმართავს თემიდას წინასწარი დაკავების ვადის გასახანგრძლივებლად.

ამ ეტაპზე სასამართლომ კანტონის პროკურატურის პოზიცია გაიზიარა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ბიზნესმენს შეეძლო გამოძიებას დამალვოდა და მისთვის საქმის წარმოებაში ხელი შეეშალა. გამოძიებას ჩაგაევს ჯერ კლუბის შეძენისა და შემდეგ მისი მართვის პერიოდში მრავალრიცხოვან ფინანსურ მაქინაციებს ემართლება.

რონალდო: იუნაიტედი მენატრება
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს თქმით, ის დღემდე ინარჩუნებს ურთიერთობას "იუნაიტედში" ყოფილ თანაგუნდელებთან და რაც მთავარია, ალექს ფერგიუსონთან. "რიო ფერდინანდთან, ლუიშ ნანისთან, ანდერსონთან, პატრის ევრასა და სხვებთან ურთიერთობა დღემდე მაქვს. ხანდახან ფერგიუსონსაც ვეხმიანები ხოლმე.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ოჯახიდან სხვაგან წავედი საცხოვრებლად. "იუნაიტედი" დღემდე მენატრება, რადგან იქ გატარებული 6 წელიწადი ტკბილად მახსენდება. ჩემთვის კარიერაში დღემდე ყველაზე დიდი მიღწევა მათთან ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგაა," - აცხადებს ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს "რეალმა" მაშინ 24 წლის პორტუგალიელში 80 მილიონი ფუნტი - ძველი კურსით, 96 მილიონი ევრო გადაიხადა.

ნიუკასლმა ამალფიტანო დაიბევა
"კაჭკაჭებმა" ფრანგული ლიგა 2-ის "რეიმსის" 23 წლის ცენტრალურ ნახევარმცველ რომენ ამალფიტანოსთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. რომენი "მარსელის" 27 წლის შუახაზელის, მორგან ამალფიტანოს უმცროსი ძმაა. ფეხბურთელს ქვედალიგელ კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთარდება. ასე რომ, ალან პარდიუს გუნდს მისი გადაბირება არაფერიც არ დაუჯდება.

ძოლა აკრიტიკებს
ჯანფრანკო ძოლა "ჩელსის" სათამაშო სტილის შეცვლას ურჩევს და თან ანდრე ვილაშ ბოაშის მიმართ კლუბის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას აკრიტიკებს. "ჩემი აზრით, ვილაშ ბოაში "ჩელსიში" მეტ ნდობას, პატივისცემასა და დროს იმსახურებდა.

ვფიქრობ, ლონდონელებს სათამაშო სქემების შეცვლა მართებდათ. სწორედ აქეთ მიისწრაფვოდა პორტუგალიელი, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელს მოთმინება არ ეყო იმისთვის, რომ ხანგრძლივი პროცესის შედეგებს დალოდებოდა," - განუცხადა ესპანურ გაზეთებს 46 წლის იტალიელმა.

ანდრე აიუს 3 თვე
"მარსელს" ესღა უნდოდა. გუნდის შეტევების ერთ-ერთი ლიდერმა ანდრე აიუმ სეზონის დამთავრებამდე გადაწყვიტა, რომ მხრის პრობლემების მოსაგვარებლად ქირურგიულ ჩარევას დათანხმებულიყო.

განელს ოპერაციას უახლოეს დღეებში პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარებენ. სარეაბილიტაციო პროცესს მინიმუმ 3 თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ანდრე "მარსელს" მომდევნო სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში შეუერთდება, ოღონდ ცოტა დაგვიანებით. ტრავმირებულია "მარსელის" კიდევ ერთი ლიდერი ლოიკ რემიც.

ფეხბურთელები იმუქრებიან
პორტუგალიური ლიგა საგრეშის აუტსაიდერის, "უნიაუ ლეირიას" ფეხბურთელები იმუქრებიან, რომ თუკი კლუბის ხელმძღვანელობა პარასკევამდე მათ წინაშე არსებულ სახელფასო დავალიანების თუნდაც ნაწილს არ დაფარავს, ისინი ჩემპიონატის დარჩენილ შეხვედრებში ("ფეირენშე", "ბენფიკა", "ნასიონალი") მოედანზე გასვლაზე უარს იტყვიან.

პორტუგალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ცნობით, "ლეირიას" ფეხბურთელების ანაზღაურება დეკემბერიდან მოყოლებული არ გადაუხდია.

ამ მხრივ შემაშფოთებელი ვითარებაა რამდენიმე სხვა კლუბშიც, მაგალითად, "გიმარაეშსა" და "სეტუბალში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული