კოული მშობლიურ ქალაქში ოლიმპიადას სულმოუთქმელად ელოდება, მაგრამ მეორე მხრივ დამწუხრებულია, რადგან ის მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
- ეშლი, რას ფიქრობთ ოლიმპიადის საფეხბურთო მხარეზე?
- ცოტა აღელვებული ვარ. ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში დავიბადე. ხშირად მითამაშია "ჰენკი მარშესზე" და როცა ვიცი, რომ აქ ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს და მე მასში არ მივიღებ მონაწილეობას, ეს გულს მიკლავს.
თუმცა იმედი მაქვს, რომ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე დიდხანს ვიქნები დაკავებული, შემდეგ კი საფეხბურთო ტურნირს
- ოლიმპიადებიდან ყველაზე ხშირად რომელი მომენტი გახსენდებათ?
- მახსოვს მაიკლ ჯონსონი ოქროსფერი სპორტული ფეხსაცმელებით 1996 წლის ოლიმპიადაზე, სადაც, მგონი, მან ყველანაირი რეკორდი დაამყარა. მე არ ვარ მძლეოსნობის დიდი გულშემატკივარი, მაგრამ ამის ყურება ნამდვილად სასიამოვნო იყო. შემდეგ უსაინ ბოლტი გამოჩნდა და ისევ გამიჩნდა ინტერესი, რადგან იამაიკელი საუკეთესოა თავის სახეობაში. ის დაუჯერებლად იოლად ამარცხებს ყველას.
- რომელიმე ბრიტანელის გულშემატკივრობას თუ აპირებთ თამაშებზე?
- როგორც ვთქვი, მძლეოსნობის დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ ჯესიკა ენისი ჩვენი იმედი და სიამაყეა. ის, როგორც წესი, ყველგან კარგად გამოდის ხოლმე და იმედია, ოქროს მედალს ახლაც შესწვდება.
ოლიმპიადა აღმოსავლეთი ლონდონისთვის მშვენიერი შანსი იყო. ყველანი აღფრთოვანებულები არიან, რადგან ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა და ადამიანებს საქმე გაუჩნდათ. იქ, სადაც გავიზარდე, ახლა ყველაფერი შეცვლილია.
მგონი, ჩემი ძველი სახლი ერთადერთია, რომელიც არ დაუნგრევიათ და თავიდან არ აუშენებიათ. ჩემს უბანში ბევრი ახალი ლამაზი ადგილი გაჩნდა.
- ნახეთ ოლიმპიური სტადიონი?
- შიგნით ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ გარედან ძალიან შთამბეჭდავია. მანქანით ხშირად მიწევს სტადიონთან ახლოს ჩავლა. მის გვერდით გაკეთებული ლამაზი პარკიც მომწონს.
- ოლიმპიადაზე მონაწილეობა რომ შემოგთავაზონ, რომელ სახეობას აირჩევდით?
- გარბენს 1500 მეტრზე, რადგან ჩემს თავს სპრინტერად არ მივიჩნევ და ვიცი, რომ იქ შანსი არ მექნებოდა. შედარებით გრძელ დისტანციაზე კიდევ ჰო.
- ჩელსელებიდან ვის დააყენებდით 4X100 ესტაფეტაზე?
- დავაყენებდი სტარიჯს, რამირესს, შეიძლება ჩემს თავსაც, კიდევ კალუს, ბოსინგვას, ბერტრანდს. ლუკაკუზეც გავიფიქრე, მაგრამ... არა, სირბილი ჩემი სპორტი ვერ იქნებოდა. 400 მეტრზე თუ ვირბენდი, ნამდვილად არ დავიღლებოდი, მაგრამ ამ დისტანციაზეც ლემპარდს დავაყენებდი, მას არაჩვეულებრივი გამძლეობა აქვს.
- თუ არის ისეთი სახეობები, რომელთაც თქვენ სიამოვნებით იხილავდით ოლიმპიადების პროგრამაში?
- იცით, რისი ნახვა მინდა? დარტსის, მაგრამ სხვა წესებით - სამ ცდაში ვინც უფრო მეტ ქულას აიღებდა, გამარჯვებულიც ის იქნებოდა. ასე რომ, თუკი შენს თამაშს ვერ დაიჭერდი... ეს სუფთა თამაში იქნებოდა გავარდნაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"