ალექს ფერგიუსონს: სერ, დაცვას მიხედე, დაცვას!

AutoSharing Option
"ინდეპენდენტის" საფეხბურთო ანალიტიკოსების აზრით, იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას, კლუბს ზაფხულში მაინც მოუწევს დაცვითი ამპლუის ფეხბურთელების შეძენა. ამ დასკვნამდე ისინი "ევერტონთან" ჩაგდებული შეხვედრის (4:4) შემდეგ მივიდნენ.

მოგეხსენებათ, "ეშმაკები" მერსისაიდელებთან შეხვედრაში ჯერ 3:1-ს იგებდნენ, მერე 4:2-ს, მაგრამ ბოლოს ქულის მეტს მაინც ვერაფერს გამორჩნენ და ამით "მანჩესტერ სიტი" 3 ქულამდე დაიახლოვეს.

თავისთავად, "ევერტონთან" ქულების დაკარგვაში გასაოცარი არაფერია, მაგრამ გულშემატკივრებში უსიამოვნო შეგრძნებას ბადებს ის სცენარი, როგორც ეს მოხდა. დაცვამ თავდასხმის ლიდერების, უეინ რუნისა და დენი უელბეკის დიდებული
გარჯა ქარს გაატანა.

ფერგიუსონის დამსახურებათა სია არ გვაძლევს იმის ვარაუდის უფლებას, რომ შოტლანდიელს ფეხბურთელების მოტივირება გაუჭირდა.

ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ საქმე გვაქვს არა ბანალურად კონცენტრაციის დაკარგვასთან, არამედ "წითელი ეშმაკების" უუნარობასთან, შეესრულებინათ ამოცანა, რაც, ერთი შეხედვით, შეიძლება ყველაზე იოლად მოგვეჩვენოს - "დაეშროთ თამაში" და "ევერტონის" შემტევებისთვის, ნიკიცა იელავიჩისა და მარუან ფელაინისთვის ჟანგბადი გადაეკეტათ.

პასუხისმგებლობა უპირველესად ცენტრალურმა მცველებმა და ნახევარმცველებმა უნდა აიღონ თავის თავზე. მრავლის მნახველმა პოლ სქოულზმა გადამწყვეტ მომენტში ვერ შეძლო თამაშის მიმდინარეობის კონტროლი და "იუნაიტედს" ეს შესაძლოა მე-20 საჩემპიონო ტიტულად დაუჯდეს.

სქოულზის დახმარება ვერც მაიკლ კერიკმა შეძლო, ვინც რამდენიმე წლის წინ ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ შუახაზელად მიიჩნეოდა. ის თითქოს დაბნეული იყო და არ ელოდა, რომ სატურნირო მოტივაციას მოკლებული მეტოქე უარს იტყოდა, მეტოქის წინაშე მუხლებზე დაცემულიყო.

ვერც უკანა ხაზი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. "ევერტონმა" ყველა გოლი ცენტრალური მცველების პასუხისმგებლობის ზონიდან გაიტანა. აქ შეიძლება ნემანია ვიდიჩის ტრავმა გავიხსენოთ, მაგრამ არც ეს არის გამართლება - უპირველესად იმიტომ, რომ ძნელია მტკიცება, სერბი მოედანზე რომ ყოფილიყო, მოხდებოდა თუ არა აღნიშნული კონფუზი და კიდევ იმიტომ, რომ სუპერკლუბის დაცვა არ შეიძლება, ერთი მცველის ყოფნა-არყოფნაზე ასე ძლიერ იყოს დამოკიდებული.

გასული წლის ზაფხულში ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ "იუნაიტედში" "ინტერიდან" ვესლი სნეიდერის გადასვლაზე. ზამთარში ამას მოსკოვის ცსკა-დან ალან ძაგოევის კანდიდატურაც დაემატა. ბოლო თვეებში ბევრს წერენ "ბენფიკადან" ნიკოლას გაიტანის შეძენაზე. თუმცა ყველა ეს ფეხბურთელი შემტევია და მათ უფრო მეტად შექმნა შეუძლიათ და არა ჩაშლა.

არავინ ამბობს, რომ გუნდს ამ მხრივ გაძლიერება არ სჭირდება, მაგრამ როცა ნანი მწყობრშია, "იუნაიტედს" უკვე ჰყავს ფეხბურთელი, ვისაც უელბეკისა და რუნისთვის მომენტების შექმნა შეუძლია.

ზაფხულში, იმის მიუხედავად, რა შედეგით დასრულდება საჩემპიონო რბოლა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 4 ფეხბურთელი უნდა იყიდოს - აქედან 2 დაცვითი ტიპის ნახევარმცველი, რომელთა ტრანსფერებში დიდი თანხის გადახდა იქნება აუცილებელი, რადგან ისინი ნამდვილად ექსტრაკლასის ფეხბურთელები უნდა იყვნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული