პრემიერლიგა. XXIX ტურის გამოტოვებული მატჩი: ჩაძირული "ასტონ ვილა"

AutoSharing Option
ალბათ, ყველას გახსოვთ მიზეზი, რატომ გადაიდო 17 მარტს "ასტონ ვილასა" და "ბოლტონის" თამაში და თუ არა, შეგახსენებთ, რომ იქამდე ორიოდე დღით ადრე "ტოტენჰემთან" ასოციაციის თასის მატჩში ფაბრის მუამბას თავს დატრიალებულმა მოვლენებმა მთელი ინგლისი შეძრა, რის გამოც ბირმინგემელებმა მეტოქეს თავად შესთავაზეს თამაშის მოგვიანებით გამართვა.

მას მერე მრავალმა წყალმა ჩაიარა. ფაბრისი უკეთაა, საავადმყოფოდან გამოეწერა და ამბობენ, რომ 5-6 თვის მერე აქტიურ ვარჯიშსაც შეუდგება ფეხბურთში დასაბრუნებლადო.

თუკი ცხრილს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ორიდან არცერთ გუნდს ულხინს, თუმცა "ბოლტონის" მდგომარეობას მაინც ცოტა უფრო მძიმე ეთქმის
- თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რადგან ის გასავარდნ ზონაშია. მართალია, ოუენ კოილის გუნდს თამაშით ნაკლები აქვს, მაგრამ მას ის თამაში ჯერ კიდევ მოსაგები აქვს. ასე რომ...

სანახაობრივი თვალსაზრისით, თამაში პირველი წუთებიდანვე უინტერესო იყო. ეს რაღაც წილად ლოგიკურიც იყო, რადგან მეტოქეებს მშვენივრად ესმოდათ ყოველი შეცდომის ფასი.

მომენტები შეი გივენისა და ადამ ბოგდანის კართან იშვიათად იქმნებოდა. პირველი ტაიმის შუაწელისთვის "ვილას" ტერიტორიული უპირატესობა გამოიკვეთა. ყველაზე აქტიური ემილ ჰესკი გახლდათ, ვისაც 2-ჯერ შეეძლო თავის გამოჩენა.

ერთხელ მან პირდაპირ მეკარეს გაარტყა, მეორედ თავური ხარიხას ოდნავ გადააცილა. პირველი ნახევრის დასრულებას არაფერი უკლდა, როცა ალან ჰატონის პასის შემდეგ სტივენ უორნოკი ურტყამდა, მაგრამ ხარიხას გაარტყა. სულ ბოლოს შარლ ნ’ზოგბიამ საჯარიმო კარს სულ მცირედით ააცილა. მეორე 45 წუთიც წინას მსგავსი სცენარით წარიმართა, თუმცა ერთ მომენტში გუნდები აფეთქდნენ და 3 გოლის გასატანად 3 წუთი იკმარეს.

ყველაფერი კი ასე მოხდა. ნ’ზოგბია ფლანგზე სემ რიკეტსს იოლად გასცდა და ცენტრში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, სადაც მას უორნოკი დახვდა. მასპინძელთა მცველს ხელს უკვე აღარავინ უშლიდა - 1:0. წუთიც არ იყო გასული, როცა საკუთარ საჯარიმოში კარლოს კუელიარმა ელემენტარულ სიტუაციაში დაარღვია თამაშის წესი მარკ დევისის წინააღმდეგ.

კრის ფოის წამითაც არ უყოყმანია თერთმეტმეტრიანის დანიშვნა. გადაწყვეტილება არც მასპინძლებს გაუპროტესტებიათ.

მარტინ პეტროვმა გივენს აუღებელი დაურტყა - 1:1. კიდევ ერთი წუთი და ანგარიში 1:2 გახდა. სტუმრებმა ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს მარჯვენა ფლანგზე. საბოლოოდ კრის იგლსმა საჯარიმოში 2 მეტოქე მოატყუა და თავისუფალ პოზიციაში მდგომ დავიდ ნ’გოგს გადააწოდა. მთელი დარჩენილი დრო "ბოლტონმა" აქცენტი დაცვაზე გადაიტანა და მოახერხა ანგარიშის შენარჩუნება.

თამაშის შემდეგ "ბოლტონის" თავკაცი ოუენ კოილი გახარებული იყო: "შესვენებისას მიცვალებულივით ვიყავი გაფითრებული და გასაგებად ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ ისინი საშინლად გამოიყურებოდნენ. თუმცა მეორე ტაიმში უკვე შესანიშნავად ვითამაშეთ და მოვიგეთ იმის მიუხედავად, რომ თავიდან ანგარიშში ჩამოვრჩით. ამ მონაკვეთში ჩემმა ფეხბურთელებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და გოლის გარდა, მეტოქისთვის მომენტის შექმნის საშუალებაც კი არ მიუციათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული