ასოციაციის თასი. ფინალი: ლონდონის "ჩელსის" ასოციაცია

AutoSharing Option
ვიდეო
ასოციაციის თასი (სხვათა შორის, მეშვიდედ) "ჩელსის" დარჩა და ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა "ლივერპულთან" მოგებული ფინალი ლონდონური კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გენერალურ რეპეტიციად მონათლეს.

გადაჭედილ "უემბლიზე" მერსისაიდული კლუბი "ჩელსის" მედგრად ებრძოდა და მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო. მეტიც: ლივერპულელები დარწმუნებულები არიან, რომ გაათანაბრეს და რომ მსაჯთა ბრიგადამ მათ ასპროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალა...

ფინალმა, რომელსაც მთელი საფეხბურთო ინგლისი, განსაკუთრებით კი, ლონდონელები და ლივერპულელები მოუთმენლად ელოდებოდნენ, მოლოდინი ვერ გაამართლა. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმზე ითქმის: რობერტო დი მატეოს გუნდი, რომლის ძირითად შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის
დისკვალიფიცირებული ტრიო (რამირესი, ტერი, ივანოვიჩი) ვიხილეთ, დაცვიდან თამაშობდა და "ლივერპულის" დაწნეხვას ზედმეტი მონდომების გარეშე ცდილობდა.

არადა, "ჩელსიმ" მე-11 წუთზე სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეტევით გახსნა ანგარიში: მატამ მარჯვენა ფლანგზე ბურთი რამირესს გაატანა, "ლივერპულის" მარცხენა მცველმა ხოსე ენრიკემ კი ამ უკანასკნელთან პოზიციური შეცდომა დაუშვა, რითაც ბრაზილიელმა უყოყმანოდ ისარგებლა - რეინამ ბურთი საკუთარ კარში მოიგერია.

ეს გოლი "ლივერპულისთვის" ცივი შხაპი უნდა ყოფილიყო, რადგან ლოგიკას არ ექვემდებარებოდა, მაგრამ მერსისაიდელთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ შოკში არ ჩავარდნილან და კრეიგ ბელამის მალევე მიეცა ანგარიშის გათანაბრების შანსი, თუმცა ჩეხმა უელსელის დარტყმის მოგერიება შეძლო.

ამის მერე პირველ ტაიმში საინტერესო, ფაქტობრივად, აღარაფერი მომხდარა - "უემბლიზე" შეკრებილმა ქომაგებმა არც კუთხურები იხილეს, არც გაფრთხილებები და არც საგოლე მომენტები.

გოლი იყო თუ არ იყო?
მეორე ნახევარიც ზუსტად ისე დაიწყო, როგორც პირველი: "ჩელსიმ" "ლივერპულს" ისევ სწრაფი და ერთობ ალოგიკური გოლი გაუტანა. დიდიე დროგბამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "უემბლი" მისთვის იღბლიანი სტადიონია: 2007 წლის მერე მეოთხე ფინალში მან თავისი მორიგი გოლი შეაგდო. ეს "ჩელსისთვის" უკვე უკიდურესად კომფორტული ანგარიში გახლდათ და ლონდონელებმაც მნიშვნელოვნად დაიხიეს უკან.

შეცვლაზე შესული კეროლის გოლი, რომლითაც "ლივერპულმა" სხვაობა შეამცირა, ბოსინგვას შეცდომას მოჰყვა, რის შემდეგაც "ლივერპულმა" უკანმოუხედავი იერიშები დაიწყო. "ჩელსის" ფეხბურთელები კი უკვე მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.

დისკუსია, რომელიც ზემოთაც ვახსენეთ, 82-ე წუთზე გაჩაღდა: სუარესის ჩაწოდების შემდეგ კეროლმა ჩეხს თავით დაურტყა და ბურთმა თითქოს გადაკვეთა კარის ხაზი. მსაჯები ასე არ ფიქრობდნენ და გოლი არ ჩათვალეს, რასაც მერსისაიდელთა მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

ცუდი ის არის, რომ არაერთი რაკურსით გამეორებაზე არ ჩანს, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი.

დარჩენილი დრო ლივერპულელებმა შეტევებში გაატარეს, მაგრამ "ჩელსის" სტაბილური დაცვის წინააღმდეგ ვეღარაფერი გააწყვეს.

ასოციაციის თასი. ფინალი
ჩელსი-ლივერპული 2:1 (იხილეთ ვიდეო)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ბოსინგვა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული - მიკელი, ლემპარდი - რამირესი (76. რაულ მეირელეში), მატა (90. მალუდა), კალუ - დროგბა.
ლივერპული (4-2-3-1): რეინა - ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ხოსე ენრიკე - სპირინგი (55. კეროლი), ენდერსონი - დაუნინგი, ჯერარდი, ბელამი (78. კუიტი) - სუარესი.
გოლები: 1:0 რამირესი (11), 2:0 დროგბა (52), 2:1 კეროლი (64)
გაფრთხილება: მიკელი, აგერი - სუარესი
მაყურებელი: 90 000

"ჩელსის" ასოციაცია" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული