სტიუარტ პირსი ევრო 2012-ისთვის მზადაა

AutoSharing Option
სტიუარტ პირსი ინგლისის ნაკრების დროებით მთავარ მწვრთნელად თებერვალში, თანამდებობიდან ფაბიო კაპელოს წასვლის შემდეგ დაინიშნა და ჯერჯერობით ის ამავე სტატუსით სარგებლობს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი საფეხბურთო ასოციაცია დროულად არ დანიშნავს მთავარ მწვრთნელს, სწორედ მას მოუწევს ევრო 2012-ზე გამგზავრების კანდიდატთა გაფართოებული სიის დასახელება. გასათვალისწინებელია, რომ ასოციაციამ რა ხანია განაცხადა, პრემიერლიგის დასრულებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ვინაობის დასახელებას არ ელოდოთო.

ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტური კი 13 მაისს არის დანიშნული. გაზეთები არც იმას გამორიცხავენ, რომ ინგლისის ნაკრები კონტინენტის პირველობაზე მაინც პირსმა წაიყვანოს და
თანაც დღევანდელი, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით.

შეგახსენებთ, რომ კუნძულელები პირველ შეხვედრას 11 ივნისს გამართავენ ფრანგებთან, მაგრამ ტურნირისთვის მზადება გუნდმა, რასაკვირველია, მაისის შუა რიცხვებიდანვე უნდა დაიწყოს.

ორშაბათს ნაკრების ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე პირსმა განაცხადა, რომ მას, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი და 10 მაისს უკვე მზად იქნება, საზოგადოებას კანდიდატების ვინაობა გააცნოს. "არ ვიცი, ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების გეგმა უკვე ხელთ გვაქვს. ვფიქრობ, ვინც უნდა იყოს ის, კმაყოფილი დარჩება ფაბიო კაპელოს მიერ გაწეული სამუშაოთი. მას მხოლოდ ღია კარებში მოუხდება შესვლა და გუნდის ჩაბარება," - განაცხადა პირსმა.

სტიუარტ პირსის ბედს ახლა მსოფლიოში, ალბათ, ცოტა მწვრთნელი თუ ინატრებს. ინგლისის გარდა, მას ბრიტანეთის ნაკრების ბედ-იღბალიც აბარია.

სამშაბათ საღამოს ლონდონი 2012-ის საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა შედგა. მასში მონაწილეობდნენ ბრაზილიელი რონალდო და უელსის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რობი სევიჯი. პირსის გუნდი A ჯგუფში ურუგვაისთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და სენეგალთან ერთად მოხვდა. ბრიტანეთის ვაჟთა ნაკრები მანჩესტერში, ლონდონსა და კარდიფში ითამაშებს, ქალთა გუნდი კი კარდიფსა და ლონდონში.

გარდა აღნიშნული ქალაქებისა, საფეხბურთო ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად საორგანიზაციო კომიტეტმა გლაზგო აირჩია.

"ჰემპდენ პარკზე" სულ 8 თამაში (3 ვაჟთა შორის, 5 ქალთა ნაკრებების მონაწილეობით) შედგება.

ბრიტანეთის ნაკრების ირგვლივ ვითარება ისევ ბუნდოვანია. ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია იმედოვნებს, რომ გუნდის დაკომპლექტება მხოლოდ მათი თანამემამულეებით არ მოხდება და მასში საუკეთესო უელსელი, შოტლანდიელი და ჩრდილოირლანდიელი ფეხბურთელები ითამაშებენ.

გთავაზობთ მამაკაცთა ტურნირის კენჭისყრის შედეგებს:
A ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, ურუგვაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, სენეგალი
B ჯგუფი: მექსიკა, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, გაბონი
C ჯგუფი: ბრაზილია, ბელარუსი, ახალი ზელანდია, ეგვიპტე
D ჯგუფი: ესპანეთი, ჰონდურასი, იაპონია, მაროკო

ქალთა ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
E ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, კამერუნი, ახალი ზელანდია, ბრაზილია
F ჯგუფი: იაპონია, კანადა, შვედეთი, სამხრეთ აფრიკა
G ჯგუფი: აშშ, საფრანგეთი, კოლუმბია, ჩრდილოეთ კორეა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული