ამსტერდამის "აიაქსის" უარი ლონდონის "ტოტენჰემს"

AutoSharing Option
Goal.com-ის ცნობით, "აიაქსმა" და "ტოტენჰემმა" იან ვერტონგენის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ამსტერდამელები ბელგიელ ცენტრალურ მცველში 13 მილიონ ევროს ითხოვენ, მაშინ, როცა ლონდონელები მათ 8,1 მილიონს სთავაზობდნენ. "დეზებს" აქვთ შანსი, გაუმჯობესებული წინადადებით მოახერხონ ჰოლანდიის ჩემპიონების დაყოლიება.

გეტყვით, რომ ვერტონგენსა და "ტოტენჰემს" შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია. ლონდონური კლუბი ფეხბურთელს კვირაში 60 ათას ფუნტს სთავაზობს, რაც მის ამჟამინდელ ხელფასს ზუსტად ორჯერ აღემატება.

მალე გაირკვევა
"ასტონ ვილამ" სეზონის დასრულებისთანავე გაათავისუფლა თანამდებობიდან ალექს მაკლიში, რამაც ბირმინგემელთა ფანებს
შორის დიდი სიხარული გამოიწვია. მოგეხსენებათ, შოტლანდიელი მათ შორის ძალიან არაპოპულარული იყო.

კლუბის წარმომადგენლების თქმით, ამჟამად თანამდებობის დაკავების ორი გამორჩეული ფავორიტი არსებობს - "უიგანის" თავკაცი რობერტო მარტინესი და "ნორვიჩის" დამრიგებელი პოლ ლამბერტი. ბირმინგემში დღე დღეზე ელოდებიან კლუბის მესაკუთრეს, ამერიკელ მილიარდერ ენდი ლერნერს, ვინც გადაწყვეტილებას ადგილზე მიიღებს და ოკეანის გაღმა მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდება.

პრემიერლიგა ელექტროსისტემას მიენდობა
ინგლისური პრემიერლიგის გენერალური დირექტორის, რიჩარდ სკუდემორის განცხადებით, მომდევნო სეზონის შუა პერიოდიდან ლიგა, ალბათ, თამაშის მიმდინარეობისას ვიდეოგამეორებებს შემოიღებს.

"თავდაპირველად გვინდოდა, სისტემა სეზონის დაწყებისთანავე დაგვენერგა, მაგრამ მერე გადავწყვიტეთ, რომ ეს შუა ნაწილში გაგვეკეთებინა. საკითხი მხოლოდ კარის აღებას შეეხება.

ელექტროსისტემების წყალობით შეგვეძლება იმის ზუსტად დაფიქსირება, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. ამისთვის საუკეთესო სისტემის შერჩევაღა დაგვრჩა," - განუცხადა სკუდემორმა "სქაი სპორტს".

შეგახსენებთ, რომ უკვე არსებობს ორი ელექტროსისტემა, რომელსაც შეუცდომლად შეუძლია გოლის დაფიქსირება. ესენია HAWK-EYE და GOALREP.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული