მერსისაიდელები 28 აპრილს "ფულჰემს" მასპინძლობენ და აშკარა ფავორიტები არიან. თავის მხრივ კოტეჯელებმა ბოლო თვეების გუნდი-სენსაცია "უიგანი" დაამარცხეს და მშვენიერ ხასიათზე არიან. გუნდებს რაიმე გადაულახავი საკადრო პრობლემები არ აწუხებთ.
"სანდერლენდი"-"ბოლტონის" დაპირისპირებაში შეიძლება ითქვას, რომ მასპინძელს მეტი შანსი აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ბოლო პერიოდში "შავი კატების" თამაშიდან გამომდინარე, მათზე ძნელია ითქვას, რომ
მარტინ ო’ნილის გუნდი მოშვებულია. მათ თამაშებზე პროგნოზების კეთება გაძნელდა. ეს სწორედ "ბოლტონს" აძლევს შანსს ელიტაში დასარჩენად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას.
ოუენ კოილის გუნდმა შუა კვირაში "ასტონ ვილა" 29-ე ტურის გადადებულ მატჩში სტუმრად დაამარცხა და დაკარგული ქულებით უშუალო კონკურენტ "უიგანს" გაასწრო.
"სუონსი"-"ვულვზის" შეხვედრაში ფავორიტის დასახელება ალბათ ყველაზე იოლი საქმეა. უელსელებმა რა ხანია, გაინაღდეს მომდევნო სეზონში პრემიერლიგაში ადგილი და დარჩენილი მატჩები მათთვის მხოლოდ ფორმალობაა.
რაც შეეხება "მგლებს", მათი ბედი 35-ე ტურში გადაწყდა. ტერი კონორის გუნდმა კიდევ ერთი თამაში წააგო და გავარდა. თუმცა გასაკვირი ამაში არაფერი იყო, მათ ხომ "მანჩესტერ სიტი" სტუმრობდა. როგორ განწყობაზე იქნება გუნდი, რომელმაც სეზონის უმთავრესი მიზნის მიღწევა ვერ შეძლო, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს.
"ვესტ ბრომვიჩი"-"ასტონ ვილას" წყვილში მოტივირებული მხოლოდ ერთი გუნდი იქნება. ბუნებრივია, ბირმინგემელებს ვგულისხმობთ. ალექს მაკლიშის გუნდმა იმდენი "მოახერხა", რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 3 თამაშით ადრე გასავარდნ ზონას სულ რაღაც 3 ქულა აშორებს.
რაც შეეხება როი ჰოჯსონის კრებულს, მან წინა ტურში "ლივერპული" დაამარცხა და ცხრილის შუაში დაიდო ბინა. ჩვენი პროგნოზით სტუმრებს "ჰოუტორნსზე" ქულის აღებაც კი ძალიან გაუჭირდებათ.
35-ე ტურში "უიგანმა" სენსაციური სვლა შეანელა და "ფულჰემთან" 2:1 დამარცხდა. რობერტო მარტინესმა და მისმა შეგირდებმა თუკი ძველებურად ფრთაშესხმულებმა არ განაგრძეს ასპარეზობა, შეიძლება მხოლოდ სახელად შერჩეთ, რომ ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე "ლივერპულის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" დამარცხება შეძლეს.
მაგრამ როგორია "გაავებულ" "ნიუკასლთან" ჭიდაობა? "კაჭკაჭებს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის დაბევება სურთ, მაგრამ შეიძლება მთელი წლის გარჯა წყალში ჩაეყაროთ, თუკი "ჩელსიმ" 19 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმარჯვა.
ინგლისისთვის კუთვნილი 4 ადგილიდან 1 "ლურჯებს" ავტომატურად გადაეცემათ. იქამდე კი ისინი ალბათ "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელების სახელზე სანთელს დაანთებენ და თავის მხრივ ყველაფერს იზამენ, რომ ყოველი შემთხვევისთვის მე-4 ადგილი მაინც დაიბევონ.
ნორვიჩის "კეროუ როუდზე" ორი ისეთი გუნდი ხვდება ერთმანეთს, რომელთათვისაც პრემიერლიგის დარჩენილი შეხვედრებში გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ თავმოყვარეობის საკითხია და მეტი არაფერი.
მცირე რეცესიის შემდეგ "ლივერპული" 35-ე ტურში ისევ გაშტერდა და შინ "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა. კენი დალგლიშის გუნდისთვის მთავარი ახლა "ჩელსისთან" დარჩენილი ფინალია ასოციაციის თასზე.
ერთი კვირის წინ "ნორვიჩმა" აუტსაიდერ "ბლექბერნს" 3 ქულა დაუთმო, მაგრამ მას არაფერი ემუქრება და თუკი კიდევ ერთ თამაშს ვერ მოიგებს, პოლ ლამბერტს საყვედურს არც ამის გამო ეტყვის ვინმე.
აურზაური ხელის ჩამორთმევის გამო
"ჩელსისთვის" სეზონი არაერთგვაროვნად მიმდინარეობს. ერთი მხრივ, ლონდონელებმა გააღწიეს ასოციაციის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში და თუკი ორივე ტურნირს მოიგებენ, სეზონი ზეწარმატებულად ჩაითვლებათ, თუმცა მედლის მეორე მხარეს არის ცუდად ჩატარებული ჩემპიონატი.
თუკი რობერტო დი მატეოს გუნდმა "ბაიერნს" მშობლიურ არენაზე ვერაფერი დაუპირისპირა, დიდი შანსია, რომ გუნდი მომდევნო სეზონში ევროპის ლიგის იმედად დარჩეს, რაც გუნდის სახელსა და ამბიციებს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.
"ქუინზ პარკის" პრობლემები ყველასთვის ცხადია. მარკ ჰიუზის გუნდს გავარდნა ემუქრება და "სტემფორდ ბრიჯზე" ქულის დაკარგვის უფლება არ აქვს. სათქმელად იოლია. რამდენად მოხერხდება ეს, ამაზე პასუხს მხოლოდ თამაში გაგვცემს.
ჰო, კინაღამ დაგვავიწყდა. შემოდგომაზე მომხდარი რასისტული სკანდალის შემდეგ ერთმანეთს მინდორზე მეორედ შეხვდებიან ჯონ ტერი და ანტონ ფერდინანდი. უკანასკნელმა პრემიერლიგის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რომ ის მეტოქისთვის ხელის ჩამორთმევას არ აპირებდა. პრემიერლიგაში კი ადგნენ და თამაშის წინა მისალმების ცერემონიალი საერთოდ გააუქმეს.
ჰარის გედის სიმღერა?
"ტოტენჰემმა" წინა უქმეებზე "ქუინზ პარკთან" კიდევ ერთი უსახური თამაში ჩაატარა და 1:0 დათმო. კიდევ ერთი წაფორხილება და "დეზები" უკვე თამაშგარეში აღმოჩნდებიან.
ბუნებრივია, ჰარი რედნაპს და თავად ფეხბურთელებს ეს ჩვენზე უკეთ ესმით, მაგრამ... როგორც გაზეთებმა შუა კვირაში დაწერეს, მოთამაშეებსა და მათ დამრიგებელს შორის შავმა კატამ გაირბინა. რამდენიმემ კლუბის პრეზიდენტ დენიელ ლევის აგენტების დახმარებით ხმა მიაწვდინა, მწვრთნელი "ტოტენჰემის" გარშემო კონცენტრაციას ვერ ახერხებსო.
პრინციპში, ფეხბურთელებამდე ამ თემაზე ჟურნალისტები წერდნენ, მაგრამ ერთია გარედან დანახული და შეფასებული, მეორეა, როგორ იგრძნობა ეს გუნდის შიგნით.
როგორც ჩანს, ჩვენს ინგლისელ კოლეგებს ინტუიციამ არ უღალატა.
"ბლექბერნზე" კი რისი თქმა შეიძლება? სტივ კინის გუნდის ბედი ბეწვზე კიდია. ერთი სულის შებერვა და მათ უფსკრულიდან უკვე ვეღარაფერი იხსნის. "უაით ჰართ ლეინზე" გასამართი მატჩის ფავორიტზე ლაპარაკი ალბათ ზედმეტია.
ტონი პულისის "სტოკ სიტიმ" წინა უქმეებზე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ "ნიუკასლთან" 3:0 დათმო. ახლა მას მეორე გუნდთან მოუწევს შერკინება, რომელსაც ანალოგიური მიზანი აქვს.
"არსენალის" ერთი ფეხის დაცდენა და "კაჭკაჭები" მზად არიან "მეთოფეები" მე-3 ადგილზე ჩაანაცვლონ. გამოტოვებული თამაში ("ჩელსისთან" "სტემფორდ ბრიჯზე") მათ თადარიგში აქვთ. ინგლისელი ჟურნალისტები და ბუკმეიკერები თანხმდებიან, "ბრიტანიაზე" 29 აპრილს ფავორიტი "არსენალია".
დაბოლოს, 36-ე ტურის უმთავრესი დაპირისპირება, რომელზეც მომავალშიც ვისუაბრებთ. თამაში, სადაც ძალიან ბევრი რამ კი არა ლამის ყველაფერი უნდა გადაწყდეს.
მასპინძელს სერიოზული საკადრო პრობლემები არ აწუხებს. ერთადერთი ვისი თამაშიც საეჭვოა, ეს მიკა რიჩარდსია.
სტუმრებს ამ მხრივ ბოლო თვეების ტრადიციული პრობლემები აწუხებთ, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. "ევერტონთან" "იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარდაცვამ და დაცვამ საოცრად სუსტად ითამაშა და თუკი რამე ამის მსგავსი კიდევ განმეორდა, დავიდ დე ხეას ოსტატობა ყველაფერს ვერ გაწვდება.
ვფიქრობთ, ალექს ფერგიუსონი წინა ტურის შემდეგ ფეხბურთელებს სათანადოდ დაამუშავებდა.
ინგლისი. პრემიერლიგა. XXXVI ტური
28 აპრილი
ევერტონი-ფულჰემი 18:00
ტრავმა: როდუელი, ბეინსი - გრიგერა, სიდუელი, რუისი, კელი
სტოკ სიტი-არსენალი 18:00
ტრავმა: სიდიბე, დიაო, უილკინსონი - უოლკოტი, უილშირი, ფრიმპონგი, მერტეზაკერი, კოკლენი, არტეტა
სანდერლენდი-ბოლტონი 18:00
ტრავმა: რიჩარდსონი, ბრამბლი, ანხელერი, უიკჰემი, კატერმოული, ბრაუნი - ლი, რ. გარდნერი, პრეტლი, მუამბა, მირსი, ჰოლდენი
დისკვალიფიკაცია: კ. გარდნერი (სანდ)
სუონსი-ვულვერჰემპტონი 18:00
ტრავმა: ტეიტი, აგუსტინი, ბოდე - ჰენესი, კრედოკი, ო’ჰარა, ჰანტი, ბასონგი
ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა 18:00
ტრავმა: გერა, რიდი, მორისონი, ფორჩუნი - ბენტი, დელფი, რ. დანი, ს. პეტროვი, კოლინსი
უიგანი-ნიუკასლი 18:00
ტრავმა: დი სანტო, კრუსატი, როდალიეგა - გატრი, ვუკჩიჩი, ლოვენკრანდსი, ობერტანი, მარვო, კაბაი, რ. ტეილორი, ამეობი
ნორვიჩი-ლივერპული 20:30
ტრავმა: აიალა, ტირნი, უაიტბრედი - ლეივა, ადამი
29 აპრილი
ჩელსი-ქუინზ პარკი 16:30
ტრავმა: კეჰილი, ლუისი, ბერტრანი - ფორლინი, დაიერი
დისკვალიფიკაცია: ივანოვიჩი - ტაარაბტი
ტოტენჰემი-ბლექბერნი 19:00
ტრავმა: კაბული, გომესი, ადებაიორი, კრანჩარი, საა, ჰადლსტოუნი, დოუსონი, ჯენასი, ბენტლი - სალგადო, ჰენლი, გრელა
30 აპრილი
მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი 23:00
ტრავმა: რიჩარდსი - ვიდიჩი, ფლეტჩერი, ანდერსონი, მაკედა, პოგბა, ლინდეგორი, ოუენი
სატურნირო ცხრილი
ა გთ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 35 26 5 4 86-32 83
2. სიტი 35 25 5 5 87-27 80
3. არსენალი 35 20 5 10 67-43 65
4. ნიუკასლი 34 18 8 8 53-42 62
5. ტოტენჰემი 34 17 8 9 57-39 59
6. ჩელსი 34 16 10 8 56-38 58
7. ევერტონი 34 13 9 12 42-38 48
8. ლივერპული 34 12 10 12 40-37 46
9. ფულჰემი 34 12 10 12 45-44 46
10. ვესტ ბრომვიჩი 35 13 6 16 41-47 45
11. სანდერლენდი 35 11 11 13 42-41 44
12. სუონსი 35 11 10 14 39-45 43
13. ნორვიჩი 35 11 10 14 47-60 43
14. სტოკ სიტი 34 11 9 14 32-48 42
15. ასტონ ვილა 35 7 15 13 36-50 36
16. ქუინზ პარკი 35 9 7 19 39-57 34
17. უიგანი 35 8 10 17 34-60 34
18. ბოლტონი 34 10 3 21 39-67 33
18. ბლექბერნი 35 8 7 20 47-73 31
20. ვულვზი 35 5 8 22 34-75 23
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ინგლისი. პრემიერლიგა. XXXVI ტური