ლეიტონ ბეინსი "მანჩესტერ იუნაიტედში"

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედში" სეზონის დასრულებისთანავე გამოაცხადეს, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ შემადგენლობის გასაძლიერებლად იმდენი ფულის დახარჯვას, რამდენსაც "მანჩესტერ სიტი" აპირებდა, მაგრამ "ეშმაკების" უპირატესობა თანაქალაქელებთან შედარებით ერთი შეხედვით პარადოქსულია.

"სიტიში" კადრების ისეთი სიმჭიდროვეა, რომ მაღალი ხელფასის პერსპექტივის მიუხედავად, ფეხბურთელები გაურბიან "ეტიჰადზე" კარიერის გაგრძელებას.

ამის მაგალითია ედენ აზარიც, ვისაც "იუნაიტედი" ბევრად ნაკლებ ხელფასს ჰპირდება, მაგრამ ბელგიელის სიმპათია სწორედ მისკენ იხრება.

"მირორის" ცნობით, "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი დევიდ გილი უკვე დაუკავშირდა "ევერტონს" და 27 წლის მარცხენა მცველ ლეიტონ ბეინსში 12 მილიონი გირვანქა შესთავაზა.

"ლურჯების" პრეზიდენტი ბილ
კენრაიტი აღფრთოვანებული სულაც არ არის წამყვანი ფეხბურთელის დაკარგვის პერსპექტივით, მაგრამ რაკი "ოლდ ტრეფორდზე" წასვლა თავად ფეხბურთელსაც სურს, მზადაა, მას 15 მილიონად შეელიოს.

სერ ალექს ფერგიუსონს დაცვის მარცხენა ფლანგზე პატრის ევრაც ჰყავს, მაგრამ ფრანგი უკვე 32 წლისაა და მთელი სეზონის სტაბილურად მაღალ დონეზე ჩატარება გაუჭირდება.

გარდა ბეინსისა, "იუნაიტედს" "რაიო ვალეკანოდან" ცენტრალური ნახევარმცველის, 26 წლის მიჩუს, ანუ მიგელ პერეს კესტას გადაბირება სურს. ფეხბურთელი წლევანდელი ლა ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ნახევარმცველია, მან 15 გოლი გაიტანა და ამას გარდა, 4 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. მისი სატრანსფერო ღირებულება კი კონტრაქტით არის გათვალისწინებული - 8 მილიონი ფუნტი (9,94 მილიონი ევრო).

მომსვლელთა გარდა, "იუნაიტედიდან" შესაძლო წამსვლელებზეც უნდა ვთქვათ. მართალია, ჟი სუნ პარკს კარიერის დასრულება "იუნაიტედში" სურს, მაგრამ "ეშმაკებიდან" მისი აბარგება მაინც დგას დღის წესრიგში, მით უფრო, რომ სამხრეთკორეელს კონტრაქტში ერთი წელიწადიღა დარჩა.

თურქული გამოცემა "ფოტომაკი" ამტკიცებს, რომ ქვეყნის ჩემპიონი "გალათასარაი" მზადაა, ინგლისურ კლუბს 3,5 მილიონი ევრო გადაუხადოს, თავად ფეხბურთელს კი წლიური 2,7 მილიონი შესთავაზოს.

"ოფიციალური შემოთავაზება თურქებისგან არ ყოფილა. ვითვალისწინებ, რომ "მანჩესტერში" დასარჩენად მხოლოდ ჩემი სურვილი არ კმარა," - აცხადებს ჟი სუნ პარკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული