ერთ-ერთი ასეთი ტირადის შემდეგ "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა იტალიელს მოუწოდა, ყურადღებით გადაეხედა მისი გუნდის განაცხადისთვის და საკადრო პრობლემებზე მხოლოდ ამის მერე ეწუწუნა.
მანჩინის რომ ახალი ფეხბურთელების შეძენა უნდა, ეს ერთია, მაგრამ მას "სიტის" ბოსობაც ეთანხმება და მზადაა, ამ მიზნით თანხები გამოჰყოს.
"სიტის" მესაკუთრემ, შეიხმა მანსურმა, როგორც ჩანს, ნამეტანი გემო ჩაატანა პრემიერლიგის მოგებას
რობერტო მანჩინი ამ ეტაპზე გაურბის კონკრეტულ გვარებზე ლაპარაკს. შესაბამისად, ბრიტანულ პრესას ისღა დარჩენია, რომ მკითხველი მხოლოდ სავარაუდო შენაძენებზე ლაპარაკით "კვებოს".
მაგალითად, დაიწერა, რომ "ქალაქელებს" "ლილიდან" ედენ აზარის, "მილანიდან" ზლატან იბრაჰიმოვიჩის, "ბილბაოდან" კი ფერნანდო ლორენტეს შეძენა სურს.
ბევრი იწერებოდა ასევე სერხიო აგეუეროსა და გონსალო იგუაინის შესაძლო გაცვლაზეც, მაგრამ არ გვგონია, მანჩინი ამას დათანხმდეს, რადგან კლასიკური ცენტრფორვარდები მას ისედაც ჰყავს, აგუეროს კი იგუაინი, თავისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ვერ შეცვლის.
"სატრანსფერო ბაზარზე მუშაობის დრო ჯერ კიდევ მოვა. აუცილებელია, გუნდი სათანადოდ გავაძლიეროთ, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებას არ ვიჩქარებთ," - აცხადებს მანჩინი.
გუშინდელმა "გაძეტა დელო სპორტმა" მკითხველს აუწყა, რომ "ინტერი" ინგლისის ჩემპიონებს მაიკონის ნაიჯელ დე იონგში გაცვლას სთავაზობს და რაკი ბრაზილიელი უკვე ასაკშია, მზადაა, ამისთვის ფულადი კომპენსაციაც გაიღოს.
აქვე გეტყვით, რომ ფრანგი ჟურნალისტები მაიკონის შეძენას, თავის მხრივ, "პარი სენ-ჟერმენს" უწინასწარმეტყველებენ.
იქამდე, ვიდრე ადამ ჯონსონი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდოდა, ის ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ უმთავრეს იმედად მიიჩნეოდა, მაგრამ 24 წლის მარჯვენა ნახევარმცველს "ქალაქელთა" რიგებში თამაშის საშუალება მხოლოდ შეცვლებზე უწევდა.
მართალია, ყურს ხვდება, რომ ჯონსონმა სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირზე ერთად 38 თამაში გამართა, მაგრამ აქედან სასტარტოში ის სულ 16-ჯერ იყო და საფინალო სასტვენამდე მოედანზე მხოლოდ 6-ჯერ დარჩა.
შედეგი ლოგიკური მივიღეთ: როი ჰოჯსონმა ნახევარმცველი ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანთა სიაში არ შეიყვანა.
ჯონსონი საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა. მისი აგენტი შეეცდება, "სიტის" ხელმძღვანელობა კლიენტის "ევერტონში" ან "სანდერლენდში" ერთწლიან იჯარაზე დაითანხმოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"