რეალური ანდრე ვილაშ ბოაში

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ცნობით, "ლივერპულის" წარმომადგენლები ანდრე ვილაშ ბოაშს მომდევნო კვირაში შეხვდებიან და მოლაპარაკებათა პირველ რაუნდს გამართავენ.

"ჩელსის" ყოფილ დამრიგებელს თანამშრომლობას "რომაც" სთავაზობს. ასე რომ, "წითლებს" 34 წლის პორტუგალიელისთვის იტალიელებზე უკეთესი წინადადების შეთავაზება მართებს.

მერსისაიდელთა მფლობელებს არ აშინებთ ის, რომ "პორტუში" ფანტასტიკური მუშაობის შემდეგ მას წარუმატებელი პრაქტიკა ჰქონდა ლონდონურ კლუბში.

"ფინვეი სპორტს გრუპის" ("ლივერპულს" სწორედ ეს კომპანია ფლობს) ბოსებს მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი სწორედ იმ თვისებებს ფლობს, რაც აუცილებელია გუნდის გასაძღოლად.

მას მერე, რაც ჯერ ბრენდან როჯერსმა (სუონსი) და მერე იურგენ
კლოპმა უარი თქვეს "ლივერპულთან" მოლაპარაკებებზე, ეს გარკვეულწილად სტიმულადაც კი იქცა, რომ კლუბში უფრო მეტად მოენდომებინათ რთული საქმისთვის თავის მობმა.

სამწვრთნელო საკითხებზე კომენტარი ისურვა "ლივერპულის" ყოფილმა ვარსკვლავმა, 39 წლის სტივ მაკმანამანმა.

ფეხბურთელის თქმით, მისი მშობლიური კლუბი ვერ შეძლებს პეპ გვარდიოლას და ჟოზე მოურინიოს "შენახვას". "ლივერპული" ვერ შეძლებს მათთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას.

"აუცილებელია, რომ რეალობის შეგრძნება არ დავკარგოთ. არ ვიცი, რომელი მწვრთნელია თავისუფალი და ვინ დათანხმდება გუნდის გაწვრთნას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გარიგების ფინანსური მხარე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ლაპარაკია ვინმეს კონტრაქტის გამოსყიდვაზე," - განაცხადა მაკმანამანმა.

მწვრთნელის გარდა, "ლივერპული" ახალ სპორტულ დირექტორსაც ეძებს. "წითლების" ხელმძღვანელობას თვალთ მოუვიდა "იუვენტუსის" ტექნიკური დირექტორი ფაბიო პრატიჩი.

მოეწონა ერთია, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, "ბიანკონერის" ხელმძღვანელობა უარს აცხადებს კვალიფიციური მუშაკის გათავისუფლებაზე.

ამის კატეგორიული წინააღმდეგია ტურინელთა გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა, რადგან მიაჩნია, რომ "ქალბატონის" ბოლოდროინდელ წარმატებებში პატრიჩის როლი განუზომლად დიდია. "იუვენტუსთან" ფაბიოს ხელშეკრულებას ვადა ზუსტად ერთი წლის მერე ეწურება. როგორც ჩანს, მერსისაიდელებს სწორედ ამის იმედი ჰქონდათ.

"ლივერპულის" ვეტერანმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ გუნდისთვის მომდევნო სეზონში უმთავრესი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა უნდა იყოს. მისი აზრით, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობაც კი გუნდისთვის უკვე ძალიან დიდი გამოცდილება და წინსვლის წინაპირობაა.

"ლივერპულში" ყველას მშვენივრად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანი ტურნირია ჩემპიონთა ლიგა. გასულ წელს აუცილებლად უნდა მოვხვედრილიყავით ოთხეულში, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. გულშემატკივრები გულნატკენები არიან, რომ იქ ვერც მომავალ წელს ვითამაშებთ.

ჩვენ ჯერ იქ დაბრუნება უნდა მოვახერხოთ, შემდეგ კი მასში გამარჯვებაზეც ვიფიქროთ, როგორც ამას ჟერარ ულიეს და რაფა ბენიტესის დროს ვაკეთებდით. დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდით სტაბილურად, მერე რატომღაც უცბად დავთმეთ პოზიციები ჩემპიონატში,"
- აცხადებს კარა.

აქვე გეტყვით, რომ "წითლებმა" ხელშეკრულებების გახანგრძლივება შესთავაზეს დაცვის ლიდერებს, მარტინ შკრტელსა და დანიელ აგერს.

კლუბის ხელმძღვანელობა საკითხის უახლოეს მომავალში გადაწყვეტას ფიქრობს. "ლივერპულ ეხოს" ცნობით, საკითხი უკვე დგას დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, ვინ ჩაიბარებს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს.

ფეხბურთელებს ხელშეკრულებები 2014 წლის ივნისში ეწურებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული