რობერტო დი მატეოს ბედი

AutoSharing Option
"ჩელსის" აღმასრულებელი დირექტორის, რეი გურლეის თქმით, კლუბის ხელმძღვანელობა მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს, რობერტო დი მატეოსთან თანამშრომლობას წერტილს დაუსვამს, თუ ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

შვეიცარიული წარმოშობის იტალიელი სპეციალისტის დანიშვნის შემდეგ ლონდონელებმა თამაშის ხარისხი კი გამოასწორეს, მაგრამ რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, ეს ცხრილში მათ მდგომარეობაზე არ ასახულა.

სამაგიეროდ, "ლურჯები" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც 19 მაისს "ალიანს არენაზე" "ბაიერნს" დაუპირისპირდებიან. "რობერტო მთავარი მწვრთნელობის მოვალეობების შემსრულებლად სეზონის ბოლომდე დაინიშნა. მის მუშაობას თამამად შეიძლება ვუწოდოთ შესანიშნავი, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ გეგმების შეცვლას არ ვაპირებთ.
დაელოდეთ სეზონის დასრულებას და გაიგებთ, დარჩება თუ არა ის "ჩელსიში".

კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ლაპარაკს ახლა ის გვირჩევნია, რომ უახლოეს მატჩებზე გავაკეთოთ კონცენტრირება," - განაცხადა გურლეიმ.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, "ჩელსის" 26 წლის კოტდივუარელ თავდამსხმელ სალომონ კალუს, "ტოტენჰემის" გარდა, კიდევ ერთი რეალური მთხოვნელი გამოუჩნდა. ლაპარაკია თურქულ "ბეშიქთაშზე", რომელიც ფეხბურთელს 4-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს. ტაბლოიდის მტკიცებით, სტამბულელები უკვე შეხვდნენ ფეხბურთელის აგენტს.

"ჩელსისთან" კალუს ხელშეკრულებას ვადა სეზონის დასრულებისთანავე ეწურება. ასე რომ, მსურველებს მისი გადაბირება უფასოდ შეეძლებათ. თავად "ჩელსი" ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებას არ სთავაზობს, მაგრამ რომც შესთავაზოს, დიდი ალბათობით, უარს მიიღებს, რადგან კალუ სათამაშო პრაქტიკის სიმწირეს უჩივის. მიმდინარე სეზონში სალომონმა პრემიერლიგაში სულ 11 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

პრაქტიკა აკლია საფრანგეთის ნაკრების წევრ ფლორან მალუდასაც. 31 წლის ვეტერანმა ჩემპიონატში 22 შეხვედრა გამართა, მაგრამ აქედან 14-ჯერ შეცვლაზე ითამაშა. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელი "სტემფორდ ბრიჯიდან" წასვლას ფიქრობს, თუმცა ის იქამდე აპირებს მოცდას, ვიდრე მთავარი მწვრთნელის საკითხი არ გაირკვევა. კალუსი არ იყოს, ხელშეკრულება ფრანგსაც უმთავრდება.

"მიუხედავად იმისა, თუ რას ლაპარაკობდნენ, ჩემს ერთგულებას საფრანგეთის ნაკრების მიმართ მთელი კარიერის განმავლობაში ვამტკიცებდი და ჩემს იმედგაცრუებას საზღვარი არ ექნება, თუკი ევრო 2012-ზე ნაკრების განაცხადში ვერ მოვხვდები. შესარჩევ ეტაპზე ხშირად ვთამაშობდი, მაგრამ ახლა ყველაფერი ლორან ბლანის გადასაწყვეტია.

იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატზე მაინც ვითამაშებ. ამისთვის მზად ვარ," - განაცხადა ფეხბურთელმა "ეკიპთან" ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული