სკანდალი: წითელი კარლოს ტევესსაც ეკუთვნოდა

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა პრემიერლიგის 38-ე ტურის "მანჩესტერ სიტი"-"ქუინზ პარკის" შეხვედრის ვიდეოჩანაწერი დაწვრილებით შეისწავლა და დაასკვნა, რომ ჯოი ბარტონის უხეშობა კარლოს ტევესის წინააღმდეგ არგენტინელის პროვოცირებული გახლდათ.

ორგანიზაციამ აღიარა, რომ მსაჯმა მაიკ დინმა ამ შემთხვევაში სერიოზული შეცდომა დაუშვა. დასკვნას დაეთანხმა თავად მსაჯიც.

ასოციაციის განცხადებას "ტაიმსი" აქვეყნებს: "კომიტეტმა მაიკ დინს ტევესის ეპიზოდთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვა.

დადგინდა, რომ არც მთავარ და არც გვერდითა მსაჯებს არგენტინელის მხრიდან წესის დარღვევა არ შეუნიშნავთ, რაზეც მათ ბარტონი თავად მიუთითებდა. ვიდეოზე კარგად ისმის, როგორ უხსნის ფეხბურთელი არბიტრს,
თუ რა მოხდა ამ ეპიზოდში.

კომიტეტი ითვალისწინებს, რომ ბარტონი გაბრაზებული გახლდათ ტევესის საქციელის გამო და დინმაც დაადასტურა, რომ ფეხბურთელის მიერ წარმოდგენილ ვიდეოზე დანახული რეალობა თავის დროზე რომ შეემჩნია, ტევესს წითელ ბარათს უჩვენებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ ეს არ შეიძლება იქცეს ბარტონის შემდგომი მოქმედებების გამართლებად".

"შემდგომ მოქმედებებში" ის იგულისხმება, რომ ტევესის მერე "ქუინზ პარკის" ფეხბურთელმა ჯერ სერხიო აგუეროს ჩაარტყა ფეხი, მერე კი ვენსან კომპანისა და მარიო ბალოტელისთან საჩხუბრად იწევდა.

ინგლისური ფეხბურთის მამებმა ბარტონი 12 თამაშით მოკვეთეს ფეხბურთიდან, კლუბი კი მისი შემადგენლობიდან გაშვების გზებს ეძებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული