ჩრდილიდან გამოსვლა - ნაწილი I

AutoSharing Option
ნაწილი I
"მანჩესტერ სიტის" მიერ პრემიერლიგის მოგება მარტო ერთ რამეს ნიშნავს: ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მეზობლების მუდმივი დაცინვის შემდეგ კლუბი "იუნაიტედის" ჩრდილიდან გამოვიდა.

ბრიტანული Sport Look-ის მიმომხილველი სტივ ჰორტონი ამ თემაზე საკმაოდ საინტერესო სტატიას გვთავაზობს.

არენდიდან ტრაგედიამდე
არადა, შეიძლებოდა, ყველაფერი სულ სხვაგვარად წარმართულიყო. მეორე მსოფლიო ომამდე მანჩესტერის უძლიერესი კლუბი სწორედ "სიტი" იყო.

"ქალაქელებმა" 1937 წლის ჩემპიონატი მოიგეს, სამი წლით ადრე კი ასოციაციის თასზე გაიმარჯვეს. ამ დროს "იუნაიტედი" მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობდა. "წითელი ეშმაკები" ხომ წარმატებებს ჯერ კიდევ 1-ელ მსოფლიო ომამდე შესწვდნენ,
როცა 1908 და 1911 წლებში გახდნენ ჩემპიონები, 1909 წელს კი თასი მოიგეს. რაც უნდა ყოფილიყო, 30-იანი წლების ბოლოს ფეხბურთმა მეორე პლანზე გადაინაცვლა, რადგან კონტინენტზე სისხლისმღვრელი შეტაკებები დაიწყო.

მე-2 მსოფლიო ომის დროს "ოლდ ტრეფორდი" დაიბომბა. სწორედ ამიტომ "იუნაიტედი" იძულებული გახდა, 1946 წლიდან "სიტის" "მეინ როუდი" ექირავა. მიუხედავად იმისა, რომ არენდატორები მათგან ძალიან დიდ თანხას ითხოვდნენ, "იუნაიტედმა" მაინც მოახერხა, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ქცეულიყო.

ეს ყველაფერი, უპირველესად, მეტ ბასბის დამსახურება იყო - მწვრთნელისა, რომელმაც ოდესღაც "ლივერპულის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობაზე თქვა უარი.

38 წლის შოტლანდიელი ფეხბურთელობის ჟამს სწორედ "ლივერპულსა" და "სიტიში" თამაშობდა, გუნდის მართვის გამოცდილება კი საერთოდ არ ჰქონდა. ბასბისთვის ამას ხელი არ შეუშლია, გუნდი ზედიზედ სამჯერ მიეყვანა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტულამდე - 1947/49 წლებში, 1948-ში კი ასოციაციის თასი მოეგო.

ამ გამარჯვებების წყალობით, "მეინ როუდის" დასწრების რეკორდი არა "სიტის" რომელიმე შეხვედრაზე, არამედ "იუნაიტედი"-"არსენალის" მატჩზე დაფიქსირდა 1948 წლის იანვარში. არენაზე ფეხბურთის საყურებლად 83 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

50-იანებში "იუნაიტედი" "ოლდ ტრეფორდს" დაუბრუნდა, რათა კიდევ უფრო დიდი წარმატებებისთვის მიეღწია. გუნდმა 1952, 1956 და 1957 წლებში მოიგო ინგლისის ჩემპიონობა. მართალია, 1956-ში თასი "სიტიმ" მოიგო, მაგრამ ეს წარმატება "ეშმაკების" საჩემპიონო ტრიუმფმა დაჩრდილა. "იუნაიტედს" სწორედ ამ წლებში შეერქვა სახელი "ბასბის ბიჭები", რადგან გუნდს შემადგენლობაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავდა.

1958 წლის 6 თებერვლის მიუნხენურმა კატასტროფამ "იუნაიტედის" 8 ფეხბურთელის სიცოცხლე შეიწირა.

თვითმფრინავმა, რომელიც ბელგრადში ჩემპიონთა თასის მატჩიდან შინ ბრუნდებოდა, ცუდი ამინდის გამო ვერ შეძლო, ასაფრენ ზოლს მოსწყვეტოდა და აეროპორტის ღობეს დაეჯახა.

ბასბიმ უამრავი ტრავმა მიიღო, მაგრამ გადარჩა და სამწვრთნელო კარიერა განაგრძო. 3 თვის შემდეგ ის თასის ფინალში გავიდა, სადაც სისხლისგან დაცლილმა "იუნაიტედმა" "ბოლტონთან" 0:2 წააგო.

წითელი ეშმაკების ჩრდილში
60-იანმა წლებმა მანჩესტერის საუკეთესო გუნდის სტატუსისთვის ბრძოლაში ჩაიარა. 1963 წელს "იუნაიტედმა" თასი მოიგო, მაშინ, როცა "სიტი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ დაბრუნდა თუ არა, გამარჯვებებმა დიდხანს აღარ დააყოვნა.

სწორედ ეს იყო საუკეთესო პერიოდი "სიტის" ისტორიაში. 1968 წლის საჩემპიონო ტიტულს გუნდმა მომდევნო წელს თასი და საფეხბურთო ლიგის თასები მიაყოლა. გავიდა კიდევ ერთი წელიწადი და ევროპული აღიარებაც მოვიდა - გუნდმა თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

ყველა ეს წარმატება მეორე მანჩესტერული კლუბის გამარჯვებებმა დაჩრდილა. "სიტის" მიერ მოგებული ინგლისის ჩემპიონობა არაფერი იყო იმასთან შედარებით, როცა "იუნაიტედმა" ევროპის ჩემპიონთა თასზე იმარჯვა. ეს იყო პირველი ევროპული ტიტული ინგლისური კლუბებისთვის.

ფინალი კი იყო კულმინაცია მიუნხენური ტრაგედიის მერე გუნდის გარდაქმნის პროცესში. ბასბიმ გუნდი ბობი ჩარლტონისა და ახალგაზრდა დენის ლოუსა და ჯორჯ ბესტის გარშემო შეკრა. ჩემპიონთა თასამდე "იუნაიტედმა" 1965 და 1967 წლებში მოიგო ქვეყნის ჩემპიონობა. "ქალაქელთა" ევროპული იმედები კი ჩემპიონთა თასზე პირველივე რაუნდში დაიმსხვრა, როცა ინგლისის ჩემპიონი ორი მატჩის ჯამში თურქულ "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა.

ვენაში თასების თასის ფინალში პოლონური "გურნიკის" დამარცხებამ "ქალაქელებს" დიდი ვერაფერი სახელი მოუტანა. ინგლისურმა ტელევიზიებმა ამ თამაშს სრული იგნორირება გაუკეთეს. მის ნაცვლად ეთერში "ოლდ ტრეფორდზე" "ლიდსსა" და "ჩელსის" შორის თასის განმეორებითი ფინალი ამჯობინეს.

ლონდონელებმა 2:1 იმარჯვეს და თავიანთი პირველი სათასო ტიტული მოიპოვეს. პირდაპირ ეთერს მაშინ 28 მილიონმა ადამიანმა უყურა.

"სიტის" ევროპული ტრიუმფისთვის ყურადღება თითქმის არავის მიუქცევია. ვენაში ძლიერი წვიმა მოდიოდა.

ტრიბუნაზე არ იყვნენ პოლონელი გულშემატკივრებიც. თამაში ცოცხლად სულ 8 ათასმა ადამიანმა იხილა.

"სიტიმ" ბილეთების გაყიდვიდან ძალიან მცირე შემოსავალი მიიღო. ხელშესახები სარგებელი მისთვის არც თასის მოგებას მოუტანია.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული