ლუის სუარესი: მადლობა ყველაფრისთვის!

AutoSharing Option
რომელი მხრიდანაც უნდა შევხედოთ "ლივერპულის" მიერ ჩატარებულ სეზონს, შეუძლებელია, მას წარმატებული დაერქვას.

გუნდმა პირწმინდად ჩააგდო სეზონი პრემიერლიგაში. სხვა სახელს ვერაფრით დავარქმევთ იმას, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ტურით ადრე პირველ და მეორეადგილოსნებთან მერსისაიდელების ჩამორჩენა 34 (!) ქულას შეადგენს.

ოდნავ "აფერადებს" ამ ყველაფერს "ლივერპულის" წარმატებული გამოსვლა თასის გათამაშებებში, მაგრამ გულშემატკივარი მაინც ძალიან უკმაყოფილოა და ამაში გასაკვირი არაფერია.

სეზონის განმავლობაში "წითლების" ბანაკში რამდენიმე სკანდალი მოხდა. ყველაზე ხმაურიანი, რასაკვირველია, ლუის სუარესს გადახდა თავს, როცა მას პატრის ევრას რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა დაბრალდა.

ურუგვაელს ამის გამო 8-თამაშიანი
დისკვალიფიკაცია მისცეს. დიდი ხმაური გამოიწვია სკანდალის შემდეგ მოედანზე ფეხბურთელების პირველმა შეხვედრამაც.

სუარესმა "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს ხელი არ ჩამოართვა. მოკლედ, წელს ფეხბურთელმა პრესას ბევრი სალაპარაკო მისცა არასაფეხბურთო თემატიკაზე.

სამშაბათს "ენფილდზე" სუარესმა კიდევ ერთი არასპორტული საქციელით "გამოიჩინა თავი", როცა, მას მერე, რაც ბრანისლავ ივანოვიჩს ბურთი ვერ წაართვა, ხელი ყელზე მოხვია (არამეგობრულად) და მოედანზე ისე დააგდო.

არბიტრ კევინ ფრენდს ამ ყოველივეზე რატომღაც რეაქცია არ ჰქონია. თუმცა სუარესის საქციელი უარყოფითად შეაფასეს უშუალოდ მერსისაიდელთა გულშემატკივრებმა.

ურუგვაელის გარშემო მეტისმეტად უარყოფითი აურა შეიკრა და როგორც ჩანს, ამას ფეხბურთელი თავადაც გრძნობს. "ჩელსისთან" თამაშის შემდეგ "ტვიტერზე" ლუისმა შემდეგი რამ დაწერა: "ძალიან გამახარა გუშინდელმა გამარჯვებამ და იმის შანსმა, რომ გულშემატკივრებს დავმშვიდობებოდი. მადლობა ყველაფრისთვის," - დაგვეთანხმებით, ტექსტი რაღაცით ნამდვილად ჰგავს წასასვლელად გამზადებული ადამიანის ძახილს.

რა იგულისხმა ფეხბურთელმა - ის, რომ ეს მიმდინარე სეზონში გახლდათ "ენფილდზე" ბოლო თამაში, თუ ის, რომ ზოგადად "ლივერპულში" იყო ერთ-ერთი უკანასკნელი შეხვედრა - ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ სამხრეთამერიკელით "პარი სენ-ჟერმენი" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულები. ორივე კლუბი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. "წითლების" რიგებში კი სუარესს ლიგის თასის მოგების წყალობით ევროპის ლიგის საგზური აქვს განაღდებული.

ჩვენი გაზეთი ჯერ კიდევ 2-3 კვირის წინ წერდა, რომ კენი დალგლიშს მომდევნო სეზონისთვის გუნდში სერიოზული საკადრო ცვლილებები აქვს დაგეგმილი. ლაპარაკი იყო "ლივერპულიდან" წამსვლელ 3 ფეხბურთელზე.

ესენი იყვნენ დირკ კუიტი, მაქსი როდრიგესი და ფაბიო აურელიო. ბოლო ტურში "ჩელსისთან" გამარჯვების შემდეგ (4:1) ის, რომ "ენფილდს" ტოვებს, მაქსიმ დაადასტურა.

"ტვიტერზე" მან შემდეგი რამ დაწერა: "ეს იყო ჩემი უკანასკნელი საშინაო შეხვედრა და გულშემატკივრებს ვუთხარი, "მომავალ შეხვედრამდე, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის".

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა "ენფილდს" "ატლეტიკოდან" 2010 წელს მიაშურა და ამ დროის განმავლობაში ყველა ტურნირზე ერთად, 72 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.

ესპანური პრესა წერს, რომ მაქსის სამსახურით ყველაზე მეტად "ესპანიოლია" დაინტერესებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული