რობინ ვან პერსი - გზა ქვესკნელიდან მწვერვალამდე

AutoSharing Option
"არსენალის" კაპიტანმა და საუკეთესო ფეხბურთელმა რობინ ვან პერსიმ საკლუბო ტელეარხს ინტერვიუ მისცა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. ინტერვიუს მონოლოგის სტილში გთავაზობთ.

- პეტ რაისმა (არსენ ვენგერის ყოფილი ასისტენტი) "არსენალს" თავისი ცხოვრების 44 წელიწადი მიუძღვნა. ის ძალიან კარგი მწვრთნელი, დიდებული ადამიანი და ჩვენი კლუბის ლეგენდაა.

ის არ არის იმ კატეგორიის ადამიანებს შორის, ვისაც ყურადღების ცენტში ყოფნა უყვართ, მაგრამ ამის მიუხედავად, იმსახურებდა ასეთ თბილ გაცილებას, რაც მას მოვუწყვეთ. გულშემატკივრები მასზე დაწერილ სიმღერებს ასრულებდნენ.

ეს იყო ფანტასტიკური გამოთხოვება. პეტ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის! შენ
ნამდვილი ჯენტლმენი და ძალიან კარგი მწვრთნელი ხარ.

გულშემატკივრები წარმოუდგენლად გვიჭერდნენ მხარს როგორც სტუმრად, ისე შინ. ბოლო რამდენიმე თვე მათ სულ სხვა დონეს მიაღწიეს.

ყოველი კონკრეტული შეხვედრა რომ ავიღოთ - "ტოტენჰემთან" გნებავთ თუ "მილანთან", თუნდაც ნებისმიერი სხვა მატჩი, ფანები ფანტასტიკურები იყვნენ.

ისინი მუდამ გვერდით გვიდგანან. ყოველთვის ხმამაღლა სკანდირებენ და გვამხნევებენ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ცუდადაც ვთამაშობდეთ. დიდი მადლობა მათ ამისთვის.

"ვესტ ბრომვიჩთან" მატჩისას როცა შევიტყვეთ, რომ მესამე ადგილზე ჩვენი გასვლის საკითხი ბეწვზე ეკიდა და "ტოტენჰემს" შეეძლო, რომ ჩემპიონატი ჩვენზე მაღლა დაესრულებინა, დაძაბულობამ იმატა, ჩვენზე ზეწოლა გაორმაგდა.

იმ შეხვედრაში ნამდვილად არ ველოდი, რომ ლამაზი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა, მაგრამ ასეთ დროს ამას, ალბათ, მნიშვნელობა არც აქვს.

ხანდახან ისიც საჭიროა, რომ შენს მოედანზე გამაგრდე და მხოლოდ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე იბრძოლო. ვფიქრობ, ეს ყველა ფეხბურთელმა მშვენივრად მოახერხა. მთავარია, რომ ჩემპიონთა ლიგაში მოვხვდით.

ამით კმაყოფილები ვართ და მომენტით ვტკბებით. ფანტასტიკური შეგრძნება იყო, როცა ისევ "დეზებზე" მაღლა დავდექით. მერე გავიგეთ, რომ მათაც იმარჯვეს, მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან ჩვენ ჩვენი მატჩი მოვიგეთ.

წარმოუდგენელი იყო, როცა ჯერ ქვესკნელამდე დავეშვით და მერე ისევ მოვახერხეთ მწვერვალზე დაბრუნება. ვიდრე ამას შევძლებდით, ძალიან რთული პერიოდი გადავიტანეთ. სეზონის სტარტზე მიღებული შოკიდან შედარებით იოლად გამოვძვერით.

როცა ფორმაში შევედით, ორი მძიმე მარცხი ვიწვნიეთ - "მილანთან" და "სანდერლენდთან", მაგრამ ამასაც გავუძელით. ჩემი აზრით, ბოლო ტურებში რამდენიმე მატჩი, სადაც ფრედ ვითამაშეთ, აუცილებლად უნდა მოგვეგო, მაგრამ საქმე თავად გავირთულეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული