"გარდიანის" შთამბეჭდავი სია

AutoSharing Option
ბრიტანულმა გამოცემა "გარდიანმა" "ლივერპულში" დანიშვნის ყველაზე რეალურ კანდიდატებად ფაბიო კაპელო, პეპ გვარდიოლა (თუმცა თავად გვარდიოლამ უარყო) და ანდრე ვილაშ ბოაში დაასახელა.

აქ ლაპარაკია ყველაზე ავტორიტეტულ მწვრთნელებზე. ამათ გარდა არიან სხვა პრეტენდენტებიც. წარმოიდგინეთ და იყვნენ ისთებიც, რომელთაც "ენფილდზე" მუშაობაზე უკვე უარი თქვეს. ქვემოთ ყველაფერს დაწვრილებით მოგითხრობთ.

"ლივერპულის" წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ "უიგანის" პრეზიდენტ დეივ უილანს და რობერტო მარტინესთან მოლაპარაკების დაწყების ოფიციალური ნებართვა ითხოვეს.

რაზეც მათ თანმობა უკვე მიიღეს. ის, რომ მარტინესი პირველია, ვისთანაც "წითლები" მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, არაფერს ნიშნავს. 38 წლის ესპანელის
შემდეგ მერსისაიდელთა აგენტები "სუონსის" დაუკავშირდნენ და ბრენდან როჯერსთან სცადეს დაკონტაქტება, მაგრამ 39 წლის ჩრდილოირლანდიელმა "წითლები" თავაზიანი უარით გაისტუმრა. ის უელსური კლუბიდან სხვაგან წასვლას მინიმუმ ერთი წელი არ გეგმავს.

რაც შეეხება შესავალში ხსენებულ სპეციალისტებს, კლუბს მათთვის ჯერ არ მიუმართავს, ასე რომ, მათ შანსებზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია. მერსისაიდელთა გულშემატკივრებს მოთმინებისკენ
მოვუწოდებთ, რადგან გვგონია, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა უახლოესი დღეების ამბავი არ იქნება.

"ლივერპულის" აღმასრულებელმა დირექტორმა იან ეირმა გამოცემა "დეილი მირორს" მისცა ინტერვიუ, სადაც კენი დალგლიშის გათავისუფლების შემდეგ კლუბში შექმნილ ვითარებაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, "ლივერპულის" მესაკუთრეებს დიდხანს არც უფიქრიათ დალგლიშის ბედზე, რადგან კონკრეტულ შეხვედრებში გუნდის მიერ ნაჩვენები დადებითი შედეგი საერთო სურათზე სერიოზულ ზეგავლენას ვერ მოახდენდა.

მეტიც, 61 წლის შოტლანდიელს ასოციაციის თასის ფინალში "ჩელსისთან" გამარჯვებაც კი ვერ იხსნიდა. "დალგლიშის გათავისუფლება რომელიმე კონკრეტული წარუმატებელი თამაშის შემდეგ არ გადაგვიწყვეტია და ეს ასეც უნდა მომხდარიყო.

ჩვენ სეზონი თავიდან ბოლომდე შევაფასეთ. ხალხს შეიძლება არ სიამოვნებდეს ამის გაგონება, მაგრამ ფეხბურთი ბიზნესია.

მათ მხოლოდ ის სურთ, რომ მესაკუთრეეებმა გუნდში რაც შეიძლება დიდი ფული ჩადონ, რათა ტიტულები და გამარჯვებები მოვიდეს, მაგრამ იქამდე სხვა მიზნებს უნდა მივაღწიოთ.

აუცილებელია ჩემპიონატში მდგომარეობის გამოსწორება. თუკი ამას ვერ ახერხებ და ჩემპიონთა ლიგის მიღმა რჩები, მაგრამ ამის მიუხედავად აგრძელებ და აგრძელებ მსუყე ჩეკების გამოწერას, ასეთი მოდელით არსებობას დიდხანს ვერ შეძლებ.

სწორედ მას მერე გაგვიადვილდა გადაწყვეტილების მიღება, როცა მივხვდით, რომ პრემიერლიგაში მდგომარეობის გამოსწორება ჰაერივით გვჭირდებოდა. პირველადგილოსანთან 37 ქულით ჩამორჩენა, მეოთხეადგილოსანთან - 14-ით და სეზონში 14 წაგება მეტისმეტად მიუღებელი იყო.

გულშემატკივრებს ტიტულების ხილვა სურთ, მაგრამ ლიგის და თუნდაც ასოციაციის თასების მოგება ჩვენ იმდენ ფულს ვერ მოგვიტანდა, რომ კლუბში მისი რეინვესტირება ყოფილიყო მიზანშეწონილი.

არ არსებობს "ლივერპულის" ფანი, ვინც მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებასა და ამ ტურნირის მოგებაზე არ ოცნებობდეს.

ეს კი მხოლოდ მას მერე გახდება შესაძლებელი, როცა პირველ ეტაპზე ჩემპიონატში მივაღწევთ წარმატებას," - განაცხადა იან ეირმა. მანვე დაადასტურა, რომ მიუხედავად დალგლიშის გათავისუფლებისა, გუნდში რჩება მისი ყოფილი ასისტენტი სტივ კლარკი. კლუბი მასთან გამოთხოვებას არ გეგმავს.

კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებამ ფეხბურთელებს გული დასწყვიტა. ცხადი იყო, რომ ასეც მოხდებოდა, რადგან მოთამაშეებს "მეფე კენისთან" იდეალური ურთიერთობა აკავშირებდათ.

"დალგლიშს ბოსტონში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე შევხვდი და ვკითხე, მე ჩემი გუნდის მთავარ მწვრთნელს ველაპარაკები, თუ უბრალოდ კენის-თქო. კენისო, ასე მიპასუხა, რის გამოც გული დამწყდა. ცუდია, რომ მასთან გამოთხოვება მოგვიხდა, მაგრამ ეს ფეხბურთია.

ეს დღე ყველასთვის სამწუხარო იყო, მაგრამ ამით "ლივერპული" არ დამთავრებულა. საჭიროა, წინ და წინ ვიაროთ. ვინც უნდა იყოს მისი შემცვლელი, პირადად მე მას მაქსიმალურ მხარდაჭერას ვპირდები," - განაცხადა ჯეიმი კარაგერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული