"მანჩესტერ სიტიმ" ალექს ფერგიუსონს ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს შეურაცხმყოფელი ბანერისთვის ბოდიში მოუხადა, რომელიც ჩემპიონობის აღნიშვნის დროს ხელში ფორვარდ კარლოს ტევესს ეჭირა.

13 მაისს "მანჩესტერ სიტი", პირველად 44 წლის მანძილზე, ინგლისის ჩემპიონი გახდა. "ქალაქელებმა" ბოლო ტურში ”ქუინზ პარკ რეინჯერსი" (3:2) დაამარცხეს. "სიტიმ" და "იუნაიტედმა" ქულათა თანაბარი რაოდენობა მოაგროვეს (89), მაგრამ "სიტიმ" მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლით აჯობა.

საჩემპიონო ზეიმის დროს ტევესმა რამდენიმე ხნით პლაკატი აღმართა, რომელსაც "RIP Fergie" ეწერა. ეს ბანერი პასუხი იყო ფერგიუსონის სიტყვებზე, რომელმაც სამი წლის წინ განაცხადა, რომ სანამ ცოცხალია,
"სიტი" "იუნაიტედს" ვერ აჯობებს და ჩემპიონი ვერ გახდება.

კლუბის ოფიციალურ ბოდიშს კარლოს ტევესიც შეუერთდა, რომელმაც განაცხადა, რომ იმ დროს ძალიან აღელვებული იყო. არგენტინელის თქმით, ის ფერგიუსონს დიდ პატივს სცემს, რომლის ხელმძღვანელობითაც "იუნაიტედის" შემადგენლობაში ორი სეზონი გაატარა.

ტევესი "სიტიში" 2009 წელს "იუნაიტედიდან" გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც 2007 წლიდან თამაშობდა. ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით არგენტინელი ინგლისის ჩემპიონი ორჯერ გახდა და 2008 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული