ცვლილებების მიჯნა "ენფილდზე"

AutoSharing Option
"ლივერპულმა" კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ლუის ვან გაალის კლუბის სპორტულ დირექტორად დასანიშნად.

60 წლის ჰოლანდიელი ამჟამად უმუშევარია და მართალია, სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება ურჩევნია, მაგრამ "ლივერპულის" წინადადება და ინგლისში მუშაობის პერსპექტივა მისთვის იმდენად მომხიბლავია, რომ მზადაა, ამ განზრახვაზე უარი თქვას.

აღნიშნული განცხადება მან პორტუგალიაში მერსისაიდელთა მმართველ დირექტორ იან ეირთან შეხვედრის დროს გააკეთა. კლუბის მესაკუთრეები ჯონ ჰენრი და ტომ ვერნერი იმასაც ითვალისწინებენ, რომ ვან გაალი ძალიან თავისებურია და მასთან თანამშრომლობა ყველა მწვრთნელისთვის არ იქნება კომფორტული, იქნება ეს ფაბიო კაპელო, რობერტო მარტინესი თუ ბრენდან
როჯერსი.

ვან გაალის სპეციფიკური ხასიათი იმაში გამოიხატება, რომ ხშირად ის საერთოდ არ უწევს ანგარიშს თანამშრომელთა აზრს და მეტიც, თუკი მათთან კამათს იწყებს, ხშირად ეს კონფლიქტამდეც კი მიდის.

ზუსტად ეს იყო 2004 წელს "აიაქსის" სპორტული დირექტორის პოსტიდან მისი გადადგომის მიზეზი. მაშინ მან რონალდ კუმანთან ვერ გამონახა საერთო ენა.

ვან გაალის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია, რომ, ასე ვთქვათ, ახალ ადგილზე დანიშვნის შემდეგ თან დაჰყავს ის ხალხი, ვისთან ერთად მუშაობასაც არის მიჩვეული. მაგალითად, უკვე ცნობილია, რომ ის "ენფილდზე" "ბაიერნში" ყოფილი ასისტენტის, ანდრეას იონკერის მიყვანას გეგმავს.

სპორტულის გარდა, გუნდს ტექნიკური დირექტორიც დასანიშნი ჰყავს. მერსისაიდული კლუბის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ პოსტზე მთავარ პრეტენდენტად "ლივერპულის" აკადემიის მენეჯერი პეპ სეგურა განიხილება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული